Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანოვი: „გადატვირთვის“ პოლიტიკაში შემდეგი ნაბიჯი ეკონომიკა უნდა იყოს


სერგეი ივანოვი, რუსეთის ვიცე-პრემიერი
სერგეი ივანოვი, რუსეთის ვიცე-პრემიერი
რუსეთის ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის, აზრით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის „გადატვირთვის“ პოლიტიკის წარმოებაში შემდეგი ნაბიჯი ეკონომიკური კავშირების გამყარება უნდა იყოს. ივანოვი ამ განცხადებით ორშაბათს გამოვიდა ნიუ-იორკში განთავსებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წინაშე.

აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირები უნდა გამყარდეს იმისათვის, რომ ორმა ქვეყანამ თავიანთი ურთიერთობა „შეადუღაბოს“.

ასეთია რუსეთის ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის, აზრი. ივანოვი ორშაბათს ნიუ-იორკში განთავსებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წარმომადგენლების წინაშე გამოვიდა სიტყვით.

გამოსვლის დასრულების შემდეგ მას ჰკითხეს, რა უნდა იყოს შემდეგი დიდი ნაბიჯი აშშ-სა და რუსეთს შორის „გადატვირთვის“ პოლიტიკაში, რომელიც, როგორც იცით, 2009 წელს, ბარაკ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, დაიწყო. ივანოვის პასუხი ასეთი იყო: „ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს არ იქნება უსაფრთხოება. საქმე ეხება ეკონომიკას, მაღალტექნოლოგიურ განვითარებას, ინვესტიციებს.“
თავის გამოსვლაში ივანოვმა თქვა, ორი ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური კავშირები სრულ პოტენციალს ბევრად ჩამორჩებაო.

მისი თქმით, 2010 წელს რუსეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ მხოლოდ 23.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ივანოვის განცხადებით, რუსეთში ფინეთი და შვედეთი უფრო მეტ ინვესტიციას დებენ, ვიდრე აშშ.

თუმცა ივანოვმა პოზიტიურ მხარეზეც ისაუბრა - განაცხადა, სულ უფრო მეტი ამერიკული კომპანია - მაგალითად, „გუგლი“ და „მაიკროსოფტი“ - იღებს მონაწილეობას მოსკოვის გარეთ, სკოლკოვოს მაღალტექნოლოგიური ცენტრის განვითარებაშიო. რუსეთის ვიცე-პრემიერმა დასძინა, იმედი გვაქვს ისეთ სფეროებშიც გავაღრმავებთ თანამშრომლობას, როგორიცაა კოსმოსი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო ტექნოლოგიები და ბირთვული ენერგეტიკაო.

ძირითადად ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისგან შემდგარ აუდიტორიას განსაკუთრებით აინტერესებდა ის, თუ რა გარანტიების მიცემა შეუძლია რუსეთის მთავრობას პოტენციური ინვესტორებისთვის და რა იძლევა იმის იმედს, რომ კორუფციასთან ბრძოლა, წინამორბედი მცდელობების მსგავსად, არ ჩაკვდება.

დამოუკიდებელი ანალიტიკოსების უმრავლესობა კორუფციას რუსეთში ენდემურ პრობლემად მიიჩნევს, თუმცა ივანოვმა თავის გამოსვლაში ეს პრობლემა მაინცდამაინც მწვავედ არ დასახა: „რუსეთში კორუფცია არსებობს, ხანდახან კანონის უზენაესობაც ირღვევა, თუმცა არა ისე, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ხდებოდა. ამაში დარწმუნებული ვარ.“

ივანოვის განცხადებით, რუსეთში კორუფციისთვის დაწესებული სასჯელი გამკაცრებულია და კორუფციაში ბრალდებით მაღალჩინოსნებსაც კი აპატიმრებენ.

ივანოვს 2012 წლის არჩევნების პროგნოზირებაც სთხოვეს, მაგრამ ვიცე-პრემიერმა აზრის გამოთქმისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ის საკმაოდ ხშირად ხვდება როგორც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, ისე პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, მაგრამ 2012 წლის არჩევნები ის საკითხია, რომელსაც ისინი არასოდეს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG