Accessibility links

logo-print

კომუნიკაციების კომისია: საზოგადოების მოთხოვნა გასართობი გადაცემებია


კვლევის შედეგად, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, ტელე- და რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენის მიზნით, კვლევით ორგანიზაცია ”ბი სი ჯი”-ს დაუკვეთა, გაირკვა, რომ საზოგადოება უპირატესობას იუმორისტულ პროგრამებს, მხატვრულ ფილმებს, სერიალებსა და გასართობ ტოქშოუებს ანიჭებს. საინფორმაციო გამოშვებები და შემეცნებით-ანალიტიკური გადაცემები პროცენტული მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება გასართობ გადაცემებს და მხოლოდ მერვე-მეცხრე ადგილზეა. უახლოესი 10 დღის ვადაში კომისია პრიორიტეტებს ჩამოაყალიბებს და მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა დაიწყება.
ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა მოუწევს საზოგადოებას დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ამ დროს ჩვენ შეიძლება ხელში შეგვრჩეს ყოვლად მოუმზადებელი საზოგადოება...

გამოკითხვის შედეგების თანახმად, 35 პროცენტით მუსიკალური შოუები ლიდერობს, მას გასართობი ტოქშოუ, სერიალები, მხატვრული ფილმები და იუმორისტული გადაცემები მოსდევს. კვლევა 2008-2010 წლებში რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და, საბოლოო ანგარიშით, 9 500 ადამიანი გამოიკითხა. ”მაუწყებლობის კანონის” მიხედვით, კომინიკაციების ეროვნული კომისია ვალდებულია ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის საფუძველზეც ლიცენზიის მაძიებელთათვის სამაუწყებლო პრიორიტეტები განისაზღვრება.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი და მედიაექსპერტი, მიიჩნევს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ტელე- და რადიომაუწყებლებისათვის ამ ტიპის პრიორიტეტების დასახვა სრულიად არაადეკვატური იქნება იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშეც დღესდღეობით საქართველ დგას:
ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე

”არის ორი საარჩევნო წელი, არის ახალი კონსტიტუციის ამოქმედების წელი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა მოუწევს საზოგადოებას დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ამ დროს ჩვენ შეიძლება ხელში შეგვრჩეს ყოვლად მოუმზადებელი საზოგადოება.”

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი ტელე- და რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცების მიზნით გამართულ ზეპირ მოსმენაზე კვლევის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდა, რადგან, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, კვლევა მოძველებულია და ამ კვლევაში მოცემული რიგი სატელევიზიო არხებისა და გადაცემებისა საერთოდ აღარ არსებობს:

”კომისია, რომელიც, სავარაუდოდ, 18 აპრილს მიიღებს პრიორიტეტებს, სწორედ ამ პრიორიტეტებით იხელმძღვანელებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ანუ 2013 წლამდე, რაც მე არალოგიკურად მეჩვენება და ამიტომ დავაყენე საკითხი, რომ კვლევა ან ბათილად ყოფილიყო ცნობილი, ან არ მიეღო კომისიას და, ვთქვათ, სექტემბრისთვის მოემზადებინათ ახალი კვლევა, რომელიც არსებული რეალობის ადეკვატური იქნებოდა. თუმცა კომისიის წევრებმა ჩემს წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.”
შეიძლება საზოგადოებაშიც და ჩემშიც ერთგვარი გაოცება გამოიწვია კვლევის შედეგებმა, მაგრამ ეს არის არა კომისიის ან ვინმეს მიერ დადგენილი შედეგები, ეს არის ხალხის მოსაზრება...

როგორც კახი ყურაშვილი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, კვლევა, რომელიც კომპანია ”ბი-სი-ჯი”-მ ჩაატარა, აპრობირებული და ძალიან სანდო მეთოდოლოგიით ჩატარდა და მას კვლევის შედეგების სისწორეში ეჭვი არ ეპარება:

”შეიძლება საზოგადოებაშიც და ჩემშიც ერთგვარი გაოცება გამოიწვია კვლევის შედეგებმა, მაგრამ ეს არის არა კომისიის ან ვინმეს მიერ დადგენილი შედეგები, ეს არის ხალხის მოსაზრება და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, ხომ?”

სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მედიამკვლევარი ნინო დანელია. ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2009 წლის აგვისტო-ნოემბერში ჩატარებულ დამოუკიდებელ საველე კვლევაზე ლაპარაკობს, რომლის ავტორიცაა ჰანს გუთროდი. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოების დომინანტ ნაწილს საინფორმაციო გამოშვებები, ახალი ამბები აინტერესებს, ამბობს ნინო დანელია.
მედიამკვლევარი ნინო დანელია

”ქართველები მედიის ხარბი მომხმარებლები არიან. გამოკითხულთა 84 პროცენტი სატელევიზიო ახალ ამბებს ყოველდღე უყურებს და, მეტიც, ფოკუსჯგუფების მონაწილეები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ისინი უყურებენ სხვადასხვა არხს და შემდეგ წყვეტენ, რომელს ენდონ”, - კითხულობს ნინო დანელია ამონარიდს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან.

კახი ყურაშვილი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, გასაკვირს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში სრულიად საპირისპირო შედეგი არის დაფიქსირებული:

”რამდენი დამკვეთიც არის, რა მიზანსაც ემსახურება კვლევა, რა ფორმით არის შეკითხვა დასმული, ეს ყველაფერი განსაზღვრავს კვლევის შედეგებს.”
ლიცენზიის გასაცემად საჭიროა ორი რამ: ეს არის თავისუფალი სიხშირული რესურსი და, მეორე, ეს არის ლიცენზიის მაძიებლის, ანუ მსურველის, განაცხადი...

როგორც კახი ყურაშვილი განმარტავს, საზოგადოებამ არასწორად გაიგო ის ფაქტი, რომ რაკი კვლევის შედეგებმა გასართობ-მუსიკალური შოუების ინტერესი გამოკვეთა, შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხოლოდ სპეციალიზებულ ლიცენზიებს გასცემს. მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ეროვნული კომისიის მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, არის მრავალფეროვნება, რაც ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება. კახი ყურაშვილი ლიცენზიის გაცემის პროცედურებზე ამახვილებს ყურადღებას:

”ლიცენზიის გასაცემად საჭიროა ორი რამ: ეს არის თავისუფალი სიხშირული რესურსი და, მეორე, ეს არის ლიცენზიის მაძიებლის, ანუ მსურველის, განაცხადი. კომისია ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად. როდესაც რამდენიმე კონკურსანტი შემოიტანს განცხადებას, მათ, კანონის მიხედვით, ევალებათ სამაუწყებლო კონცეფციის წარმოდგენა. კომისია სამაუწყებლო კონცეფციას შეადარებს ტელე- და რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს და გამარჯვებულად გამოავლენს იმ კონკურსანტს, რომელიც დააკმაყოფილებს პირველ მოთხოვნას. ეს არის მრავალფეროვნების მოთხოვნა.”

კომუნიკაციების ეროვნული კომისია პრიორიტეტების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემაზე აისახება, 18 აპრილისათვის მიიღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG