Accessibility links

logo-print

ინფლაციასთან ბრძოლის შედეგები


ინფლაცია, 2010 წლის მარტი - 2011 წლის მარტი

ინფლაცია, 2010 წლის მარტი - 2011 წლის მარტი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მარტის თვეში წლიურმა ინფლაციამ თითქმის 14 პროცენტი შეადგინა. თუმცა იქვეა აღნიშნული, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე ინფლაცია ნულს გაუტოლდა. ხელისუფლება ამას მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ანტიინფლაციურ ღონისძიებებს უკავშირებს.

მთავრობა და ეროვნული ბანკიც არ უარყოფს იმას, რომ მათ უნდოდათ ინფლაციის საშუალებით ეკონომიკის სტიმულირება, ეგრეთ წოდებული თარგეტული, ანუ მიზანმიმართული, ინფლაციის წესის გამოყენებით ...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტის თვეში გამოანგარიშებული წლიური ინფლაცია თითქმის 14 პროცენტია, რომლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია სასურსათო პროდუქციასა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების მატებამ, მაშინ როდესაც, თებერვალთან შედარებით, მარტის თვეში ინფლაცია თითქმის არ ყოფილა. ინფლაციის ამ ორი მაჩვენებლის შესახებ სტატისტიკის სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე ამბობს:

”მარტის თვეში მაღალი ცვლილებები არ ყოფილა. უფრო მეტიც, ისეთი პროდუქტები გაიაფდა, რომელსაც დიდი წვლილი შეჰქონდა ინფლაციაში. მაგალითად, გაიაფდა რძის პროდუქტები, გაიაფდა შაქარი.”

ზაზა ჭელიძის უწყებამ ამ მონაცემების საფუძველზე მიიღო თვიური ინფლაციის ნულოვანი მაჩვენებლები, წლიური ინფლაციის ზრდა კი გასული წლის მარტში მომხდარი დეფლაცის შედეგია.

რისი ბრალია მაღალი ინფლაცია?

საქართველოში ინფლაციას ხშირად გარე ფაქტორებს - ძირითადად, ხორბლისა და ენერგომატარებლების გაძვირებას - აბრალებენ, თუმცა სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების ზრდის ტემპი, წლიური 24 პროცენტი, თითქმის სამჯერ ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ყურძნის ფასის 65 პროცენტიანი მატება.

ასეთივე მკვეთრი სხვაობაა პურპროდუქტების ფასის ზრდასა და, მაგალითად, ხილის ან კარტოფილის გაძვირებას შორის. მიუხედავად ამისა, მთავრობა ინფლაციის მთავარ მიზეზად მაინც გარე ფაქტორებს მიიჩნევს. შეგახსენებთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორიოდე თვის წინანდელ განცხადებას:

„მსოფლიო ბაზარზე მიდის ძალიან ცუდი პროცესები. ნავთობი ძვირდება, ისევე როგორც საბაზისო კვების პროდუქტები (წიწიბურა, შაქარი, ხორბალი) და მომავალი წლის მოსავლის ბედიც გაურკვეველია. ამიტომ მე არ მინდა ჩვენი ხალხი მოვატყუო: ინფლაციური პროცესები გაძლიერდება.“
სომხეთში იყო 12,4, რუსეთში - 9,5 უკრაინაში არის 7,2, თურქეთში - უფრო დაბალი, 4.1. ჩვენთან იყო ყველაზე მაღალი...

პრეზიდენტის ამ განცხადებისა და მთავრობის მსგავსი პოზიციისგან განსხვავებით, ეკონომიკის ექსპერტს, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტს გია ჯანდიერს მიაჩნია, რომ ინფლაციის ძირითადი მიზეზი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებია:

”საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკიც არ უარყოფს იმას, რომ მათ უნდოდათ ინფლაციის საშუალებით ეკონომიკის სტიმულირება, ეგრეთ წოდებული თარგეტული, ანუ მიზანმიმართული, ინფლაციის წესის გამოყენებით. ეს ვერ გააკეთეს და, მეორეც, ვერ გათვალეს, როგორ უნდა გამკლავებოდნენ სურსათის გაძვირებას.”

