Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოაფრიკელი ლტოლვილების ტალღა და ევროპის „გასაჭირი“


ლიბიელი ლტოლვილები იტალიაში
ლიბიელი ლტოლვილები იტალიაში
ევროპის კავშირის ქვეყნები სახალხო ამბოხებას ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მხარს უჭერენ სიტყვით და, ნაწილობრივ, საქმითაც, მაგრამ როცა ალმოდებული ქვეყნებიდან ლტოლვილთა დიდი მასა დაიძრა, ევროპის გაერთიანების წევრებს შორის განგაში ატყდა - მათ თავსატეხი გაუჩნდათ, როგორ შეაჩერონ ეს ტალღა.
ევროპის ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება, როგორ მოერიონ პრობლემას, რა მოუხერხონ ლტოლვილთა უზარმაზარ მასას, რომელიც განსაკუთრებით გაიზარდა მას მერე, რაც ლიბიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. მთავარი სამიზნე ჩრდილოეთ აფრიკიდან გამოქცეულებისა იტალია და მალტაა. გასულ კვირაში მალტის სანაპიროს 800- მდე დევნილი მიადგა.მათი უმეტესობა სომალელები, ერიტრიელები და ეთიოპელები არიან. ზოგიერთს ბრალად ედებოდა კადაფის მომხრეთა შეიარაღებულ რაზმებში ყოფნა, ზოგმა კი განაცხადა, რომ აიძულებდნენ მთავრობის მომხრეთა ძალებში გაწევრიანებას. ლიბიიდან ეს ახლად ჩამოსულები, იმ 22 ათას ჩრდილოაფრიკელ ლტოლვილთან ერთად, რომლებიც წელს იტალიის ნავსადგურ ლამპედუზაში გადასხდნენ, შესაძლებელ ჰუმანიტარულ კრიზისს მოასწავებენ. გაერო იუწყებოდა, რომ შაბათ-კვირას 400 ერიტრიელით და ეთიოპიელით სავსე ორი გემი დაიკარგა. ცნობილი ისაა, რომ გემები მარტის ბოლოს გავიდნენ ლიბიიდან. გაერო შიშობს, რომ მათ კატასტროფა განიცადეს. სამხრეთ ევროპის ქვეყნები, რომლებსაც უშუალოდ უწევთ მიიღონ დევნილები, ბრიუსელისგან სამხრეთი საზღვრების დაცვის გაძლიერებასა და ჩასული მასების სხვადასხვა ქვეყანაში განაწილებას მოითხოვენ. ამის თაობაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ დაიჩივლა. ჩვენს რადიოს კი ევროპის პარლამენტის მალტელმა წევრმა, სიმონ ბუსუტილმა, უთხრა: „მალტელები კითხულობენ, ჩვენ მარტო უნდა ვიკისროთ ეს ტვირთიო? ეს რთული შეკითხვაა. ევროპისგან რეაქცია არ ყოფილა. იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, ეს რეაქციაც იქნება და გახმიანდება როგორც სოლიდარობის მესიჯი.“

ევროპის კავშირის საზღვრის კონტროლის უწყებაა ვარშავაში დაფუძნებული ფრონტექსი. მან ბოლო ხანებში თავისი მოქმედების ზონა სამხრეთ ევროპაზე, ხმელთაშუა ზღვის არეალზე განავრცო. ოპერაცია, სახელწოდებით „ჰერმესი“, მან თებერვალში დაიწყო და იტალიაში - კერძოდ, ლამპედუზაში - ლიბიიდან ჩასულ ლტოლვილებს აკონტროლებდა. „ჰერმესი“ სექტემბრის ბოლომდე იმოქმედებს. ახლა ფრონტექსი მალტის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა კუნძულიც გაერთიანდეს პროგრამაში. ფრონტექსის მეორე ოპერაცია, სახელწოდებით „პოსეიდონის ზღვა“, თურქეთსა და საბერძნეთს შორის საზღვაო საზღვარს უწევს კონტროლს. აქ კვეთს ევროპის კავშირის საზღვარს აღმოსავლეთიდან მომავალი მასა ლტოლვილებისა. „პოსეიდონის ზღვა“ მალე დაფარავს კუნძულ კრეტასაც, რომელზეც დამატებით მოელიან ჩრდილოაფრიკელ მიგრანტებს. მალტა ევროპის კავშირს მიმართავს თხოვნით, შეიმუშაოს „დროებითი დახმარების მექანიზმი“, რომელიც ლიბიელ ლტოლვილებს საშუალებას მისცემდა თავშესაფარი უფრო სწრაფად მოეპოვებინათ და,თან, ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ევროკავშირს ამ თხოვნაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. მალტელ კანონმდებელ ბუსუტილს იმედი აქვს, რომ ბრიუსელი, თავისი საზღვრების დაცვის გარდა, სხვა მხრივაც გააქტიურდება:
„ფრონტექსის მიზანი ჩვენი გარე საზღვრების დაცვაა. ეს კარგი და მნიშვნელოვანი მისიაა, მაგრამ ფრონტექსი არ გულისხმობს თავის თავში სოლიდარობის მექანიზმს, რომელიც იმ ადამიანებს დაეხმარებოდა, საფრთხეს რომ გაურბიან.“
ჩრდილოაფრიკული ტალღა ახლა ევროკავშირის არაერთ წევრს აიძულებს თავისი სამიგრაციო პოლიტიკა შეცვალოს. მაგალითად, იტალიას, რომელიც მცირე რაოდენობის ლტოლვილებს იღებდა, კადაფის რეჟიმთან დადებული ჰქონდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შეეძლო ზღვაშივე დაეკავებინა გემები და მასზე მყოფი ლტოლვილები უკან, ლიბიაში, დაებრუნებინა, საქმის ვითარებაში გაურკვევლად. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ომამდე ლიბიაში, სავარაუდოდ, უკვე 500 ათასიდან ერთ-ნახევარ მილიონამდე ლტოლვილი იმყოფებოდა. მათ, ფრონტექსის აღმასრულებელი დირექტორის გილ არიასის თანახმად, უკვე დატოვეს ან მზად არიან დატოვონ ლიბია: „იქ უნდა იყოს დიდი რაოდენობა ლტოლვილებისა, რომლებიც შეეცდებიან ტუნისში ან ეგვიპტეში გაიქცნენ“, ამბობს არიასი.

გაეროს ლტოლვილთა უწყების გადაადგილების საქმეთა კოორდინატორმა, იოჰანეს ვან დერ კლაუვმა, ჩვენს რადიოს უთხრა, ტუნისი და ეგვიპტე ვერ შეძლებენ ამ ლტოლვილების მიღებასო: „ამ ადამიანების დიდი ნაწილის - ლიბიელი ლტოლვილების - პრობლემა რეგიონს გარეთ უნდა მოგვარდეს. ისინი დევნილები არიან. მათ შინ დაბრუნება არ შეუძლიათ. ამდენად, ტუნისი და ეგვიპტე მათთვის თავშესაფრის მიმცემი ქვეყნები ვერ იქნებიან. მათ დახმარება სჭირდებათ და აუცილებელია მათი ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, ევროპასა და ამერიკაში განაწილება.“

სესილია მალსტრომი, ევროპის კავშირის შინაგან საქმეთა კომისარი, გასულ კვირაში ტუნისში ჩავიდა და იქაურ ხელისუფალთ მოელაპარაკა ბოლო თვეებში ევროპის კავშირში ჩასული ემიგრანტების უკან დაბრუნების თაობაზე. ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, მალსტრომმა განაცხადა, რომ იტალიაში ტუნისიდან ჩასული ბევრი პირი ეკონომიკური ლტოლვილია, რომელიც უკან უნდა იქნეს გაბრუნებული:
„იტალიისა და ტუნისის მთავრობებთან ვმუშაობთ იმაზე, რომ გამოვნახოთ ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნების გზები. მათი შინ დაბრუნება უნდა მოხდეს წესის თანახმად, ტუნისის ხელისუფლებთან თანამშრომლობით.“

ვან დერ კლაუვი აცხადებს, მართალია, ზოგიერთი ეკონომიკური მიგრანტის უკან გაბრუნება შეიძლება, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს იმ პირებისთვის, ვისაც დახმარება სჭირდებაო. ის შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ევროპის კავშირის ზოგიერთი წევრი თავს იკავებს, მიიღოს დევნილები. ევროპის ქვეყნების ნაწილი ამ თავშეკავების გამო გააკრიტიკეს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა. ევროპის ლტოლვილთა და მიგრაციის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბიარტე ვანდვიკმა გაკიცხა ევროპის ლიდერები და მათ „ცინიკოსები“ და „ქსენოფობები“ უწოდა იმის გამო, რომ ისინი ჩრდილოეთ აფრიკაში ამბოხს მიესალმებიან, მაგრამ ქაოსს გამოქცეული დევნილების მიღებისგან თავს იკავებენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG