Accessibility links

logo-print

გასული კვირის ზოგიერთი აქცენტი


საქართველოს პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის სხდომა

8 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები. ამ ცვლილებებით ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ლიცენზიის ფლობა აეკრძალათ, მაუწყებლებს კი შემოსავლების გამჭვირვალობა დაევალათ. ფინანსურ გამჭვირვალობაზე შეუთანხმებლობა კანონპროექტის მიღების რამდენიმეთვიანი გაჭიანურების მთავარი მიზეზი იყო. თავისუფალი მედიის განვითარების ხედვაში განსხვავებული მიდგომები ამ დღეებში კიდევ ერთ საკითხზე გაჩნდა- კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, საქართველოში მაყურებელს გასართობი გადაცემები უფრო აინტერესებს, ვიდრე საინფორმაციო და პოლიტიკური. გასული სამუშაო კვირა არანაკლებ დატვირთული გამოდგა სხვა სფეროებშიც.

გასული სამუშაო კვირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა საქართველოში სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის, ერთდღიანი, მაგრამ საკმაოდ დატვირთული ვიზიტი იყო. ვიზიტის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ძირითადი პრინციპები არ შეცვლილა, ნატო ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, მისი კარი ღიაა საქართველოსთვის და, იმავდროულად, მნიშვნელოვანია იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანება უნდა განაპირობონ.
საქართველოს ამ წელს ჰქონდა გარკვეული მნიშვნელოვანი მიღწევები, თუმცა კვლავ რჩება წინსვლის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით ...

”ნატო არ წყვეტს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. საქართველო თავად ირჩევს პრიორიტეტებს, ჩვენ კი მხარდაჭერას ვთავაზობთ ქვეყანას. მაგალითად, მნიშვნელოვანი იყო ახალი კონსტიტუციის მიღება, რასაც ნატო მიესალმება. ასევე უმნიშვნელოვანესია მომავალი არჩევნები. ვიცი, რომ საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარეების მცდელობას, მიაღწიონ კონსენსუსს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების თაობაზე”, განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, 7 აპრილს.

საქართველოს დემოკრატიულ და თავდაცვის რეფორმებზე საუბარი მომავალ კვირას ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. 8 აპრილს კი გამოქვეყნდა ადამიანის უფლებების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც მკვეთრი აქცენტები დაისვა ამ მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ირღვეოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის - პატიმრებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ მაღალი დონის კორუფცია საქართველოში საზრუნავად რჩება:

”საქართველოს ამ წელს ჰქონდა გარკვეული მნიშვნელოვანი მიღწევები, თუმცა კვლავ რჩება წინსვლის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით. ჩვენ კვლავ გვაღელვებს მოწოდებული ანგარიშები კანონის შერჩევით გამოყენებაზე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის ნაკლებობაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მთავრობის ჩარევაზე პროფესიული კავშირების საქმიანობაში.”

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი აღნიშნავს გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წინგადადგმულ ისეთ ნაბიჯებსაც, როგორიცაა: სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღება, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო დამატებები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აგება და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა.

გასულ სამუშაო კვირაში საქართველოში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებში აისახა. საზოგადოებრივი აზრის მორიგ კვლევაში გამოკითხულთა 61%-მა პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა:

” მთავარი, რაც კვლევამ აჩვენა, ისაა, რომ ეკონომიკური საკითხები მოსახლეობისათვის კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება. და მიუხედავად იმისა, რომ, მათი შეფასებით, მთავრობა გარკვეულ რეფორმებს ახორციელებს, ეკონომიკის სფეროში რეფორმებით გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავაც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. გამოკითხულთა მაღალი პროცენტი მხარს უჭერს დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებას. ამასთანავე, ნეგატიური რჩება განწყობა რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ხალხი დადებითად აფასებს, რომ პრეზიდენტისგან იგებს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ, თუმცა სურვილს გამოთქვამს, რომ ამავე საკითხზე ალტერნატიული მოსაზრებაც მოისმინოს.”
ასეთი წინადადების გახმოვანებით და ამ წინადადებების წარმოდგენით მისმა ავტორებმა პრაქტიკულად მოჭრეს გზები ყველანაირი კონსტრუქციული დიალოგისკენ ...

