Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. საქართველოზე ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ირღვეოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, პატიმრების, იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებები; ყურადღება გამახვილებულია მედიის მდგომარეობაზე და აღნიშნულია, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელშიც საქართველოს საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა, მთავარ პრობლემატურ საკითხებად დასახელებულია საპატიმროებში არსებული მდგომარეობა, სასამართლოების დამოუკიდებლობა, კანონის შერჩევითი გამოყენება; საუბარია მთავრობაში მაღალი თანამდებობის პირთა დონეზე კორუფციის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.
ხაზგასმულია სხვა სამწუხარო ტენდენციაც: ბევრი გამოძიება მთავრობის წევრების მიერ ჩადენილი სავარაუდო უკანონო ქმედებებისა, წელსაც და წინა წლებშიც, ყოვნდებოდა და ყოვნდება ...

ანგარიშში ნათქვამია, რომ იყო შეტყობინებები ბიზნესზე ზეწოლის შესახებ, ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიისათვის პოტენციური მხარდაჭერის აღკვეთის მიზნით. დაფიქსირდა, ასევე, ინფორმაციები მედიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ იყო შემთხვევები, როდესაც თბილისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებისას მათი უფლებები დაირღვა.

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა ანგარიშის შესახებ მედიამიმართვაც გაავრცელა, სადაც მთავარ ნეგატიურ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა:

”ანგარიშში ასევე ხაზგასმულია სხვა სამწუხარო ტენდენციაც: ბევრი გამოძიება მთავრობის წევრების მიერ ჩადენილი სავარაუდო უკანონო ქმედებებისა, წელსაც და წინა წლებშიც, ყოვნდებოდა და ყოვნდება, მაშინ როცა მსგავსი საქციელი, ჩადენილი მთავრობის ოპონენტების მიერ, პირიქით, ყოველთვის სწრაფად იყო ხოლმე გამოძიებული და აღსრულებული.”

ნეგატიური ტენდენციების შემდეგ ჯონ ბასი პოზიტიურ ცვლილებებსაც შეეხო:

ჯონ ბასი, აშშ–ის ელჩი საქართველოში
”ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ასევე პოზიტიური ტენდენციებიც. საქართველოს წელს ჰქონდა მნიშვნელოვანი წინსვლა, რაც გულისხმობს ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებისკენ მიმართულ საკანონმდებლო დამატებებს; საერთაშორისო სტანდარტების ციხეების აშენებას და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებს.”

შეერთებული შტატების ელჩმა აღიშნა ასევე, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს თანამშრომლობას სახელმწოფო დეპარტამენტი საქართველოსთან:

” ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ძლიერ ქართულ დემოკრატიას სჭირდება რაც შეიძლება ძლიერი კონკურენტული გარემო 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომაც ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი - მათ შორის, სამოცი მილიონი დოლარი, რომელიც წელს გამოიყო - ფოკუსირებულია საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერაზე, კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების დამცველებზე.”

ანგარიშში მოცემული მონაცემები არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მას დარღვევებად აფასებს, არამედ ამბობს იმას, თუ რა იყო ადგილობრივი საზოგადოებისთვის პრობლემა წლის განმავლობაში ...
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს პარლამენტის კომიტეტები შეისწავლიან, კომიტეტებში დაიბარებენ სხვადასხვა სფეროს მინისტრებს და ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომელთაც პრობლემური საკითხები შეეხებათ და საკომიტეტო მოსმენის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ანგარიშის პოზიტიური ნაწილიც საყურადღებოა:

”ძირითადი დარღვევა, რაც დაფიქსირებულია, ეს არის საპატიმროებში ადამიანთა მდგომარეობა. ეს არის პრობლემური თემა, თემა, რომელზეც ვმუშაობთ. იგივე თემა არის ასახული სახალხო დამცველის უკანასკნელ ანგარიშშიც. რაც შეეხება ანგარიშის მეორე ნაწილს, იქ ასახულია პროგრესის და წინსვლის ძალიან ბევრი ფაქტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში და, ალბათ, ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება.”

რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მწვავე ანგარიშია. სხვა ანგარიშებიც მაქვს წაკითხული და მგონია, რომ ნამდვილად ყველაზე მწვავეა ...
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ფორმატიდან გამომდინარე, ავტორები ძირითადად ადგილობრივი წყაროების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს ეყრდნობიან. ამჯერად ანგარიშის ძირითადი საფუძველი სახალხო დამცველის და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მომზადებული მოხსენებები გახდა. ის ფაქტები, რომლებიც ანგარიშში მოხვდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საკითხები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ასევე ქართული საზოგადებისთვის მნიშვნელოვანია:

”მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშში მოცემული მონაცემები არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მას დარღვევებად აფასებს, არამედ ამბობს იმას, თუ რა იყო ადგილობრივი საზოგადოებისთვის პრობლემა წლის განმავლობაში, ყველა შემთხვევაში ის, რომ ეს ფაქტები, ეს მოვლენები მოხვდა ანგარიშში, ნიშნავს, რომ ისინი აქტუალურია, ისინი არსებობს და ნამდვილად სერიოზული პრობლემებია და, შესაბამისად, ადეკვატური რეაქცია ის იქნება, რომ მათ ყურადღება მიეპყროს და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებებიც გატარდეს, რომ ქვეყანაში ეს პრობლემები მოგვარდეს.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ ეს ანგარიში ყველაზე მწვავე და კრიტიკულია, თუ წინა წლების ანგარიშებს შევადარებთ:

”რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე მწვავე ანგარიშია. სხვა ანგარიშებიც მაქვს წაკითხული და მგონია, რომ ნამდვილად ყველაზე მწვავეა. ამ ანგარიშში ასევე სხვა წლების ანგარიშებიც არის მოყვანილი, ანუ არა მარტო 2010 ან 2009 წლის, არამედ, როდესაც რაღაც ფაქტებზე არის საუბარი, მაგალითად, ამ მიმართულებით 2007 წელს რა ხდებოდა... მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან საფუძვლიანი ანალიზი იმისა, თუ რა ხდება დღეს საქართველოში.”

ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ამ ანგარიშის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც საქართველოში მრავალ პროექტს აფინანსებს, საკუთარ პრიორიტეტებს გადახედავს, როგორც საქართველოს პარტნიორი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG