Accessibility links

logo-print

ავიაკატასტროფის მიზეზთა გამოძიებაში ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვებიან


კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გრძელდება გასულ საღამოს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზთა გამოძიება, რომელშიც ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ავიაკომპანია ”აირზენას” კუთვნილმა, CRJ 100-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც გაეროს მისიას ემსახურებოდა, კატასტროფა კინშასის აეროპორტში დაშვებისას განიცადა. დაიღუპა საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებიც ეკიპაჟის წევრები იყვნენ და გაეროს და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის 28 თანამშრომელი. დღეს გაეროს წარმომადგენელმა ფარხან ხაკმა დაადასტურა, რომ კატასტროფას 1 ადამიანი გადაურჩა. საქართველოს აერონავიგაციის ხელმძღვანელის გიორგი კარბელაშვილის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული ”აირზენას” თვითმფრინავი ტექნიკურად სრულად შემოწმებული იყო და ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა. წინასწარი შეფასებით, კონგოს დედაქალაქში მომხდარი ავიაკატასტროფა ტროპიკულმა წვიმამ და ქარიშხალმა გამოიწვია. ”აირზენას” ცნობით, მისი წარმომადგენლები კონგოში მიემგზავრებიან, რათა სამშობლოში გადაასვენონ საქართველოს დაღუპული მოქალაქეები, რომელთა დაკრძალვის ხარჯებს ავიაკომპანია დაფარავს.
XS
SM
MD
LG