Accessibility links

თეთრი სახლი კადაფის წერილს უგულებელყოფს


ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფისგან წერილის მიღების შემდეგ თეთრი სახლი გამოვიდა განცხადებით, რომ კადაფი შეფასდება არა მისი სიტყვების მიხედვით, არამედ სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებით. ამ განცხადებით ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, ჯეი კარნიმ მიმართა თვითმფრინავში, რომლითაც პრეზიდენტი ობამა ფილადელფიაში მიემგზავრებოდა. კარნის თქმით, კადაფისგან მიღებული წერილი „რასაკვირველია პირველი არ არის“. ამასთან, კარნის თანახმად, ობამამ რამდენიმე კვირის წინ მკაფიოდ გამოაცხადა, რომ ლიბიაში ზავის დამყარება დამოკიდებული იქნება „არა სიტყვებზე, არამედ ქმედებებზე - ძალადობის შეწყვეტაზე“. ლიბიის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ჯანამ“ დღეს განაცხადა, რომ კადაფიმ ობამას წერილი გაუგზავნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები გავიდნენ საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებული საჰაერო ოპერაციების წინ ხაზიდან. დღეს უფრო ადრე ნატომ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიცვას მეამბოხეთა ბასტიონში, ინტენსიური ბრძოლის სამიზნე ქალაქ მისურატაში მცხოვრები სამოქალაქო პირები. გასულ კვირაში ნატომ დასავლეთის კოალიციისგან გადაიბარა გაეროს მიერ სანქცირებული საჰაერო ოპერაციების წარმოება ლიბიაში. კოალიცია აშშ-ს, საფრანგეთს და ბრიტანეთს მოიცავდა.
XS
SM
MD
LG