Accessibility links

logo-print
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა სოფელ დვანში გაიმართება. ეს შეხვედრები, ტრადიციულად, სოფელ ერგნეთში ტარდებოდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სოფლის სკოლაში ნატოს კუთხე გაიხსნა, ოსურმა მხარემ ერგნეთის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასa და ქართულ მხარეს 7 აპრილს შეხვედრის ჩატარება სოფელ დვანში შესთავაზეს. რამდენიმედღიანი კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ხუთშაბათს მოლაპარაკება დვანში გაიმართება. ამის შესახებ ცხინვალის ტელევიზიასთან საუბარში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა. მისი თქმით, ოსური მხარისთვის მიუღებელი იყო ერგნეთში ჩასვლა, რადგან ეს სოფელი ნატოს ზონად გამოცხადდა.

დვანში გასამართი შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტშიც დაადასტურეს. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ქართული მხარე კვლავ მოითხოვს ბოლო ხანებში დაკავებული საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლებას, რომლებიც ამჟამად ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. გარდა ამისა, საუბარი იქნება ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების დაცვაზე.

როგორც ცნობილია, ამჟამად საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს, მიწის ნაკვეთების ნაწილი კი ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვესაა. ამიტომ გლეხებს მიწის დასამუშავებლად ფართობებში ტექნიკა წართმევის შიშით ვერ შეჰყავთ.

დვანის შეხვედრაზე ქართული მხარე მოსაზღვრე სოფლებში სამართალდამცავთა პატრულირების გაძლიერების საკითხს დასვამს. ლაპარაკი იქნება აგრეთვე აღდგომის დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს არსებულ სასაფლაოებზე ჭირისუფალთა უსაფრთხო გადაადგილების პრობლემაზე. წინასწარი ინფორმაციით, მხარეები თითქმის შეთანხმებულები არიან, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს მცხოვრებთ ნათესავების საფლავებზე გასვლის საშუალება მიეცეთ.
XS
SM
MD
LG