Accessibility links

არის! პარლამენტმა მედიაგამჭვირვალობის კანონი დაამტკიცა. გაზეთი “რეზონანსი” ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ ჯგუფისა, ვინც კანონს, ასე ვთქვათ, კბილებით იცავდა. დღეს კი გაზეთი პირველ გვერდს დიდი წარწერით ხსნის: არის…

სტატიაში აღწერილია ის პროცედურული დარღვევები, რომლებიც პროცესს თან ახლდა. მოდით, უფრო თემატურ საკითხებს მივყვეთ. გაზეთში ერთ სრულგვერდიან სტატიას სამი ფოტოსურათი ახლავს: ქრისტიან- დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძის, უმრავლესობის წევრებისა და კანონის ინიციატორების - ჩიორა თაქთაქიშვილის და პავლე კუბლაშვილის. გუშინდელი თემატური დებატები პარლამენტში არსებითად სწორედ ამ ადამიანებს შორის გაიმართა. მოკლედ, ლევან ვეფხვაძე სტატიაში აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ტელემედიაბიზნესში მონაწილეობა არა მარტო საჯარო მოხელეებს უნდა აეკრძალოთ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. ოჯახის დეფინიცია გუშინდელ სხდომაზე მეორე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა, ჯონდი ბაღათურიამ გააკეთა. მან თქვა, რომ ოჯახი არის მეუღლე, შვილები და დედმამიშვილები. ამ თუ სხვა დეფინიციით, უმრავლესობამ დათვალა და განაცხადა, ასეთ შემთხვევაში აკრძალვა 100 000-მდე საქართველოს მოქალაქეზე გავრცელდება და ამდენ ადამიანს ვერ ავუკრძალავთო. უნდა დავძინოთ, რომ გუშინდელ სხდომაზევე ითქვა, ქვეყანაში დაახლოებით 27 ათასამდე საჯარო მოხელეაო. ასეა თუ ისე, 27 ათას ადამიანს ქვეყანაში - მათ შორის, მთავრობის პირებს, პარლამენტარებს და, მოკლედ, ყველა საჯარო მოხელეს - ტელებიზნესისკენ ლეგალური გზა ჩაეკეტა. ტელევიზიებს კი ვალდებულება აქვთ ვებგვერდებზე განათავსონ საკუთარი შემოსავლები და წყაროები.

რა უნდა ოპოზიციურ „რვიანს“, რას სთავაზობენ ისინი ხელისუფლებას? ასეთ კითხვას სვამს ისევ დღევანდელი „რეზონანსი“. ალბათ, საინტერესოა კონკრეტულად რაზეა ლაპარაკი. გაზეთი ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრება. ის ამბობს:

”საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს პარლამენტში ამომრჩეველთა განწყობის პროპორციული წარმომადგენლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ, ვთქვათ, ერთ პარტიას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 50 პროცენტი, მეორეს 30, ხოლო მესამეს 20 პროცენტი, არჩევნების შედეგად, პარლამენტში პირველ პარტიას უნდა ჰყავდეს დეპუტატთა 50 პროცენტი, მეორეს 30 პროცენტი, ხოლო მესამეს 20 პროცენტი.”

ვერაფერს იტყვი, ეს როგორ უნდა იყოს - როგორც ხდება დღეს?

”არსებული წესის გამო ზემოაღნიშნული პროპორცია ძალიან ირღვევა. მაგალითად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების დაახლოებით 52 პროცენტი მიიღო, მაგრამ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების უდიდესი რაოდენობის მოგების ხარჯზე პარლამენტში მისი წარმომადგენლობა 80 პროცენტია. ”

როგორც ვახტანგ ხმალაძე ხსნის, „რვიანი“ ცდილობს პროპორციის ისე დაბალანსებას, რომ ტერიტორიულ ერთეულებს პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავდეთ, მაგრამ ამან მთლიანი ბალანსი არ დაარღვიოს და თუ 50 პროცენტი აძლევს ხმას პოლიტიკურ პარტიას, დაახლოებით იგივე რაოდენობა პარლამენტარებისა შევიდეს იმ პარტიიდან პარლამენტში. თვითონ სტრუქტურა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს, საკმაოდ რთულია. როგორც ირკვევა, ოპოზიციურ „რვიანს“ რამდენიმე ვერსია აქვს შემუშავებული და ხელისუფლებისთვის წარდგენილი. თუმცა ხმალაძე წუხს, ხელისუფლება, იმის მაგივრად, შეეცადოს და ამ რთულ საკითხში გაერკვეს, მედიას იმისთვის იყენებს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ოპოზიცია მათთვის ხმის წართმევას ცდილობდესო.