გია ჯანდიერი აღნიშნავს, რომ ამგვარი პოლიტიკა მეზობელ თურქეთშიც გაატარეს, მაგრამ იქ უფრო მომზადებულნი შეხვდნენ სურსათის გაძვირებას და გასული წელი თითქმის 2-ჯერ ნაკლები ინფლაციით დაამთავრეს, ვიდრე ეს იყო საქართველოში. თურქეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოში გასულ თვეს არსებული ინფლაციის შედარება ვთხოვე სტატისტიკის სამსახურის უფროსს ზაზა ჭელიძეს.

”სომხეთში იყო 12,4, რუსეთში - 9,5 უკრაინაში არის 7,2, თურქეთში - უფრო დაბალი, 4.1. ჩვენთან იყო ყველაზე მაღალი. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. შარშან ჩვენთან უფრო დაბალი ფასები იყო, ვიდრე იმ ქვეყნებში. შესაბამისად, წელს ჩვენთან უფრო მაღალი ინფლაციაა.”

ინფლაციის დაძლევის გზები

ასეთი ვითარების დაძლევას საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა გზებით ცდილობს. პირველი, ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება, რომელსაც უკვე ახორციელებს ეროვნული ბანკი, თუმცა მან სიმკაცრის მაქსიმუმს უკვე მიაღწია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ურჩევს საქართველოს ეროვნულ ბანკს საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო გაზარდოს.
გახსნას საზღვარი, მოხსნას სასოფლო-სამეურნეო [პროდუქციაზე] საბაჟო და კონკურენცია რომ იქნება, გაიაფდება...

ინფლაციის შედეგების შესამცირებლად საქართველოს მთავრობა, ვაუჩერების დარიგებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სუბსიდირებასაც აპირებს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აგრარულ მთავრობად უნდა გადაიქცეს:

”მთავარი სოციალური დაცვა ეს არის ჩვენი მთავრობის აგრარულ მთავრობად ქცევა და ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ბევრად მეტი შემოსავალი.”

ოპოზიცია და ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ჯგუფი მთავრობისგან სოფლის მეურნეობაში უფრო მეტ ჩარევას მოითხოვს, თავად მოსახლეობა კი სხვადასხვაგვარად ფიქრობს. რადიო თავისუფლება ინფლაციის შემცირების შესახებ თბილისის ბაზრის მოვაჭრეებს გაესაუბრა.

თბილისის ერთ–ერთი ბაზარი
”ჩვენს გლეხს უნდა შეუწყოს ხელი. სარწყავში რომ საათში 45 ლარს გადაიხდის, რა უნდა მოიყვანოს?”

”გახსნას საზღვარი, მოხსნას სასოფლო-სამეურნეო [პროდუქციაზე] საბაჟო და კონკურენცია რომ იქნება, გაიაფდება. თურქეთიდან რომ მოდის, ლარი ჯდება, მოიხსნება 12 პროცენტიანი [გადასახადი] და გამოვა 80 თეთრი.”

არიან ეკონომიკის ისეთი ექსპერტებიც, რომლებიც, მოსახლეობის მსგავსად, სკეპტიკურად უყურებენ ინფლაციასთან სოფლის მეურნეობის სუბსიდირებით ბრძოლას. მათ შორისაა ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერიც. ის ფიქრობს, რომ სუბსიდირებით, მაღალი დანახარჯებით მიღებული პროდუქციის რეალიზება გაჭირდება. გია ჯანდიერი მთავრობას ინფლაციასთან ბრძოლის და ეკონომიკის გაჯანსაღების სხვა გზას სთავაზობს:

”საქართველოში დღეს ამოცანა უნდა იდგეს იმაზე, რომ მიწის პრივატიზაცია ბოლომდე მივიყვანოთ და, მეორეც, ვიფიქროთ იმაზე, რაც შეიძლება გაადვილდეს სამუშაო ადგილების შექმნა ქალაქად. იმიტომ რომ, ჩვენ თუ ვიფიქრებთ, რომ უნდა გამსხვილდეს მიწები, მაშინ რაღაც ნაწილი ამ მოსახლეობის, რომელიც იქიდან წამოვა ქალაქში, მათ უნდა სამუშაო ადგილები დახვდეს ქალაქში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან მომიტინგეებს და დამთავრდება ამით.”

ამ მიზნების მისაღწევად ეკონომიკის ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის კონსტიტუციით განმტკიცებას, საგადასახადო კოდექსის მოწესრიგებას და გადასახადების შემცირებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG