Accessibility links

logo-print
აქტუალურ თემად იქცა რუსული ბეჭდური მედიისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს პირველი აპრილის გადაწყვეტილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის. გამოცემა ”გაზეტა” სტატიას უძღვნის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და წერს, რომ სასამართლომ უარი თქვა განეხილა ბრალდებები, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოში ეთნიკურ წმენდას უკავშირდება. პუბლიკაციის ავტორი, ეყრდნობა რა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ არ შეასრულა ის აუცილებელი პროცედურები, რომლითაც მას ჰააგის სასამართლოსათვის უნდა მიემართა. ჟურნალისტი აღწერს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის დეტალებს და წერს, რომ საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ის მიუთითებს რუსული მხარის ერთ-ერთ პროტესტზეც, რომელიც საქართველოს სარჩელს მოჰყვა, - რუსული მხარის მტკიცებით, საქართველომ არ დააკმაყოფილა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის 22-ე მუხლი, რომელიც დავის გადაწყვეტის პროცესში მოლაპარაკებებს გულისხმობსო, - წერს ”გაზეტას” ჟურნალისტი.

”გაერო რუსეთს არ განსჯის”, იტყობინება გაზეთი ”ვედომოსტი”. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტი აცხადებს, მოსკოვი კმაყოფილია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით. პუბლიკაციის ავტორს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის სიტყვები მოჰყავს: ”ჰააგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ის თვლის, მოლაპარაკებების რესურსი რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ არ ამოწურულა... საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსული მხარე კონფლიქტის უშუალო მონაწილეა და არა მესამე მხარე, რის მტკიცებასაც მოსკოვი წლების განმავლობაში ცდილობდა”.

საადვოკატო ბიუროს წარმომადგენლის ევგენი რაშევსკის თქმით კი, ახალი პროცესის ინიცირებისათვის საქართველოს მოუწევს მიმართოს წინასასამართლო პროცედურებს: საქართველომ ან რუსეთთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები, ან მიმართოს რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე კომიტეტს გაეროში. თუმცა ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა, აღნიშნავს ადვოკატი.

კიდევ ერთი თემა საქართველოდან, რომელიც რუსული ბეჭდური მედიის ინტერესის სფეროში მოექცა, საქართველოში დაკავებული ისრაელის მოქალაქეების, ორი ბიზნესმენის სასამართლო პროცესი და განაჩენია. ”საქართველო და ისრაელი კორუფციამ წააჩხუბაო”, - წერს ”კომერსანტი”. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენებს 6 და 7 წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ, შესაძლოა საქართველო და ისრაელი ერთმანეთზე გაანაწყენოსო, წერს პუბლიკაციის ავტორი და მაგალითად მოჰყავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ისრაელში დაგეგმილი ვიზიტები, რომელიც, მისი თქმით, ოფიციალური თელ-ავისის ინიციატივით გადაიდო. როგორც ავტორი სტატიაში მიუთითებს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ულტიმატუმის წერილით მიმართა თავის ქართველ კოლეგას, რომ თუკი სასამართლო ბიზნესმენებს არ გაათავისუფლებს, საქართველო რისკავს დაკარგოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინვესტიციები. ”კომერსანტის” ჟურნალისტი სტატიას ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით: ”ვერანაირი ზეწოლა ვერ აიძულებს საქართველოს შეარბილოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ”.
XS
SM
MD
LG