Accessibility links

logo-print
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული კრიტიკული ანგარიშის საფუძველზე ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლასა და ანგარიშის დეტალურ განხილვას მოითხოვს. ანგარიშის მიხედვით, პრობლემებს შორის რჩება პატიმართა ცუდი მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, კანონის შერჩევითი გამოყენებისა და ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევები. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები ასევე მოითხოვენ იმ უწყებათა ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლებას, რომლებიც, ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევაში არიან შემჩნეული.

პატიმართა სიკვდილიანობა გაიზარდა ძალიან დიდი დოზით, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ძალიან ხშირად აქვს ადგილი...
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს ოთხმოცამდე გვერდი ეთმობა. ვრცელ ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება, როგორც პოზიტიური, ასევე კრიტიკული თვალსაზრისით. ანგარიშის ავტორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღება, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები, თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა და საერთაშორისო სტანდარტების ციხეების აშენება, თუმცა ანგარიშში ისიცაა ნათქვამი, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, კვლავ აქვს ადგილი შერჩევით მართლმსაჯულებას, კორუფციასა და პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. ანგარიშის საფუძველზე ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა, პრეზიდენტისაგან ორი მინისტრის - კობა სუბელიანისა და ხათუნა კალმახელიძის - თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა:

„პატიმართა სიკვდილიანობა გაიზარდა ძალიან დიდი დოზით, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ძალიან ხშირად აქვს ადგილი, პატიმრების უმეტესობისათვის ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა... ასევე პრობლემებია დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან მიმართებით. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ დევნილთა გამოსახლება ხდებოდა კანონის უხეში დარღვევით, ადგილი ჰქონდა არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებს. ყველა ეს მიზეზი საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ეს ორი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლონ.“

გიორგი ახვლედიანის მსგავსად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე მთავრობის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა გურამ ჩახვაძემაც - საქართველოს პარლამენტის წევრმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარების წინაპირობას ანგარიშში აღწერილი სავალალო ვითარება ქმნის, პარლამენტში საკითხის განხილვას სხვა - პოლიტიკური - დატვირთვაც ექნება:

ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი წყარო არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის შენიშვნები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შენიშვნებს ვიხილავთ და ვითვალისწინებთ...
„ეს არ უნდა იყოს უბრალოდ მოსმენა, ანუ იმ ტიპის მსჯელობა, რომ ამაში ვეთანხმებით და ამაში - არა. არამედ ეს უნდა იყოს აღქმული იმავე აშშ-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ისე, რომ საქართველო სერიოზულად ეკიდება მათ შენიშვნებს და ამ სერიოზულობის გამოვლინება იქნება სწორედ ის, რომ საპარლამენტო მოსმენის დონეზე ავა ეს საკითხი.“

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის კრიტიკა მისაღებია, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველაზე უხეშად ადამიანის უფლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე არაერთხელ უმსჯელია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსაც, რომლის თავმჯდომარის, ლაშა თორდიას თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებით ეცნობა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და, ხშირ შემთხვევაში, მასში მოტანილი ფაქტებითაც ხელმძღვანელობს:

„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი წყარო არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის შენიშვნები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შენიშვნებს ვიხილავთ და ვითვალისწინებთ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებთან მიმართებაში შესაძლებელია, რომ აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს. მაგალითად, ამ ანგარიშიდან კონკრეტულ თემას თუ ავიღებთ, კორუფციასთან მიმართებით გამოთქმულ შენიშვნებს არ მგონია, რომ დავეთანხმოთ. კორუფციასთან დაკავშირებით საქართველოში პრობლემა არ არის... თუ რამე არის მყისიერად გამოსასწორებელი, ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ყველა ცალკეულ შენიშვნას დეტალურად განვიხილავთ.“

ლაშა თორდია ფიქრობს, რომ მკაცრი ტონი და ანგარიშში მოტანილი ფაქტები უარყოფითად ვერ იმოქმედებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე, მით უფრო, რომ, მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს ანგარიშში მოტანილი ფაქტების უპირობო უარყოფას. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასიც იმედოვნებს, რომ ამერიკის მცდელობა, გააძლიეროს ქართული დემოკრატია, ნაყოფს გამოიღებს:

”ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ძლიერ ქართულ დემოკრატიას სჭირდება რაც შეიძლება ძლიერი კონკურენტული გარემო 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომაც ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი - მათ შორის, სამოცი მილიონი დოლარი, რომელიც წელს გამოიყო - ფოკუსირებულია საარჩევნო რეფორმის მხარდაჭერაზე, კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების დამცველებზე.”

საქართველოში კი ბევრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში უპრეცედენტოდ მკაცრია და საფუძვლიანი, რაც ექსპერტების ნაწილს აფიქრებინებს, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის განმსაზღვრელი იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG