Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვნებები უზენაესი სასამართლოს გარშემო


უზენაესი სასამართლო
უზენაესი სასამართლო
ბოლო ორი დღეა უზენაესი სასამართლოს წინ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციებს აწყობენ. მომიტინგეები, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებისგან მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას მოითხოვენ, სხვა სახის აქტივობასაც მიმართავენ: 4 აპრილს გამართულ აქციაზე მომიტინგეებმა გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი, უზენაესი სასამართლოს კარზე დაკიდეს გვირგვინი და კვერცხები დაუშინეს შენობას. საპროტესტო აქციებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლო, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობაში დასდო
ბრალი.
ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს არა პიროვნებების, არამედ სამართლის! სამართალი ისეთი მწარე წამალია, რომელიც ყველას უხდება!..

სტვენით, სიგნალებითა და შეძახილებით დაიწყეს ორი დღის წინ საპროტესტო აქცია „სახალხო კრების“ აქტივისტებმა, რომლებმაც რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს შენობასთან მისვლით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სამართალი მოდის:

„ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს არა პიროვნებების, არამედ სამართლის! სამართალი ისეთი მწარე წამალია, რომელიც ყველას უხდება!“

მოგვიანებით, უზენაეს სასამართლოსთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სწორედ ამ აქციის შემდეგ გაავრცელა უზენაესმა სასამართლომ სპეციალური განცხადება:
"სამართლიანი სასამართლოს" უფლება სასამართლოს ისტორიული შენობისთვის კვერცხების სროლით არ მიიღწევა....

„სასამართლო ყოველთვის იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონით და ამასვე მოუწოდებს იმ ადვოკატებს, რომლებიც ამ აქციებში მონაწილეობით და წინასწარი შეურაცხმყოფელი ვარაუდების გამოთქმით არღვევენ ადვოკატის ეთიკის კოდექსსაც. "სამართლიანი სასამართლოს" უფლება სასამართლოს ისტორიული შენობისთვის კვერცხების სროლით არ მიიღწევა. ეს უფლება თითოეული ადვოკატის მიერ პროცესზე მაღალპროფესიული დაცვით მიიღწევა და არა საკუთარი კლიენტის ინტერესების მანიპულირებით და მარცხის სხვაზე გადაბრალებით. სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მიიღწევა ზედა ინსტანციებში გასაჩივრებით.“

განცხადებაში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა ეფექტიანად მუშაობს და რომ წარმატებას ის ადვოკატები აღწევენ, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ბრძოლის სამართლებრივ გზას ცნობენ.

„ამ კატეგორიის ადვოკატთა მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების 25-30 პროცენტი სააპელაციო სასამართლოებში განსასჯელების სასარგებლოდ სრულდება“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მართლმსაჯულების სამართლიანობაში არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეპარება ეჭვი. კოტე კუბლაშვილმა ორიოდე დღის წინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშკარაა პროგრესი, რასაც, მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევაც ადასტურებს:
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი

„სისტემა ახლა არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ. მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი არის 60 პროცენტზე მეტი. ეს დასტურდება გამოკითხვით, რომელიც ჩატარდა 2011 წელს სამ დიდ საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ოზურგეთი და ხელვაჩაური), სადაც გამოკითხვამ აჩვენა, რომ 65 პროცენტი ენდობა სასამართლოს.“

თუმცა ადვოკატთა ნაწილი არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნათქვამს ენდობა და არც კვლევის შედეგებს. ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ზაზა ხატიაშვილის თქმით, ქართულ მართლმსაჯულებას არაფერი აქვს საერთო არც სამართალთან და არც კანონიერებასთან:
დღევანდელი სასამართლო კომუნისტების დროინდელზე უარესია. მაშინ მეტი იყო გამამართლებელი განაჩენი...

„ესაა სასამართლო, სადაც ოქმს აყალბებენ, სადაც ადვოკატი პროცესს ვერ იგებს, სადაც მოსამართლე ერთ საქმეზე ორ გადაწვეტილებას იღებს, სადაც ადვოკატს შუამდგომლობას არ უკმაყოფილებენ... აქედან გამომდინარე, შეუძლებელია სასამართლო დარბაზში რაიმეს მიღწევა. დღევანდელი სასამართლო კომუნისტების დროინდელზე უარესია. მაშინ მეტი იყო გამამართლებელი განაჩენი. ასე რომ, ჩვენს სასამართლოზე პირობითად ითქმის სასამართლო.“
საპროტესტო აქცია უზენაეს სასამართლოსთან

საპროტესტო აქციებში მონაწილეთა ერთ ნაწილს სასამართლომ ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ნაწილს კი ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა გზის გადაკეტვის, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და სასამართლოს შენობისთვის კვერცხების დაშენისათვის. დაჯარიმებულთა შორისაა ადა მარშანია, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი.

„ის კვერცხები მე ვიყიდე, მე ვისროლე... მაგრამ ახლა რომ ათი ვისროლე, შემდეგ აქციაზე ვისვრი ასს! არ მინდა ვინმეს ვესროლო თავში, ნუ გამაკეთებინებენ ამას! ჯარიმას კი არ გადავიხდი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ აქეთ უნდა გადაგვიხადოს ოთხასი ათასი და ოთხასი მილიონი ლარი!“

ადა მარშანიამ და აქციის სხვა ორგანიზატორებმა 6 აპრილს ბრიფინგი გამართეს პოლიციის თბილისის მთავარ სამმართველოსთან და დროებითი დაკავების იზოლატორიდან თანამოაზრეების გათავისუფლება მოითხოვეს. ამასთან, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, განაცხადა, რომ, უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, საპროტესტო აქციები არ შეწყდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG