Accessibility links

logo-print
რამდენად დაცულია საქართველოში ინტერნეტ საკომუნიკაციო სივრცე, კონკრეტულად კი, საკაბელო სისტემა? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 28 მარტს სომხეთს ინტერნეტკავშირი 24 საათით, საქართველოს ნაწილს კი რამდენიმე საათით შეუწყდა 75 წლის ქალბატონის გამო. სხვადასხვა სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ პოლიციამ მცხეთის რაიონში მცხოვრები ქალბატონი დააკავა. აიასტან შაქარიანმა ჯართის ძიებისას ნიჩბით დააზიანა ლითონის მილი, რომლის ამოთხრასაც ცდილობდა, ამ მილში კი ინტერნეტკაბელი გადის.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რომელშიც 12 წყვილია მოთავსებული, რამდენიმე კომპანიის საკუთრებაა, თუმცა მისი მომსახურება საქართველოს ტელეკომის ვალდებულებაა, რადგან ყველაზე მეტი, 5 წყვილი, მის საკუთრებაშია და, ამას გარდა, კაბელი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ლიანდაგს გასდევს. 12 წყვილიდან 4 „სილქნეტის“ საკუთრებაა, ერთი შპს რკინიგზის ტელეკომის, 2 წყვილი ძალოვანი უწყებების და ერთიც ინტერნეტ პროვაიდერ „კაუკასუს ონლაინის“. ამავე კაბელით მიეწოდება ინტერნეტი მეზობელ სომხეთს.

როგორც საქართველოს რკინიგზაში განგვიმარტეს, 2000-2003 წლებში, „ტრასეკას“ პროექტის ფარგლებში, კოპმანია „სიმენსმა“ გაიყვანა კაბელი საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. საქართველოს რკინიგზის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსი დავით წივწივაძე განმარტავს, რომ კაბელი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით არის გაყვანილი, ის მიწაშია ჩამარხული ზოგან ერთ მეტრსა და 20 სანტიმეტრზე, ზოგან კი უფრო ღრმად, გრუნტის გათვალისწინებით. დავით წივწივაძეს ამბობს:

”ჩვენ იმას ვერ შემოვღოვაბთ, რადგან ეს არის 620 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალი, რომელიც საქართველოს პრაქტიკულად შუაზე ყოფს, ანუ იქ ღობე ვერ გაკეთდება. ის აუცილებელი სტანდარტული გადაწყვეტები, რაც ამ კაბელის დაცულობას განაპირობებს, თავის დროზე ”სიმენსმა” გააკეთა და დაგვრჩა და დაგვრჩა.”

დავით წივწივაძის ინფორმაციით, იქ, სადაც ლიანდაგის გასწვრივ კაბელის გატარება შეუძლებელი იყო, ხიდებზე და ა.შ., „სიმენსმა“ კაბელი სპეციალურად დაცულ ლითონის მილში მოათავსა და სპეციალური ნიშნებიც დაურთო - ეს არის პატარა ბეტონის ბოძები, შესაბამისი ინფორმაციით:

”ეს გამაფრთხილებელი ნიშნები იმდენად მოსახლეობისთვის არ არის, რამდენადაც ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომ იქ არ ვაწარმოოთ გათხრა, სადაც შეიძლება კაბელი გადიოდეს, თორემ იქ მოსახლეობა საერთოდ არ უნდა ხვდებოდეს.”

ამ კაბელის დაზიანების შემთხვევა 2003 და 2004 წლებშიც იყო. მას შემდეგ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულა, ამბობს დავით წივწივაძე. მისივე ინფორმაციით, ლიანდაგის ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ კარგად იცის, რომ კაბელი სპილენძს ან სხვა ისეთ ლითონს არ შეიცავს, რომლის ჯართში ჩაბარებაც შეიძლება:
” როდესაც „სიმენსმა“ გაიყვანა კაბელი და დაამთავრა მუშაობა, კაბელის ნარჩენები დაიჭრა პატარ-პატარა ნაჭრებად და ჩამოყრილი იყო მთელი ამ მაგისტრალის გასწვრივ, რომ ადამიანებს ენახათ, რომ ამ კაბელში სპილენძის ნატამალი არ არის და მოსახლეობამ ეს იცის.”

საქართველოს ინტერნეტ პრივაიდერების უმეტესობა სწორედ ამ კაბელის მეშვეობით აწვდის მომსახურებას აბონენტებს, თუმცა კომპანია „სილქნეტს“ ალტერნატიული საშუალებებიც აქვს. „სილქნეტის“ ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი სიყმაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კომპანია ამ რესურსს ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამოიყენებს:

”ორი სხვადასხვა მიმართულებიდან ვიღებთ ინტერნეტს, ეს არის დასავლეთის მიმართულება თურქეთიდან და არის აღმოსავლეთის მიმართულება და, შესაბამისად, დარეზერვებულია ამ მხრივ ინტერნეტის მოწოდება და ერთი მხრიდან გათიშვის შემთხვევაში მეორე მხრიდან მოგვეწოდება ინტერნეტი და გათიშვის შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ რაღაც რაოდენობა ტრაფიკის მივაწოდოთ ჩვენს აბონენტებს. შესაბამისად, სერვისის წყვეტა აქვთ მინიმალური.”

თუმცა ირაკლი სიყმაშვილი, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს ამ ალტერნატიულ წყაროებს. ამასთან, ამბობს, რომ, „სილქნეტის“ გარდა, მსგავსი რესურსი საქართველოში კომპანია „ფოპტნეტსაც“ აქვს, რომელიც ნოვოროსიისკიდან იღებს ინტერნეტს.
XS
SM
MD
LG