„24 საათი“ „ენდიაის“ კვლევას აქვეყნებს გრაფიკის სახით. თავზე წარწერაა: „დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?“ 48 პროცენტი -ნაციონალური მოძრაობა, 9 პროცენტი - ქრისტიან-დემოკრატები. რაც შეეხება, „ვის მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე“, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს - 33 პროცენტი, გიორგი თარგამაძეს - 14 პროცენტი, ირაკლი ალასანიას - 7 პროცენტი. გაზეთში მოყვანილია გიორგი თარგამაძის სიტყვები: „ჩვენ იმდენი ხმა მივიღეთ, ყველა ერთად აღებულ ოპოზიციას ვაჯობეთო“. უმრავლესობა კი ამბობს, რიცხვებით კეკლუცობის დრო არ არის, რიცხვებმა გვაჩვენა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო.

აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ გუშინ, გვიან ღამით, ქართული საზოგადოებისადმი ამერიკის ელჩის საქართველოში, ჯონ ბასის, ვიდეომიმართვა რომელიც იუ თუბზე დევს ინგლისურად, ქართული სუბტიტრებით(http://www.youtube.com/watch?v=m-E-Lj5VQWc). ხუთწუთიან ვიდეოში ჯონ ბასი ლაპარაკობს ზოგადად დემოკრატიულ ტენდენციებზე და იმაზე, რომ ხელისუფლება ხშირად ვერ ახერხებს გამოხატოს ან უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. სასამართლოები უყურადღებოდ ეკიდებიან საქმეებს, რომლებიც სისტემის წევრთა წინააღმდეგ იწარმოება და სწრაფად რეაგირებენ სისტემის ოპონენტთა კანონდარღვევებზეო. ბასი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტის, ობამას პასუხი არაბულ რევოლუციაზე ცალსახაა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ადამიანების უნივერსალურ უფლებებს და არა სისტემებს ან მთავრობებს. ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენე, რომ ჯონ ბასის განცხადება გუშინ გვიან ღამით გავრცელდა და გაზეთები ამ საკითხს ვერ გამოეხმაურებოდნენ…

კვირის პრესა

საარჩევნო გარემო ისევ წინა პლანზეა. გაზეთები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას უკავშირებენ და წერენ, თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოზე მუშაობას კონსტრუქციულად ვერ დაასრულებს ოპოზიციასთან ერთად, ქვეყანას ევროპული ინტეგრაციისკენ გზა ჩაეკეტებაო. „24 საათი“ აქვეყნებს მასალას ჯეიმს აპატურაის ერთდღიანი ვიზიტის შესახებ. სტატიაში საუბარია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მაპ პლუსის ფარგლებში მიღწეულ წარმატებათა შეფასებაზე - მეტი აქვს ქვეყანას გაკეთებული, ვიდრე ვინმე ელოდებოდაო. თავად აპატურაი კი ამბობს: ”ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის პროცესში მონაწილეობსო.”

სტატიაში ოპოზიციაც საუბრობს: ნატოს მინისტერიალზე ერთ-ერთი თემა სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნებაო, საარჩევნო გარემოს რეფორმის პროცესს კი ნატოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, რაც, შენიშნავს ირაკლი ალასანია, ”ბატონმა აპატურაიმ დაადასტურაო”.

იგივე „24 საათი“ ჰყვება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე და შეხვედრებსა და კონსულტაციებზე, რომლებსაც კომისია საერთაშორისო პარტნიორებთან გადის.

რატომ იყო ირაკლი ალასანია ამერიკაში? - კითხულობს „ახალი თაობა“ 8 აპრილს. გაზეთი ალასანიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ალასანია აქცენტს სვამს დასავლეთის მხარდაჭერაზე რეფორმირების პროცესში და ამბობს, წარმატების მისაღწევად „რვიანმა“ უნდა შეძლოს და საზოგადოებას აუხსნას, თუ რას მოიცავს მთელი ეს პროცესი და რით არის ის მნიშვნელოვანიო.
XS
SM
MD
LG