Accessibility links

logo-print

კონგოში მომხდარ ავიაკატასტროფას ქართული ეკიპაჟი ემსხვერპლა


კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფა

კონგოში მომხდარი ავიაკატასტროფა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში 4 აპრილს მომხდარ ავიაკატასტროფას თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 33 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გადაურჩა. დაღუპულია ეკიპაჟის ოთხივე წევრი - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქართული ავიაკომპანიის "აირზენა–საქართველოს ავიახაზების“ კუთვნილ თვითმფრინავს მართავდნენ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, „აირზენას“ კუთვნილი CRJ -100 ტიპის თვითმფრინავი კონგოში გაეროს მისიას ემსახურებოდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის ძირითად მიზეზად უამინდობა სახელდება.
თვითმფრინავი მოხვდა ტროპიკულ წვიმასა და ქარიშხალში, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ტრაგედია ...

ავიაკომპანია "აირზენა–საქართველოს ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა კინშასის აეროპორტში დაშვებისას, თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე განიცადა.

საქაერონავიგაციის უფროსისა და საქართველოს ეკონომიკური განთვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი კარბელაშვილის თქმით, კატასტროფის სავარაუდო მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია:

„თვითმფრინავი მოხვდა ტროპიკულ წვიმასა და ქარიშხალში, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ტრაგედია. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ჩართულია საგამოძიებო საქმიანობაში (მოკვლევის ჯგუფი გუშინ საღამოს შეიქმნა), რომელშიც მონაწილეობას იღებენ ასევე გაეროს წარმომადგენლები.“

გამოძიების დასრულებას ელოდებიან თვითმფრინავის მფლობელ კომპანიაშიც, თუმცა „აირზენა - საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის თქმით, დიდი ალბათობით გამოსარიცხია თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა:
პირველში აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე მითხრა, რომ სთხოვეს, შემცვლელები არ არიან და ძალიან გთხოვთ, დარჩი კიდევ ერთი თვეო ...

„ამ თვითმფრინავმა შემოწმება გაიარა 2010 წლის 22 დეკემბერს და ის იყო აბსოლუტურად გამართულ მდგომარეობაში. წინასწარი მონაცემებით, უბედურების მიზეზი უამინდობაა. შედეგად, დაიღუპა 29 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხივე წევრი.“

დაღუპულთა შორის ოცი გაეროს თანამშრომელია, ეკიპაჟის წევრები კი საქართველოს მოქალაქეები არიან. ხომალდის მეთაური ალექსი ოგანესიანი, მეორე პილოტი სულიკო ცუცქირიძე, ტექნიკოსი ალბერტ მანუკოვი და ბორტგამცილებელი გურამ კეპულაძე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამთვიანი სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდნენ, თუმცა, როგორც ალბერტ მანუკოვისა და ალექსი ოგანესიანის ოჯახის წევრებმა ქართულ ტელეკომპანიებს განუცხადეს, „აირზენამ“ ეკიპაჟი აიძულა აფრიკაში კონტრაქტით გათვალისწინებულზე მეტი ხნით დარჩენილიყო:

„პირველში აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე მითხრა, რომ სთხოვეს, შემცვლელები არ არიან და ძალიან გთხოვთ, დარჩი კიდევ ერთი თვეო.“

„ეუბნებოდნენ,თუ არ დარჩები, მაშინ სამსახურს დაკარგავო.“

თუმცა ბრალდებას უარყოფენ „აირზენაში“. ნინო გიორგობიანის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები აფრიკაში ჩვეულებრივი სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებიან და, შესაბამისად, როტაციის წესით იცვლებიან.

ირკვევა, რომ „აირზენას“ აფრიკაში ბაზა და მუდმივი წარმომადგენლობა აქვს. კომპანია მესამე წელია კონტრაქტის შესაბამისად თანამშრომლობს გაეროს წარმომადგენლობასთან. ამასთან, არც „აირზენას“ წარმომადგენლებს და არც დამოუკიდებელ ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ ეკიპაჟის წევრთა კვალიფიკაციაში. ყოფილი მფრინავის თეიმურაზ ურუშაძის თქმით, კონგოში ფრენა, აეროპორტებში სანავიგაციო სისტემების გაუმართაობისა და კლიმატური პირობების გამო, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული:

„მაგარი ტროპიკული წვიმა რომ არის, საერთოდ ხურავს მხედველობას. შეიძლება ისე მოხდა, რომ შეხების დროს (სამი-ხუთი მეტრის სიმაღლეზე) ასეთი მდგომარეობა შეიქმნა. გადაწყვეტილებას დაჯდომის შესახებ იღებს ხომალდის მეთაური. არ ვიცი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. შეიძლება საწვავის მარაგი უთავდებოდა, შეიძლება სხვა აეროდრომზეც რთული ამინდი იყო... სანამ კომისია არ დაადგენს, ძნელია ზუსტად რამის თქმა.“

სპეციალისტების შეფასებით, საბოლოო დასკვნა ეგრეთ წოდებული „შავი ყუთის“ გახსნის შემდეგ გაკეთდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი ყუთი უკვე გადაეცა კონგოს საავიაციო სამსახურს, რომელიც გაეროსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებთან ერთად სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფშია გაერთიანებული.
XS
SM
MD
LG