Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის კულტურული ქრონიკა


მარტის ბოლოს ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა კარიკატურის გამოფენა, რომელსაც ქართული ლიტერატურის სახეებში წარმოდგენილი ისტორიაც შეიძლება ვუწოდოთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარიკატურის ისტორია, ამავე დროს, ერთგვარი ”მკვდარი ისტორიაცაა”. ეს ჟანრი - კვლავაც ძალზე პოპულარული დასავლეთში - საქართველოში, ფაქტობრივად, მკვდარია. არადა, საბჭოთა ეპოქაში, იმდროინდელი ცენზურის პირობებშიც კი არსებობდა... თუნდაც ჟურნალი ”ნიანგისა” და გიგლა ფირცხალავას კარიკატურების სახით.

ისე კი, გიგლა ფირცხალავა და ჟურნალი ”ნიანგი” ამ ჟანრის ერთგვარი კულმინაცია იყო. მანამდე გვქონდა რუსი კარიკატურისტის, ჩელიშჩევის, კარიკატურები, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში ინახება... მერე უკვე ქართული კარიკატურები...

გამოფენაზე წარმოდგენილია იუმორისტული გაზეთისთვის, ”ეშმაკის მათრახისთვის” შესრულებული კარიკატურები. ეს რევოლუციამდელი გამოცემაა, კარიკატურები 1908 წლით არის დათარიღებული და, ფაქტობრივად, მეოცე საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების საწყის ეტაპსაც ასახავს. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე გამოფენის კონცეფციაზე გვესაუბრება - ამბობს, რომ ორგანიზატორთა მიზანი იყო მაღალი ხარისხის ნამუშევრები გამოფენილიყო და ასევე კარიკატურები, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ.

გამოფენაზე წარმოდგენილია მწერლების ავტოშარჟები. გამოფენილია, მაგალითად, გალაკტიონის ჩანახატების ციკლი, სადაც პოეტი თავის ბიძაშვილს აშარჟებს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, ვის და რატომ დასცინოდნენ ქართველი მწერლები, რა იყო სასაცილო და რისი თქმა ან გამოხატვა არ შეიძლებოდა. 20-იან წლებში, შეიძლება ითქვას, არსებითად შეზღუდვები არ არსებობს - ექსცენტრიკა წამყვანია სიტყვასა და ნახატში. 30-იან წლებში ენა მძიმდება, სწორხაზოვანი ხდება და აშკარაა, რომ კარიკატურა მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ იდეოლოგიას ემსახურება. კარიკატურის პარალელურად ვითარდება ფუნაგორიის ჟანრი, რომელსაც, ლაშა ბაქრაძის თქმით, თავიდანვე მკაცრად განდევნის ცენზურა... თანაც, არამარტო სახელმწიფო ცენზურა... ფუნაგორიას არც საზოგადოება იღებს. პურიტანული საბჭოთა მორალისთვის, რომელიც ორმაგი სტანდარტების პროდუქტია, ”ფუნაგორიის ენა” მიუღებელია.

ლაშა ბაქრაძე
”ეს კარიკატურები ჩართულია წიგნში, რომლის პრეზენტაცია უკვე გვქონდა - ”ქართველი მწერლების ფუნაგორიები”, რომელიც გვიან გამოვიდა, რადგან ითვლებოდა, რომ ავსიტყვიანობაა შიგნით. გარდა ამისა, ეტყობა, ვერ წარმოგვედგინა, რომ ქართველ მწერლებს, შესაძლოა, ცუდიც დაეწერათ ზოგჯერ ერთმანეთზე. ამის გამო ეს პატარა რვეული ნიკა აგიაშვილისა დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებული იყო”, - გვითხრა ლაშა ბაქრაძემ.

ამ თვალსაზრისით ლიტერატურის მუზეუმში მოწყობილი გამოფენა ერთ სერიოზულ პრობლემას ასახავს - აღმოჩნდა, რომ ოდესღაც ქართველ მწერლებს თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთზე ქილიკი. დაუმატეთ ამას მხატვრული კრიტიკის საკმაოდ მაღალი დონე და გასაგები გახდება, როგორ უწყობდა ხელს კრიტიკული აზრი ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარებას. 20-იან წლებში ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რადგან განსხვავებული მიმართულებები, სტილი და ჟანრი თავისუფლად ვითარდება. 1932 წლიდან, როცა სტალინმა სოციალისტური რეალიზმის მეთოდი დაამკვიდრა კულტურაში, მრავალფეროვნებას ბოლო მოეღო, მაგრამ სატირა მაინც ცდილობს გადაირჩინოს თავი. რამდენიმე წელიწადში ქილიკი და ირონია ტრაგიკულ ფორმას იძენს - ადამიანები არათუ ქილიკობენ ერთმანეთზე, არამედ ერთმანეთს აბეზღებენ. კარიკატურა და ფუნაგორია, უბრალოდ, საშიში ხდება. თუკი რომელიმე სატირულ გამოცემაში ამა თუ იმ მწერლის თუ ხელოვნის კარიკატურა დაიბეჭდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მწერალს სტალინის ხელისუფლებასთან ჰქონდა პრობლემები. ასე რომ, კარიკატურის ისტორია არაა მხოლოდ სახალისო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეგრეთ წოდებული მეგობრული შარჟები კი, ალბათ, უფრო საბჭოთა პროდუქტია. ესაა, ფაქტობრივად, კომიკური პორტრეტები, რომელშიც ადამიანის გარეგნობა თამაშდება... ეს არის და ეს. აქ მხატვარი უზომოდ კორექტული უნდა ყოფილიყო. თუმცა გიგლა ფირცხალავა ასეთი შეზღუდვების პირობებშიც კი ახერხებდა გადაერჩინა კარიკატურის ჟანრი.

გამოფენის დამთვალიერებელს რომ ვაკვირდებოდი, ერთი რამ შევნიშნე - ყველა იღიმებოდა და ვერ მალავდა აღფრთოვანებას. დამთვალიერებელს ვესაუბრე კიდეც - ჩემს რესპონდენტებს შორის არავინ იყო, ვინც წუხილს გამოხატავდა, იკითხავდა, რატომ მოვკალით დღეს ეს ჟანრი, რატომ არ შეიძლება გაზეთებსა და ჟურნალებში უფრო ხშირად ვიხილოთ კარიკატურები თუნდაც ქართველ პოლიტიკოსებზე... ზაალ სულაკაური და კიდევ რამდენიმე კარიკატურისტი, ალბათ, არაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს ჟანრი ავაღორძინოთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG