Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი იცავს მის მიერ შეტანილ ფინანსურ წვლილს გაეროში


გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროს უშიშროების საბჭო
გაეროში აშშ-ის ელჩს სიუზან რაისს ამ ორგანიზაციაში ვაშინგტონის ფინანსური შესატანის დაცვა მოუხდა, როცა კონგრესის გავლენიანი წევრი გამოვიდა წინადადებით, გაეროში რეფორმების გატარებამდე აშშ-მა თავისი შესატანი შეაჩეროს. რაისის თქმით, დაფინანსების შეწყვეტით ან პროგრამების შერჩევითი დაფინანსებით აშშ-მა შესაძლოა გაეროში ლიდერის როლი დაკარგოს.

გაეროში აშშ-ის ელჩი იძულებული გახდა დაეცვა ორგანიზაციაში ვაშინგტონის ფინანსური შესატანი მას შემდეგ, რაც კონგრესის გავლენიანი წევრი გამოვიდა წინადადებით, აშშ-მა თავისი შესატანი შეაჩეროს, სანამ გაეროში რეფორმები გატარდება.

რესპუბლიკელ ილეანა როს-ლეჰტინენს უკვე დიდი ხანია გაეროს კრიტიკოსად იცნობენ. ის გაეროს მიიჩნევს გაბერილ ბიუროკრატიულ სტრუქტურად, რომელიც ისრაელის საწინააღმდეგო სენტიმენტს ატარებს. როს-ლეჰტინენი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს - სწორედ ამ კომიტეტში გაიმართა სხდომა, სადაც აშშ-ის მხრიდან გაეროში ფინანსური შესატანის შეწყვეტის ავ-კარგზე იმსჯელეს: „აშშ-ის მხრიდან გაეროს რეფორმირებისთვის გატარებული თითქმის ყველა შედეგიანი მცდელობა ემყარებოდა ჩვენი შესატანის შეწყვეტას - მანამ და თუკი საჭირო რეფორმები გატარდებოდა“.

სხდომაში მონაწილეობას იღებდა გაეროში აშშ-ის ელჩი სიუზან რაისი. მან დამსწრეებს თავისი პერსპექტივა გააცნო, რომ გაეროში აშშ-ის ლიდერის პოზიცია ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას ზრდის. რაისმა რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება - მათ შორის იყო: კონფლიქტების და ერებს შორის ომების თავიდან აცილება; ბირთვული იარაღის გავრცელების დაუშვებლობა; ტერორისტების და ადამიანის უფლებების დამრღვევი ლიდერების იზოლირება სანქციების მეშვეობით; ბუნებრივი კატასტროფით ან ომით გაჩანაგებულ ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა და ისეთი ამერიკული ღირებულებების დანერგვა, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვა.

რაისი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ გაეროში შესატანის გადახდის შეწყვეტით აშშ-ის ლიდერის პოზიცია დასუსტდება: „ეჭვგარეშეა, რომ როცა აშშ-ს გაეროს ვალი აქვს, როცა ვერ ვასრულებთ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შესატანის გადახდასთან მიმართებით, ჩვენი გავლენა მცირდება, ჩვენი პოზიცია მყიფე ხდება და ჩვენს შესაძლებლობას, განვავითაროთ მნიშვნელოვანი ინიციატივები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების სასარგებლოდ, მნიშვნელოვნად ეთხრება ძირი.“

სიუზან რაისი ეთანხმება მოსაზრებას, რომ გაეროში რეფორმები საჭიროა, თუმცა აცხადებს, რომ აშშ მსოფლიო ორგანიზაციაზე უკვე ახდენს წარმატებით გავლენას გარკვეული ცვლილებების მიღწევის მიზნით, მაგრამ ამისათვის მას არ უწევს დამუქრება, რომ დაფინანსებას შეწყვეტს.

აშშ გაეროს ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია - ამერიკული დოლარები გაეროს ყოველწლიური ბიუჯეტის 22 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდის იაპონია - 12 პროცენტით. კონკრეტულ თანხებს რაც შეეხება, 2011 წლის ბიუჯეტისთვის ობამას ადმინისტრაცია ამ მიზნით დაახლოებით 2.7 მილიარდ დოლარს ითხოვს.

შესადარებლად:ზოგიერთი წევრი ქვეყნის ყოველწლიური შესატანი მხოლოდ 35 ათასი დოლარით შემოიფარგლება.

ილეანა როს-ლეჰტინენი წარმოშობით კუბელი პოლიტიკოსია - ის სულ პატარა გოგონა იყო, როცა მისი მშობლები კუბიდან აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. მას საგარეო პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის ეროვნული ინტერესების გულმხურვალე დამცველად იცნობენ, რაც გაეროს დაფინანსების საკითხთან მიმართებითაც გამოიკვეთა: „ჩვენ გაეროს ის პროგრამები და ნაბიჯები უნდა დავაფინანსოთ, რომლებიც ჩვენს ინტერესებს და ღირებულებებს ამყარებს. სხვა ქვეყნებს სხვა რაღაცების დაფინანსება თუ უნდათ, თავად გააკეთონ ეს.“

თუმცა, სიუზან რაისის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია ამ მიდგომას უარყოფს. გაეროში ვაშინგტონის ელჩის თქმით, ორგანიზაციის მიმართ აშშ-ის ფინანსური ვალდებულებების ერთგვარ „მენიუდ“ აღქმამ შეიძლება სხვა ქვეყნებსაც უბიძგოს იგივე გააკეთონ, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა ისევ აშშ-ს დაუჯდეს ძვირად.

როს-ლეჰტინენის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მხარე იყო გაეროს ტენდენცია, საშუალება მისცეს რეპრესიულ მთავრობებს ხელმძღვანელის პოსტები დაიკავონ ადამიანის უფლებების კომიტეტში. როს-ლეჰტინენმა რაისს ჰკითხა, რატომ არის ირანი წარმოდგენილი ქალთა სტატუსის შესახებ კომისიაში, ან კუბას რატომ აქვს ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ადამიანის უფლებების საბჭოშიო. როს-ლეჰტინენმა ისიც გაიხსენა, რომ სირია, სადაც ახლახან პროდემოკრატიულ დემონსტრანტებზე სასტიკი ზეწოლა განახორციელეს, ამ საბჭოში ადგილის მოპოვებას უპრობლემოდ ცდილობს.

რაისმა აღიარა, რომ პრობლემები მართლაც არსებობს, თუმცა პოზიტიურ პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, აღნიშნა, რომ გაეროში ახლახან ირანში ადამიანის უფლებების საკითხზე საგანგებო მომხსენებლის პოსტი შეიქმნა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული განხილვა სხვა საკითხებსაც შეეხო - იქნებოდა ეს აშშ-ის მხრიდან გაეროში საწევროს შეტანის ფორმა თუ ისრაელის და პალესტინელების კონფლიქტი.

პარასკევ დილით როს-ლეჰტინენს და კონგრესის სხვა წევრებს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი შეხვდა საგანგებო საუზმეზე. აშშ-ის მხრიდან ჩართულობა და ლიდერის როლი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა გაერომ იმ მრავალი მიზნის წარმატებით მიღწევა შეძლოს, რაც მისგან ამერიკას სურსო,უთხრა ბან კი-მუნმა ამერიკელ პოლიტიკოსებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG