Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი ინფექციური ეპიდემიის ზღვარზე


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალში ინფექციური და ალერგიული დაავადებების მატებაა. ამის მიზეზი ქალაქში არსებული მტვერი და ანტისანიტარიაა. რამდენიმე თვეა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს და მთელი ქალაქი გადათხრილია. ავდარში ტალახი, კარგ ამინდში კი მტვერი – ეს ყველაფერი დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებთათვის აუტანელი ხდება. ყოველდღიურად დე ფაქტო რესპუბლიკის საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებს სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს სხვადასხვა ჩივილებით. ბოლო ხანებში ცხინვალის ბავშვთა კლინიკაში ასთმით დაავადებული 21 მოზარდი აღირიცხა. გარდა ამისა, ქალაქში მოედინება დაბინძურებული წყალი, რაც ლაბორატორიული გამოკვლევით უკვე დადასტურებულია. დაწყებული სამუშაოების გამო ადგილობრივი სამსახურები წყლის და საკანალიზაციო სისტემებს ვეღარ აკონტროლებენ და არც მალავენ, რომ კანალიზაციებიდან გაჟონვა ხდება და ფეკალური მასები სასმელ წყალს ერევა. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსმა მარინა კოჩიევამ ცხინვალელებს მოუწოდა მხოლოდ გადადუღებული წყალი სვან და ქუჩაში გამოსვლისას პირბადე აიფარონ.

ამჟამად ცხინვალის აფთიაქებში ყველაზე დიდი მოთხოვნა პირბადეებზეა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ნიღბებით ძირითადად მოხუცები სარგებლობენ, მაგრამ ბოლო ხანებში მათი ტარება ახალგაზრდებმაც დაიწყეს. დე ფაქტო რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრი ჩერმენ ხუგაევი ამბობს, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, მანამდე კი ცხინვალელებს მოთმინებისკენ მოუწოდებს. ცხინვალის ადმინისტრაციამ სპეციალური მანქანები გამოყო, რომლებმაც ყოველდღიურად ქალაქი რამდენჯერმე უნდა მორწყონ, მაგრამ ცხინვალში ხშირად წყლის დეფიციტიცაა. გარდა ამისა, მერიის კეთილმოწყობის სამსახური მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებს რწყავს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ცხინვალელებს არწმუნებს, რომ წლის ბოლომდე ყველა სამუშაო დასრულდება და ქალაქში ახალი ასფალტი დაიგება, მაგრამ მის დაპირებას მშენებლები არ იზიარებენ. ისინი ამბობენ, რომ თხრილების ამოვსების შემდეგ ჯერ გარკვეული დრო უნდა გავიდეს გრუნტის დასაჯდომად, რომ ასფალტის დაგება შესაძლებელი გახდეს. ამ დროის განმავლობაში კი, ადგილობრივი ექიმების ვარაუდით, მოსახლეობის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდება.
XS
SM
MD
LG