რაც შეეხება ალტერნატიულ პოლიტიკურ ხედვასა და მოსაზრებებს, გასულ კვირაში - კერძოდ, 5 აპრილს - საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მომუშავე ოპოზიციურმა „რვიანმა“ მაჟორიტარული დეპუტატების არჩევის წესზე ორი ახალი ალტერნატიული მოდელი წარადგინა. ”თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს:

”პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით. მეორე მოდელით: პარლამენტის 2/3 აირჩევა პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით, ხოლო 1/3 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, 50%-იანი ბარიერით.”

”ოპოზიციური რვიანის” მიერ შეთავაზებული ფორმულები მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის.
ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს არა პიროვნების ან პიროვნებების, არამედ სამართლის ...

”ასეთი წინადადების გახმოვანებით და ამ წინადადებების წარმოდგენით მისმა ავტორებმა პრაქტიკულად მოჭრეს გზები ყველანაირი კონსტრუქციული დიალოგისკენ. ანუ ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გავიდნენ მოლაპარაკებების მაგიდიდან. ბოლომდე არც მჯერა, რომ თავადაც ბოლომდე იყვნენ დარწმუნებულნი ასეთი სისტემის სისწორეში”, განაცხადა, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთგაგების დეფიციტით მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობა რომ არ გამოირჩევა, გასულ სამუშაო კვირაშიც არაერთი ფაქტით დადასტურდა. გამოვყოფთ ორ ხმაურიან ინციდენტს: ”სახალხო კრებამ” ქვეყანაში უკანონობისა და დანაშაულებების აღწერის მიზნით უზენაეს სასამართლოსთან გამართა აქცია-მოძრაობა, სახელწოდებით ”სამართალი მოდის”. იმავე დღეს სასამართლოსთან გაიმართა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, რომელიც პატიმრების უფლებების დამცველი სხვადასხვა ჯგუფის მიერ იყო მოწყობილი. აქციაზე მართლმსაჯულების ხარისხით უკმაყოფილო მომიტინგეებმა გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი, უზენაესი სასამართლოს კარზე დაკიდეს გვირგვინი და შენობას კვერცხები დაუშინეს. ამ ინციდენტის ფაქტზე დაკავებული 10 პირიდან ოთხს საქალაქო სასამართლომ 20-25 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ექვსი კი 400 -400 ლარით დააჯარიმა.

”ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს არა პიროვნების ან პიროვნებების, არამედ სამართლის. სამართალი, სხვათა შორის, ეს ისეთი წამალია, მწარეა, მაგრამ ყველას უხდება. სამართალი აუცილებლად მოვა”, განაცხადა 4 აპრილს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე აქციის ორგანიზატორმა შალვა ოგბაიძემ. აქციებს კი, თავის მხრივ, მოჰყვა უზენაესი სასამართლოს სპეციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ სამართლიანი სასამართლო მოსამართლეებზე ზეწოლით არ მიიღწევა.

იმავე დღეს, 4 აპრილს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში, აეროპორტში დაშვებისას, კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია ”აირზენა-საქართველოს ავიახაზების” კუთვნილმა თვითმფრინავმა. თვითმფრინავი გაეროს მისიას ემსახურებოდა. ბორტზე მყოფი 33 მგზავრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა.

დაბოლოს, გასულ სამუშაო კვირაშივე გახდა ცნობილი, რომ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ”ინტერ რაო ეესს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რუსული კომპანიის საკუთრება გახდა ჰიდროელექტროსადგურები ”ხრამჰესი ერთი” და ”ხრამჰესი ორი.” მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მდინარე ხრამზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას და ამ მიზნით მრავალმილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს.

ამავე კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა საქართველოს მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. 8 აპრილს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 2011 წლის საბიუჯეტო ცვლილებებს, რომელიც შემოსავლების 350 მილიონი ლარით, ხოლო ხარჯების დაახლოებით 240 მილიონი ლარით გაზრდას გულისხმობს. მთავრობის განცხადებით, აღნიშნულ ცვლილებებს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა დაედო საფუძვლად.
XS
SM
MD
LG