Accessibility links

გუშინ დაკავებული 10 პირი დამნაშავედ ცნო საქალაქო სასამართლომ


თბილისში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან პოლიციის მიერ დაკავებული 10 პირიდან ოთხს საქალაქო სასამართლომ 20-დან 25 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ექვსი კი, 400-400 ლარით დააჯარიმა. პატიმართა წამებისადმი პროტესტის ნიშნად, ორშაბათს გამართული აქციის მონაწილეთა დაკავების გამო, საქართველოს შსს-მ ოფიციალური განცხადება დღეს გამოაქვეყნა. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეები, რომელთა მიერ ქუჩის გადაკეტვამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, არ დაემორჩილნენ სამართალდამცავთა კანონიერ მოთხოვნას გზის გათავისუფლების შესახებ და კვერცხები დაუშინეს უზენაესი სასამართლოს შენობას. თავის მხრივ, აქციის ორგანიზატორი ”წინააღმდეგობის მოძრაობა” ირწმუნება, რომ საპატრულო პოლიციამ მშვიდობიანი მანიფესტანტები ალყაში აქციის დასრულების შემდეგ მოაქცია და მონაწილეთა მიზანმიმართულად დაპატიმრება დაიწყო. დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია და წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელი შოთა გლურჯიძე. ისინი კიდევ ოთხ პირთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 400-400 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული პატრიმრობა შეეფარდა დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ორ წევრს და ქართული პარტიის და სამართლიანი საქართველოს ორ აქტივისტს. ერთ-ერთი განსასჯელის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ მოსამართლემ უარი თქვა წარდგენილი ვიდეომასალის გამოკვლევაზე, მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას დაეყრდნო და დაკავებულები დამნაშავედ ცნო წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობაში.
XS
SM
MD
LG