Accessibility links

logo-print

ისრაელის კომპანია საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატების გამო ედავება


ისრაელის თავდაცვითი კონცერნი "ელბით მაარახოტ"-ი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ,- იუწყება ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ სააგენტო "ნიუსრუსზე“ დაყრდნობით. შესაბამისი სპეციალური კომუნიკე კონცერნმა თელ-ავივისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე გააგზავნა. კომუნიკეს თანახმად, დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი 100 მილიონი დოლარის ღირებულების დავალიანებას უკავშირდება. კონცერნის მტკიცებით, საქართველოს მთავრობამ შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით 2007 წლის კონტრაქტით გათვალისწინებული დავალიანება არ გადაიხადა. გამოცემის ცნობით, 2007 წელს ისარელის კონცერნსა და საქართველოს მთავრობას შორის 40 უპილოტო საფრენი აპარატის, "Hermes-450"-ის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება დაიდო. საქართველომ აღნიშნული საფრენი აპარატები 2008 წელს მიიღო. გამოცემა ასევე წერს, რომ 3 ასეთი საფრენი აპარატი რუსეთის არმიამ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფხაზეთში ჩამოაგდო. "ნიუსრუს" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ "ელბიტ მაარახოტ"-ი საზოგადოებრივი კორპორაციაა, აღნიშნული სარჩელი იმ კონტექსტში განიხილება, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებას უკავშირდება. ორი დღის ისრაელმა საქართველო საშიში ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა. მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ისარაელ ბიზნესმენებს ზეევ ფრენკელსა და რონი ფუქსს პატიმრობა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG