Accessibility links

logo-print

პოლიტიკური გარემო საქართველოში - NDI-მ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა


საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნა, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც რჩება ყველაზე აქტუალურ საკითხებად. 2011 წლის მარტში საქართველოს მასშტაბით სულ 2 893 ადამიანი გამოიკითხა და მათ დემოკრატიის, მიმდინარე მოვლენების და რეფორმების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს.
მიუხედავად იმისა, რომ, მათი შეფასებით, მთავრობა გარკვეულ რეფორმებს ახორციელებს, ეკონომიკის სფეროში რეფორმებით გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა...

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მორიგი სოციოლოგიური კვლევა თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ჩაატარა. გამოკითხულთა 61% პრიორიტეტულ საკითხად - სამუშაო ადგილების შექმნას, 39% - ფასების ზრდას, ხოლო 38% ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო კვლევისას გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციების შესახებ ლაპარაკობს:

”მთავარი, რაც კვლევამ აჩვენა, ისაა, რომ ეკონომიკური საკითხები მოსახლეობისათვის კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. და მიუხედავად იმისა, რომ, მათი შეფასებით, მთავრობა გარკვეულ რეფორმებს ახორციელებს, ეკონომიკის სფეროში რეფორმებით გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავაც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.გამოკითხულთა მაღალი პროცენტი მხარს უჭერს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ამასთანავე, ნეგატიური რჩება განწყობა რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ხალხი დადებითად აფასებს, რომ პრეზიდენტისგან იგებს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ, თუმცა სურვილს გამოთქვამს, რომ ამავე საკითხზე ალტერნატიული მოსაზრებაც მოისმინოს.”
ეს არც ისე კარგი შედეგია, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20-მა პროცენტმა არ იცის და ვერ აფასებს, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია...

ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასება კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ წელთან შედარებით, სურათი დიდად არ შეცვლილა, ამბობს ლუის ნავარო:

”44% ამბობს, რომ საქართველოში არის დემოკრატია, 39% ამბობს, რომ არა. საინტერესოა, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ კითხვაზე პასუხობს, რომ არ იცის, არც ერთ კვლევაში არ იცვლება. და ეს არც ისე კარგი შედეგია, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20-მა პროცენტმა არ იცის და ვერ აფასებს, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია.”

გამოკითხულთა 48% დემოკრატიას განმარტავს როგორც სიტყვის თავისუფლებას, სამართლიანობას და კანონის უზენაესობას.
გამოკითხულთა მხოლოდ 8%-ია ისეთი, ვინც მთლიანად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. არ ეთანხმება 19% და ნაწილობრივ ეთანხმება 52%.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი კვლევის კიდევ ერთ საინტერესო მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას:
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი

”როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? ჩემი აზრით, ეს მართლაც გამორჩეული შედეგია: 37 %, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, აცხადებს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, ანუ სტაგნაციაზე მიუთითებს, და ვინც ფიქრობს, რომ ნამდვილად სწორად ვითარდება ქვეყანა, ასე ფიქრობს მხოლოდ 17%. როგორც ჩანს, ხელისუფლების ოპტიმისტური განწყობები და საზოგადოებრივი აზრი არ თანხვდება და შეესაბამება ერთმანეთს.”
2008 წლის იანვრის შემდეგ, ხალხის აზრით, სიტუაცია გაუარესდა სამუშაო ადგილების, ფასების ზრდის, ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთთან ურთიერთობის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის თვალსაზრისით...

მთავარი პრობლემების ყველა ჩამონათვალში დასაქმება ისევ პირველ ადგილზეა. კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, 73%-ის პასუხია „არა“. მხოლოდ 27% პასუხობს დადებითად. ამ ფონზე საინტერესოა პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ელექტროენერგიის 20-ლარიანი და სასურსათო 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგების მიმართ დამოკიდებულებას ეხება. ორივე შემთხვევაში მთავრობის ამ ნაბიჯს მომხრეთა 47% და 49% ემხრობა. წინააღმდეგია 7%.

”2008 წლის იანვრის შემდეგ, ხალხის აზრით, სიტუაცია გაუარესდა სამუშაო ადგილების, ფასების ზრდის, ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთთან ურთიერთობის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის თვალსაზრისით. ხალხი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები არ საუბრობენ იმ ეკონომიკურ სირთულეებზე, რაც ხალხს აწუხებს, განსაკუთრებით უმუშევრობა, გაზრდილი ფასები და სიღარიბე.”

ახლა ჩავხედოთ კვლევის საგარეო ურთიერთობების ნაწილს. შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი, რაც 56%-ს შეადგენს. გასულ წელს მხოლოდ 28% იყო მომხრე. რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკას სრულიად მიუღებლად აფასებს გამოკითხულთა 28%, მისაღებად - 12% და დიდი უმრავლესობა, კერძოდ, 71% მიიჩნევს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს.

პოლიტიკური რისკების მკვლევარი, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ შესაძლოა ომის შემდეგ რამდენიმე წელში ხალხმა უკეთ გაიაზრა ის საფრთხე, რომელიც შეიძლება რუსეთიდან მოდიოდეს და შესაბამისი დასკვნაც გააკეთა, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი სჭირდება და ეს გარანტი არ შეიძლება იყოს ევროკავშირი:
საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ბაკურ კვაშილავა

”ჩემთვისაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია ეს ციფრები, რადგან ხელისუფლების პოზიციაც და განცხადებაც ნატოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ეს არ არის უკვე პრიორიტეტი 2008 წლის შემდეგ. ასე რომ, ეს რომ მედიაპროპაგანდას დააბრალო, სწორი არ იქნება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობამ გაიაზრა ის საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მოდის. და იმ ეტაპმაც გადაიარა, როდესაც ომი რეალობად არც აღიქვა ხალხმა, წარმოუდგენელი იყო და ახლა კი ხდება ამ ყველაფრის გააზრება, რომ რუსეთს პრაქტიკულად შეუძლია დღესაც იგივე გააკეთოს.”

ორი სიტყვით შევეხოთ მედიასაც. ონფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობის 89% ტელევიზიიდან იღებს. ინტერნეტით ამ მიზნით მხოლოდ 8% სარგებლობს. 23%-ია ისეთი, ვინც ამბებს მეზობლებისა და მეგობრებისგან იგებს. დაბოლოს, რეფორმების შესახებ: სამი მთავარი რეფორმა, რომლებიც, ხალხის აზრით, მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის, არის განათლების, საგადასახადო და საარჩევნო რეფორები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG