Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი რევოლუციის წლისთავზე


2010 წლის გამოსვლების დროს დაღუპულთა საპატივცემულო აქცია ბიშკეკში
2010 წლის გამოსვლების დროს დაღუპულთა საპატივცემულო აქცია ბიშკეკში
გასულ წელს ყირგიზეთში ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტი დაამხო და ცენტრალურ აზიაში პირველი საპარლამენტო დემოკრატია შექმნა. თუმცა მასობრივი არეულობისა და დაპირისპირების ერთი წლის თავზე ყირგიზეთის ხელისუფლება განაგრძობს ბრძოლას, რათა ქვეყანა ქაოსისგან იხსნას.

ყირგიზეთი ყოფილი საბჭოთა სივრცის ბოლო ქვეყანა იყო, საიდანაც ერთი წლის წინ პრეზიდენტი ამბოხების გზით განდევნეს. მალევე დროებითმა ხელისუფლებამ და გარდამავალმა პრეზიდენტმა, ყოფილმა დიპლომატმა როზა ოტუნბაევამ, შეიმუშავეს ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ყირგიზეთში საპარლამენტო მმართველობის ფორმა გამოცხადდა. მაგრამ ერთი წლის თავზე ყირგიზეთში ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მრავალი დაპირების შესრულება, რის გამოც ქვეყანაში კვლავ მოსალოდნელია ერთი წლის წინანდელი არეულობის განმეორება. თუმცა ამ ბრალდებებს არ იზიარებს ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ომურბეკ ბაბანოვი, რომელმაც რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს ერთი წლის განმავლობაში ახალი მთავრობის მიღწევები ჩამოუთვალა:

„ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ მექრთამეობასა და კორუფციას, მიუხედავად ხელისუფლების მიმართ არსებული მრავალი ბრალდების და ხმაურისა. ყირგიზეთს არასოდეს ახსოვს ასეთი ბრძოლა ორგანიზებული დამნაშავეობისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ. ისინი პატიმრობაში იმყოფებიან.“

მაგრამ ბიშკეკის ქუჩებში დღეს მრავლად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები მოხდა. ზოგიერთი ამბობს, რომ რევოლუციის წლისთავი მისთვის არაფრის მთქმელია,ზოგიერთის აზრით კი, საპარლამენტო რესპუბლიკაზე ზედმეტად მახვილდება ყურადღება:

„ერთადერთი ისაა, რომ მოვიდა ახალი პარლამენტი და ჩვენ საპარლამენტო სისტემა გვაქვს. მაგრამ ყირგიზეთი ხომ რეგიონში ყოველთვის თავისი აქტიური პარლამენტით გამოირჩეოდა. ჩვენთან ყოველთვის იყო თვალისმომჭრელი დებატები, ჩვენთან პარლამენტის ლიდერები ყოველთვის იყვნენ ოპოზიციურად განწყობილნი და ამით ჩვენთან ვერავის გააკვირვებ.“

ყირგიზეთში ბევრ უთანხმოებას იწვევს ასევე გასული წლის ივნისში მომხდარი ეთნიკური შეტაკებები უმეტესად უზბეკებით დასახლებულ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ყირგიზეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან დააპატიმრა ეთნიკურ წმენდაში დამნაშავე პირები, თუმცა არაფერს აკეთებს იმ მიზეზების აღმოსაფხვრელად, რამაც კვლავ შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე. ყირგიზეთის რევოლუციის წლისთავზე კვლავ დიდ პრობლემად რჩება უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, თებერვალში ქვეყანაში შეიმჩნეოდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ხოლო ყირგიზეთის ეკონომიკური ზრდა წლის განმავლობაში 5 პროცენტამდე გაიზარდა. თუმცა, ოქროს გარდა, ყირგიზეთი ძალიან ცოტა პროდუქციას აწარმოებს, რის გამოც, როგორც ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, ქვეყანა კვლავ დგას ეკონომიკური კოლაფსის წინაშე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG