Accessibility links

logo-print
საქართველოს კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური ნორმები და ამ ნორმების შესანარჩუნებლად გამოყენებული სამართლებრივი მანიპულაციები, რომელსაც ორი ძირითადი მოთამაშე ჰყავს - პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო. პრობლემა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ წამოსწია, კონკრეტულ ფაქტებსა და შემთხვევებს ეფუძნება. მათ აერთიანებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სასამართლოში გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმა ძალადაკარგულია.

ერთ-ერთი ასეთი კონკრეტული საქმე, რომელშიც ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შეთანხმებული მოქმედების კვალს ხედავს, შრომითი ურთიერთობების სფეროს, კერძოდ, ”შრომის კოდექსს” შეეხება, უფრო ზუსტად კი, კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმადაც, შრომითმა ხელშეკრულებამ შესაძლოა დაავალდებულოს დასაქმებული, რომ მან თავისი ცოდნა და კვალიფიკაცია კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ არ გამოიყენოს. კანონის რეგულაციის მიხედვით, შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში. ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობასთან, კერძოდ, შრომის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ”კონსტიტუციის 42-ე” მუხლმა 2009 წელს მიმართა, მიმდინარე წლის მარტში კი მიიღო შეტყობინება, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ნორმა საქართველოს პარლამენტის მიერ ძალადაკარგულად იყო ცნობილი, სასამართლომ საქმის წარმოება განჩინებით შეწყვიტა.

”საქართველოს პარლამენტმა 17 დეკემბერს შეცვალა შრომის კოდექსი, ანუ ძალადაკარგულად გამოაცხადა 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსი და მიიღო ახალი. ანუ ერთი გააუქმა იმიტომ, რომ მიეღო მეორე, მაგრამ შინაარსობრივად მიიღო იგივე, რაც გააუქმა. შეიცვალა რეგისტრაციის თარიღი და ორგანული კანონით მიიღეს შრომის კოდექსი. განსხვავება ამ ორ აქტს შორის შინაარსობრივად არაფერია, უფრო მეტიც, ის აქტები, რაც გასაჩივრებული იყო, ჩვეულებრივად შესულია კოდექსში”, აღნიშნავს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის წევრი ნინო ელბაქიძე. გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია კი, თავის მხრივ, იმას განმარტავს, თუ როგორ აისახა ეს მარტივი საკანონმდებლო ცვლილება იმ სარჩელზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად წარმოებაში ჰქონდა მიღებული. საქმის წარმოება, როგორც უკვე ითქვა, საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულად ცნობის მოტივით შეწყვიტა. რაც შეეხება იმავე საქმის ახალი ნორმით წარმოების შანსებს:

”ჩვენ გვესპობა კიდევ ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის საშუალება, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ითხოვს რეალურად იმ კანონისგან დაზარალებულს, რომელ ნორმასაც ჩვენ ვასაჩივრებთ. ჩვენ თუ მიმართული გვქონდა წინა ნორმით, რომელიც გაუქმებულია, ანუ წინა კანონს ვასაჩივრებდით, იგივე დაზარალებული ვერ გვეყოლება. ანუ ჩვენ უნდა დაველოდოთ კიდევ იმ ახალი ნორმით დაზარალებულ ადამიანს, რომ შემდეგ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს.”

საკანონმდებლო ნორმის შეცვლის მიზეზით, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში 4 სარჩელის განხილვაზე მიიღო უარი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მანიპულაციის პრაქტიკას კიდევ უფრო ამყარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის დადგენილი 9 თვიანი ვადის დარღვევა.

”ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან იქნება ის, რომ შევიმუშაოთ რეკომენდაციები და საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ ამასთან დაკავშირებით. იქნებ ამის შემდეგ მოჰყვეს ამ ყველაფერს რეაგირება, თორემ შიდა, ეროვნულ დონეზე ჩვენ ყველა გზა გამოვცადეთ”, ამბობს ადვოკატი რუსუდან მჭედლიშვილი. მას და მის კოლეგებს საკონსტიტუციო სასამართლოდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სირაბიძე პასუხობს. იგი აზუსტებს, რომ სასამართლო საქმის წარმოების ვადებს არ არღვევს. რაც შეეხება სამართალწარმოების მანიპულაციის ბრალდებას:

”ეს არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არაკომპეტენტური განცხადებები. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კანონმდებლობის შეგნებულ ან არცოდნით გამოწვეულ არაკომპეტენტურ გადმოცემასთან, ვინაიდან ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ეხილათ ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მეორე პუნქტი, სადაც გარკვევით წერია, რომ საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.”
XS
SM
MD
LG