Accessibility links

სამაუწყებლო პრიორიტეტები მედიაბაზრის მრავალფეროვნებისთვის


ტელეარხ PIK-ის სტუდია

ტელეარხ PIK-ის სტუდია

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ლიცენზიების გაცემის მომდევნო რაუნდზე პრიორიტეტი ახალი ამბებისა და საგანმანათლებლო გადაცემების მიმწოდებელ არხებს მიანიჭოს. კომისია პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას 18 აპრილს მიიღებს.

პრიორიტეტები განსაზღვრული უნდა იყოს საჯარო კონსულტაციების შედეგადაც. ამ ეპატზე ჩვენ ვერ ვხედავთ საჯარო კონსულტაციებს ...
”ჩვენ ვიმედოვნებთ, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, - რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საბჭო მომავალი წლების სალიცენზიო პრიორიტეტების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღებს საქართველოს სატელევიზიო ბაზრის რეალობას, რომელიც გასართობ პროგრამებს მრავლად გვთავაზობს, მაგრამ ჟურნალისტური კონკურენციის ნაკლებობას განიცდის.”

საქმე ისაა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც ორგანიზაცია ”ბი სი ჯიმ” კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით შეასრულა და რომლის შედეგებმაც ლიცენზიის მაძიებელთა პროგრამული პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს, საქართველოს მოქალაქეები, ანალიტიკურ და საინფორმაციო გადაცემებთან შედარებით, უპირატესობას მუსიკალურ და გასართობ პროგრამებს ანიჭებენ. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შიშობს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ლიცენზიებზე უარის სათქმელად არ გამოიყენოს იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც საინფორმაციო გადაცემების, პოლიტიკური დებატების, საგამოძიებო ფილმების ან სხვა ინფორმაციული და საგანმანათლებლო შინაარსის პროგრამების მაუწყებლობას გადაწყვეტენ.

ისინი თვლიან, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნილება საზოგადოებაში არის ჟურნალისტურ გამოძიებასა და საინფორმაციო გამოშვებებზე. მაგრამ რას ემყარება მათი ეს თვალსაზრისი, ამ განცხადებაში არ წერია...
”პრიორიტეტები განსაზღვრული უნდა იყოს საჯარო კონსულტაციების შედეგადაც. ამ ეპატზე ჩვენ ვერ ვხედავთ საჯარო კონსულტაციებს და ასევე მოვუწოდებთ მარეგულირებელ კომისიას, რომ დაიწყოს ეს საჯარო კონსულტაციები სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იმის გამო, რომ არ ვიცით, თვითონ კვლევა როგორ ჩატარდა, ვშიშობთ, რომ ეს კვლევა შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომავალი პრიორიტეტების საფუძვლად გახადოს იგი”, ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი კი განმარტავს, რომ საჯარო მოსმენები გაიმართა 5 აპრილს კომისიის სხდომაზე, რომელზეც კვლევის შედეგები განიხილებოდა. განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე სამოქალაქო სექტორისა და თავად მაუწყებლობების წარმომადგენლები. იგი ამბობს, რომ 18 აპრილს - მანამ, სანამ კომისია მაუწყებლობის პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს - სხდომა ასევე საჯარო იქნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კითხვაზე კი, აპირებს თუ არა კომუნიკაციების ეროვნული კომისია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციების გათვალისწინებას, კახი ყურაშვილი პასუხობს;

”მე ამ განცხადებას გავაცნობ კომისიის სრულ შემადგენლობას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამ განცხადებაში მითითებულია იმის თაობზე, რომ ისინი თვლიან, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნილება საზოგადოებაში არის ჟურნალისტურ გამოძიებასა და საინფორმაციო გამოშვებებზე. მაგრამ რას ემყარება მათი ეს თვალსაზრისი, ამ განცხადებაში არ წერია. ერთაბზაციანი განცხადებაა შემოსული.“

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაცია ევროკავშირის დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგებს ეფუძნება: ”ევროკავშირის დაკვეთით და “CRRC”-ს მიერ 2009 წელს ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის საინფორმაციო პროგრამების მიმართ აქვს ინტერესი.”

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამ დროისათვის ლიცენზიის 20-მდე მაძიებლის განცხადებაა შესული. ამ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება ტელე-სამაუწყებლო პრიორიტეტების დადგენისთანავე განახლდება.
XS
SM
MD
LG