Accessibility links

logo-print
ჰისაში ოვადას, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ღრმად პატივცემულ თავმჯდომარეს, 2 წელიწადი და 9 თვე დასჭირდა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა სასამართლოს უფლებამოსილება, განეხილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ. ამ რთული გადაწყვეტილების ავტორებმა ჰააგის მაღალი ტრიბუნიდან პირველ აპრილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ვერდიქტი გაახმიანეს. თურმე „სარჩელის შეტანამდე საქართველოს აღნიშნული საკითხი უნდა დაეყენებინა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტში და ამ პრობლემაზე მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა რუსეთთან“.

მოკლედ, კინჩხი და კისერიც გიტეხიათ თქვენ და რუსეთს, წადით ახლა და ერთმანეთში არკვიეთ მტყუან-მართალიო, - ასე შეიძლება გავიგოთ განაჩენი მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოსი, რომლის სამართლიანობის ძალიან დიდი მოლოდინი იყო საქართველოში. შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული მოლოდინიც, რასაც, როგორც ყოველთვის, ასაზრდოებდა პროპაგანდისტული ოპტიმიზმი საქართველოს ხელისუფლებისა. თბილისმა, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის ნიკა გვარამიას პირით, ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში მიულოცა საქართველოს მოსახლეობას „არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური გამარჯვება“.

არადა, შეგახსენებთ, რომ იმხანად საქმე ეხებოდა ჰააგის სასამართლოს შუალედურ გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებდა საქართველოს და რუსეთს, სარჩელის არსებით განხილვამდე თავი შეეკავებინათ „ადამიანების, ადამიანთა ჯგუფებისა თუ ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლენისაგან; ასევე ორივე მხარეს უნდა უზრუნველეყო ადამიანების უსაფრთხოება, მათი უფლება, გადაადგილებულიყვნენ დაუბრკოლებლად და თავისუფლად აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი; დაეცვათ იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების კერძო საკუთრება.“

ვიმეორებ, ჰააგის სასამართლოს, აი, ეს გადაწყვეტილება მოინათლა ორ წელზე მეტი ხნის წინ დიდ გამარჯვებად და ამას, მახსოვს, ლამის მთელი კვირა ეძღვნებოდა გავრცობილი საინფორმაციო სიუჟეტები, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა აღფრთოვანებული კომენტარები და ოპტიმისტური პროგნოზები. თუმცა, 1 აპრილს, ჰააგის სასამართლომ ამ შუალედური გადაწყვეტილების მოქმედებაც ძალადაკარგულად გამოაცხადაო, - ამტკიცებს რუსეთის მხარე, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ზეიმობს გამარჯვებას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განჩინების გამო. როგორც შემდგომმა პერიოდმა აჩვენა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ზედმეტ ეიფორიას ერჩივნათ, დაეცვათ გაეროს წესდება და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს საქმის წარმოების პროცედურა და „სარჩელის შეტანამდე საქართველოს საკითხი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტში დაეყენებინათ“. სწორედ ეს პროცედურული დარღვევა გამოიყენა არგუმენტად რუსეთის წარმომადგენელმა ჰააგაში კირილ გევორგიანმა და, შესაბამისად, 16 მოსამართლიდან 10-ის მხარდაჭერაც მიიღო.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმის მარაგი ჭეშმარიტად ამოუწურავია.

მოსამართლე ჰისაში ოვადას 1 აპრილს ხეირიანად არც კი ჰქონდა გადაწყვეტილება გამოცხადებული, რომ საქართველოს ნაციონალურმა არხებმა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მოსახლეობას მორიგი გამარჯვების შესახებ აუწყეს. „ჰააგის სასამართლომ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - რუსეთი კონფლიქტში მხარეს წარმოადგენს. ჰააგაში მყოფი დელეგაციის წევრები ამ გადაწყვეტილებას ქართული მხარის გამარჯვებად მიიჩნევენ“, - მთელი ღამის განმავლობაში იმეორებდნენ საინფორმაციო გადაცემების წამყვანები და შემდეგ უჩვენებდნენ ხან იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, თინა ბურჯალიანს ჰააგიდან, ხანაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს, რომლებმაც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდეს „ტექნიკური ბარიერი და მარტივი დაბრკოლება“ და დაგვპირდნენ, რომ რუსეთი „აუცილებლად აგებს პასუხს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, რადგან საამისოდ, როგორც ქალბატონმა ბურჯალიანმა განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში, საქართველოს აქვს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს „ერთხელ და სამუდამოდ“ დადასტურებული გადაწყვეტილება, რომ „რუსეთი კონფლიქტში მხარეს წარმოადგენს.“

კი, ბატონო, ჩათვალეთ, რომ მე ძალიან გულუბრყვილო ადამიანი ვარ: არ ვიცი საერთაშორისო კონიუნქტურა, რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ შედეგად შექმნილი ახალი რეალობა, არ მესმის მართლმსაჯულების საკითხები ისე ღრმად, როგორც თინათინ ბურჯალიანს და აკაკი მინაშვილს, მაგრამ ხომ შემიძლია ერთი რამე ვიკითხო ძალიან მორიდებულად: თუკი მხოლოდ ტექნიკურ დაბრკოლებაშია საქმე და თუკი კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს საქართველოს სარჩელის განხილვას, მაშინ რატომ გამოხატა იმედგაცრუება და აღშფოთება გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ?

„რუსეთი და საქართველო ჩართულები არიან ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებში 1991 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გამოუცხადებელი ომი დაიწყო ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ და ამ მიზეზის დასახელება, ანუ ორმხრივი მოლაპარაკებების არარსებობა, რის გამოც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არ სურს საქართველოს საქმის განხილვა, აბსოლუტურად, სრულიად სასაცილოა," – განაცხადა ვაშაძემ და იქვე დასძინა: „გაეროს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება "შესანიშნავი მაგალითია“ იმისა, თუ "რატომ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ“.

ამ მკაცრი, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო განცხადების შემდეგ მე, ფაქტობრივად, ეჭვი აღარ მეპარება, რომ ჰააგის სასამართლო არასოდეს დაუბრუნდება საქართველოს სარჩელის ხელმეორედ განხილვას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG