Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესში სამაუწყებლო კომპანიების როლზე იმსჯელეს


ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ათწლეულების მანძილზე აფინანსებს რამდენიმე მედიასაშუალებას, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებენ ახალ ამბებსა და ინფორმაციას. 6 აპრილს, როდესაც ამერიკის კონგრესში ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობას განიხილავდნენ, კონგრესმენებმა წამოჭრეს ასევე საკითხი, თუ რამდენად უწყობენ ხელს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული რადიოსადგურები ვაშინგტონის ინტერესების გატარებას და ბრძოლას რეპრესიული მთავრობების წინააღმდეგ.

რამდენად ამართლებენ ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიები მოლოდინს? „ხომ არ უთხრიან ძირს საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ბრძოლას ტირანული რეჟიმების წინააღმდეგ?“ - ასეთი იყო სახელწოდება 6 აპრილს გამართული მოსმენებისა, რომელიც კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის, კონტროლისა და გამოძიების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელის დანა რორბაკერის ინიციატივით გაიმართა.

აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას რორბაკერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიები, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დანიშნული მმართველთა საბჭო მეთვალყურეობს, შესაძლოა აქცენტს, უმთავრესად, ობიექტურ ინფორმაციაზე აკეთებდნენ და ნაკლებად - ამერიკული ფასეულობებისა და ინტერესების გავრცელებაზე:

„ამერიკის სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებები და სახელმწიფო დიპლომატია, პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების გავრცელებას უნდა ცდილობდნენ ინფორმირებული და გავლენიანი საზღვარგარეთული აუდიტორიების გზით. ეს ხშირად იწოდება „იდეათა ჭიდილად“. მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს როლი და პასუხისმგებლობა მხოლოდ ჟურნალიზმით არ შემოიფარგლება.“

მაუწყებლობის მმართველთა საბჭო დამოუკიდებელი სამთავრობო უწყებაა, რომელიც კონტროლს უწევს შეერთებული შტატების ყველა სამოქალაქო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიას: ამერიკის ხმას, რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას, რადიო-ტელევიზია „მარტის“, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო რადიოქსელ „სავას“ და ტელევიზია „ალჰურას“. აღნიშნული სამაუწყებლო კომპანიები პროგრამებს ქმნიან 59 ენაზე და მათ რადიოს, ტელევიზიის, ინტერნეტისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით კვირაში საშუალოდ 165 მილიონი ადამიანი უსმენს.

ამ სტატისტიკის შემდეგ, დავუბრუნდეთ ისევ 6 აპრილს კონგრესში ჩატარებულ განხილვას. კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის, კონტროლისა და გამოძიების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელის დანა რორბაკერის თვალსაზრისს იზიარებს კომიტეტის თავმჯდომარე ილენა როს-ლეჰტინენი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის მაისში გაზეთ „USA TODAU” -ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავდა, რომ რადიო-ტელევიზია „მარტის“ პროგრამები კუბაში, პირველ რიგში, მხარს უნდა უჭერდეს ვაშინგტონის პოლიტიკას, რამდენადაც „მისი მისია ნათელია - განავითაროს შეერთებული შტატების მიერ კუბის მიმართ შემუშავებული პოლიტიკა.“

თუმცა როს-ლეჰტინენის პოზიციის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პატიოსანი ჟურნალისტიკა და ობიექტური ინფორმირება ყველაზე უკეთესი გზაა შეერთებული შტატების ინტერესების გრძელვადიანი წინსვლისათვის. ასეთი მიდგომა ავტორიტარული რეჟიმების პირობებში მცხოვრებ ადამიანებს იმის მაგალითს აძლევს, თუ როგორ უზრუნველყოფს დემოკრატია სივრცეს სხვადასხვა თვალსაზრისისა და ჯანსაღი იდეების გაცვლისათვის, - აცხადებენ საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფი ადამიანები, რომლებიც შიშობენ, რომ თუკი შეერთებული შტატების საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიების მთავარი მიზანი მხოლოდ თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკის გატარება იქნება, ეს შეარყევს მათ მიმართ აუდიტორიის ნდობას, რასაც ავტორიტარული მმართველები მოუთმენლად ელიან.

გარდა ამისა, როგორც კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრმა ენდერს უიმბუშმა, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები ეფექტიანად უპირისპირდებიან მსოფლიოში არსებულ ავტორიტარულ რეჟიმებს, რის გამოც ჩინეთისა და ირანის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ მათ ჩასახშობად:

„როგორც მოგეხსენებათ, ირანის მთავრობა ყველა საშუალებას ხმარობს იმისათვის, რომ ჩაახშოს რადიო ამერიკის ხმის სპარსული სამსახური და რადიო „ფარდა“, აგრეთვე რადიო თავისუფლების სპარსულენოვანი სამსახური და შეაფერხოს მათი ინტერნეტსაიტები. ამერიკის ხმის სპარსულენოვანი სამსახურის სატელიტური მაუწყებლობა და რადიო „ფარდის“ სიგნალი საშუალო ტალღებზე ეთერში გასვლისთანავე ჩაახშეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ყოველთვის სრულყოფილი არ არის, ეს ეფექტურობის საკმაოდ კარგი საზომია.“

კონგრესში გამართულ მოსმენაზე დანა რორბაკერმა განაცხადა, რადიო „ფარდა“ და ამერიკის ხმის სპარსული სამსახური თავიანთ საინფორმაციო გამოშვებებში „ირანის მთავრობის ოფიციალურ წყაროებსაც იყენებენო.“ მისი თქმით, „ირანის მთავრობისთვის საეთერო დროის დათმობა ჟურნალისტური ბალანსის შექმნის გაუგებარი მცდელობაა. ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ხელს არ უნდა უწყობდნენ მოლების რეპრესიული შეხედულებების გავრცელებას.“ მოსმენაზე მყოფმა „ამერიკის ხმის“ ყოფილმა დირექტორმა რობერტ რაილიმ კი გაიხსენა ის მიზანი, რაც შეერთებული შტატების მაუწყებლობას ჰქონდა არცთუ ისე დიდი ხნის წინ: “ეს იყო მსმენელისათვის იმედის მიცემა, რისი მიღწევაც მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებით შეუძლებელიაო,“- განაცხადა რაილიმ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG