Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 8 აპრილი 2011

  • ნიკო ნერგაძე

დღეს ქართულ პრესაში ბოლო რამდენიმე თვის მთავარმა განსახილველმა თემამ, რევოლუციამ, უკანა პლანზე გადაინაცვლა და წინ საარჩევნო გარემოს საკითხმა წამოიწია. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ამისა ჯეიმს აპატურაის ვიზიტი გახდა. ამის შესახებ პირველ გვერდზე ”რეზონანსი” და ”24 საათი” წერდნენ. ”24 საათით” დავიწყოთ. ”ნატო და ქართული არჩევნები”, ასე ჰქვია სტატიას. "ოპოზიციურმა „რვიანმა“ მიიღო დასტური, რომ ნატოს გენმდივანი დაინტერესებულია საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით. ერთ კვირაში ნატოს მინისტერიალი გაიმართება და აპატურაიმ გვითხრა, რომ დღის წესრიგში შეტანილი საკითხებიდან ერთ-ერთი საქართველოს საარჩევნო გარემოს საკითხია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება მთავარი ინდიკატორია, რამდენად აქვს პერსპექტივა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას", - უთხრა ”24 საათს” "მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

რაც შეეხება თავად ამ მოლაპარაკებებს, ამის შესახებ ”ახალ თაობას” ირაკლი ალასანია ესაუბრა. "არ მგონია, მოლაპარაკებების დასრულება მმართველი გუნდის ინტერესებში შედიოდეს და დაასრულა თუ არა, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ჩვენი დამატებითი შეთავაზებები ნამდვილად ტოვებდა იმის სივრცეს, რომ შეთანხმება შემდგარიყო. "ნაცმოძრაობაშიც" არიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან - თუკი მოლაპარაკებების სივრცე ჩაიკეტება, მაშინ პროცესები ბუნებრივად რადიკალიზაციისკენ წავა, რაც ქვეყანას მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს”, - უთხრა ალასანიამ ”ახალ თაობას”.

”რეზონანსი” წერს მედიაგამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში უნდა განეხილათ. გაზეთი წერს, კანონპროექტის შესახებ საზოგადოება კი არა, არავინ არის ინფორმირებულიო: ”პარლამენტი დღეს უცნობი კანონპროექტის განხილვას გეგმავს. მედიაგამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონპროექტის დამუშავება 4 თვეა მიმდინარეობს და ხელისუფლებას გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული. თავისთავად ის საკითხი, თუ რატომ ვერ ხერხდება გადაწყვეტილების მიღება, საკმაოდ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ამასთან დაკავშირებით ზეპირი შეთანხმება არსებობდა. ამ შემთხვევაში კი საინტერესო ის არის, სესიაზე უცნობი კანონპროექტის განხილვა რამდენად კანონზომიერია". სტატიას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.

„ვერსიის“პირველი გვერდი დღეს თითქმის მთლიანად ირინა სარიშვილის გამონათქვამებს უჭირავს - გაზეთი მასთან ინტერვიუს აქვეყნებს. სარიშვილი ოპოზიციაში ყველას აკრიტიკებს: „რვიანზე“ ამბობს, ზოგს მინისტრის მოადგილეობა უნდა, ზოგს კი სხვა პოსტიო; „სახალხო კრება“ და „ქართული პარტია“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ესწრაფვიან, რადგან მათ კვოტები განაღდებული აქვთო. ინტერვიუს მთავარი გმირი, აკაკი ასათიანი კი, ირინა სარიშვილის თქმით, ოპოზიციას ქუჩის პროტესტისთვის აერთიანებს, რომელიც შემდეგ სააკაშვილმა უნდა დაარბიოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და გაიმარჯვოს. ინტერვიუს სრული სახით „ვერსიაში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG