Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რვიანის“ ინიციატივაზე ხელისუფლება არ თანხმდება


„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ახალი ინიციატივა წარმოადგინეს
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ახალი ინიციატივა წარმოადგინეს
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ახალი ინიციატივა წარმოადგინეს „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში. „რვიანის“ ახალ ინიციატივას სახელისუფლებო პარტია ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩიხში შესული მოლაპარაკებების პროცესი უნდა განემუხტა - ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო „რვიანის“ განწყობა. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას, ის 2 შეთავაზებას მოიცავს - ამომრჩეველთა სიების ფორმირებას და საარჩევნო სისტემის განხილვას.
ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგეს და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ...

ოპოზიციურ "რვიანში" შემავალმა პარტიებმა ხელისუფლებას შესათანხმებლად საარჩევნო სისტემის ორი მოდელი შესთავაზეს, რაც, ოპოზიციური „რვიანის“ განცხადებით, პროპორციის დაცვას გულისხმობს, ანუ არჩევნებში მონაწილე თითოეულმა პარტიამ პარლამენტში იმდენი დეპუტატი უნდა შეიყვანოს, ხმათა რა პროცენტიც მიიღო არჩევნებისას.

პირველი რიგის ამოცანად ოპოზიციური „რვიანი“ ამომრჩეველთა სიის საკითხს ასახელებს, წინადადება კი ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა წაიკითხა:

”ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგეს და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე.”

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ხელისუფლებას „რვიანი“ ასარჩევად ორ მოდელს სთავაზობს. პირველი:

”პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით.”

ანუ მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატმა ხმათა 50 %-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, დღეს არსებული 30%-ის ნაცვლად.

და მეორე ვარიანტი, რომელიც ისევ ირაკლი ჩიქოვანმა წაიკითხა:

” პარლამენტის 2/3 აირჩევა პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით, ხოლო 1/3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, 50%-იანი ბარიერით.”

ანუ განსხვავება პირველსა და მეორე ვარიანტს შორის იმაში მდგომარეობს, რომ პირველ შემთხვევაში პარლამენტის ნახევარი ირჩევა მაჟორიტარული წესით, ნახევარი კი - პროპორციულით, მეორე ვარიანტის მიხედვით კი, 1/3 -მაჟორიტარულით და 2/3 - პროპორციულით.

მთავარი განსხვავება კი დღეს არსებულ საარჩევნო სისტემასა და „რვიანის“ მიერ შეთავაზებულ სისტემას შორის შემდგომში მდგომარეობს: პარლამენტში დღეს 150 დეპუტატიდან 75 მაჟორიტარული წესით აირჩევა, დანარჩენი 75 ადგილი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ დაგროვილი ხმების მიხედვით ნაწილდება. შესაბამისად, ნებისმიერი პარტია პარლამენტში ამ ორი წესის მიხედვით მიღებული ხმების ჯამით შედის.

ოპოზიციური „რვიანი“ კი ითხოვს, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების ან ბლოკების მიერ მიღებული მანდატების (ანუ დეპუტატების) რაოდენობა განისაზღვროს პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით. აქედან გამომდინარე, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ყველა კანდიდატი მიიღებს მანდატს. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, განმარტავს ამ შეთავაზების არსს:
ასეთი ინიციატივის გახმოვანებით და ამ წინადადების წარმოდგენით მათმა ავტორებმა პრაქტიკულად მოჭრეს ყველანაირი გზა კონსტრუქციული დიალოგისთვის ...

”აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფილია 75 ოლქიდან ერთმანდატიან მაჟორიტართა არჩევა, რაც უნდოდა ხელისუფლებას, და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილია ის, რომ რამდენმა პროცენტმაც დამიჭირა მხარი, მანდატების იმდენი პროცენტი მივიღე პარლამენტში.”

ამ ვარიანტიდან გამომდინარე, უპირატესობა მაჟორიტარული წესით არჩეულ კანდიდატებს მიენიჭებათ, ანუ, პირველ რიგში, ისინი შეავსებენ პროპორციული წესით მიღებული პროცენტების წილს.

ამ ფორმულის მიხედვით, პარლამენტში უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში არ უნდა მოხვდეს, მიიჩნევენ „რვიანის“ წევრები. აქედან გამომდინარე, „რვიანში“ შემავალი რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე კითხვაზე, მაშინ რატომ უნდა დათანხმდეს ნაციონალური მოძრაობა ამ შეთავაზებას, რადიო თავისუფლებას პასუხობს:

”იმიტომ უნდა დათანხმდეს, რომ ის წესი, რაც დღეს არის, არის უსამართლო და არღვევს არჩევნების ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, ამომრჩეველთა ნების გამოხატვის უზრუნველყოფას, ანუ პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის შექმნის შესაძლებლობას.”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა კი ოპოზიციური „რვიანის“ ამ ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ წინადადებას ხელისუფლება ვერ დასთანხმდება. მეტიც, ასეთი შეთავაზებით კონსტრუქციული დიალოგის ყველა რესურსი ამოიწურა:

”ასეთი ინიციატივის გახმოვანებით და ამ წინადადების წარმოდგენით მათმა ავტორებმა პრაქტიკულად მოჭრეს ყველანაირი გზა კონსტრუქციული დიალოგისთვის. ცდილობენ რაღაცნაირად გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდიდან. როდესაც ასეთი აბსურდული წინადადებით შემოდიხარ, რომ არჩევნები არაფრად არ ვარგა და არჩევნების პრინციპს შეეწინააღმდეგები და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს თბილისის ოფისებში, ამით, ბუნებრივია, გესმის, რომ მეორე მხარე, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ვერ დავთანხმდებით და არც არავინ დათანხმდებოდა და ბოლომდე იმისაც არ მჯერა, რომ თვითონ იყვნენ დარწმუნებული ამ სისტემის სისწორეში”, -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„რვიანში“ შემავალი პარტიის წევრები, ჯერ კიდევ მანამ, სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია გაირკვევა, ამბობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდა, ისინი საზოგადოებასთან მუშაობას გააგრძელებენ, პირველ რიგში კი, რეგიონებში გასვლას დაიწყებენ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG