Accessibility links

logo-print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მედია იუწყება, რომ სოხუმის დელეგაცია, პრეზიდენტ ბაგაფშის ხელმძღვანელობით, კმაყოფილი დაბრუნდა თურქეთიდან, თუმცა ამ კმაყოფილებასა და, საერთოდ, ბაგაფშის ოთხდღიან სტუმრობას თურქეთში კვლავაც არაერთი კითხვის ნიშანი უკავშირდება. რას ისახავენ მიზნად სოხუმის ლიდერები, რა შეიძლება მოჰყვეს გაღრმავებულ კონტაქტებს და როგორ აღიქმება ბაგაფშის ხელისუფლების მიზნები თბილისში?

ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ნახონ, რუსეთის, ვენესუელასა და ნიკარაგუას გარდა, არსებობს დანარჩენი მსოფლიო, რომელიც პროგრესულად აზროვნებს...
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, სერგეი ბაგაფშის ვიზიტი არავითარ შემთხვევაში არ ატარებდა ”ოფიციალურ ხასიათს”, რადგანაც თურქეთი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ანკარა კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწვეული დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი თურქეთს სამედიცინო მიზნებით სტუმრობდა.

ამგვარი განმარტებების ფონზე თბილისმა სრული სიმშვიდე შეინარჩუნა და, შეიძლება ითქვას, ფაქტი პრაქტიკულად უყურადღებოდ დატოვა.

”ჯობდა სამკურნალოდ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ჩამოსულიყო, სადაც არანაკლები ხარისხის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებდნენ”, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, რომელიც ბაგაფშისა და მისი მხლებლების თურქეთში სტუმრობას სასარგებლოსაც უწოდებს:

”ის, რომ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ასეთი არაოფიციალური ვიზიტით სხვა ქვეყნებში მოხვდებიან, ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ნახონ, რუსეთის, ვენესუელასა და ნიკარაგუას გარდა, არსებობს დანარჩენი მსოფლიო, რომელიც პროგრესულად აზროვნებს...”

შოთა მალაშხია ამბობს, რომ აფხაზური ეთნოსის შენარჩუნება მხოლოდ ძლიერი ქართული სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი და რომ დროა, აფხაზებმა ეს ყველაფერი სათანადოდ გაიაზრონ. თუმცა დემოგრაფიული პრობლემების დაძლევისა და გადარჩენის იმედებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, დიდწილად თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს უკავშირებს და სწორედ მათთან შეხვედრა სახელდება ვიზიტის მთავარ მიზნადაც - სოხუმში სურთ, რომ მეტი მხარდაჭერა და, რაც მთავარია, მეტი ინვესტიცია მიიღონ... როგორც ირკვევა, ბაგაფშს თურქეთში დაახლოებით 300-400 ათასი თანამემამულე ეგულება, თუმცა ბევრ ექსპერტს ეს მაჩვენებელი, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულად ეჩვენება და აღსანიშნავია ისიც, რომ მოჰაჯირთა შთამომავლების ამჟამინდელი ზუსტი რიცხვი არავისთვის არის ცნობილი.

თუმცა, როგორიც უნდა იყოს ზუსტი რიცხვი, ხსენებული დიასპორა საკმაოდ გავლენიანი რომ არის, ამაზე თითქმის არავინ დაობს. ჰოდა, ასეთი გავლენიანი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებამ, თუკი მას თბილისი პრევენციულ ღონისძიებებს არ დაუპირისპირებს, კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, შესაძლოა აფხაზებს თანდათან პოლიტიკური ქულებიც მოუტანოს:

”როგორც წესი, ეკონომიკური პროცესები შემდეგ იწვევს პოლიტიკურ პროცესებს... და საჭიროა, რომ ჩვენ გვქონდეს კავშირები და რაღაც სამუშაო რეჟიმი აფხაზეთის ხელისუფლებასთან მანამდე, სანამ ჩვენ დავდგებით მოულოდნელი და უსიამოვნო პროცესების წინაშე...”

ექსპერტთა ასეთი მოსაზრების მიუხედავად, თბილისი დარწმუნებულია, რომ შესაძლებლისა და დასაშვების მაქსიმუმი უკვე შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას, ჩართულობასა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული სტრატეგიის სახით. შეთავაზების ადრესატებმა კი არაფერი გაიზიარეს.

აფხაზეთის მხარე წინააღმდეგია, რომ ტვირთმა და ყველაფერმა დანარჩენმა ქართველი მებაჟეების კონტროლი გაიაროს...
რაც შეეხება უკანონო ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ამას პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნევს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. მას საგანგაშოდ სულაც არ მიაჩნია საკმაოდ ხშირად გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამადაც შეედინება თურქული ინვესტიციები:

”...ჯიბით თუ შეიტანს ვინმე ფულს - ეს პრობლემა ყველა სახელმწიფოში არსებობს არალეგალურად თანხების შეტანა... რაც შეეხება ოფიციალურ გზებს, სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი ჩართულობის სქემები. ანუ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ იმავე გალში, ოჩამჩირეში თუ სოხუმში დაიწყოს ბიზნესსაქმიანობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლების გავლით. სხვანაირ პროექტებზე კი ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც კრძალავს ნებისმიერ კომერციულ საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყველა ეს კანონი იქნება გამოყენებული, თუ გამოვლინდება ასეთი შემთხვევა.”

ანკარა რომ თბილისის გვერდის ავლით ოფიციალური ეკონომიკური კავშირების დამყარებას ერიდება, ამაზე საბორნე კავშირის თემაც მეტყველებს. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ 8 აპრილს უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზას”, სოხუმი ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს გასული საუკუნის 90-იან წლებში თბილისის ძალისხმევით შეჩერებული პირდაპირი საბორნე კავშირის აღდგენას აფხაზეთსა და თურქეთს შორის. ამ საკითხზე ანკარა თბილისს ელაპარაკება:

”ქართველები თურქებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუ როგორ შეიძლება საბორნე კავშირის აღდგენა. მაგრამ აფხაზეთის მხარე წინააღმდეგია, რომ ტვირთმა და ყველაფერმა დანარჩენმა ქართველი მებაჟეების კონტროლი გაიაროს... ჩვენთვის ეს მიუღებელია. ამიტომ ეს ჯერჯერობით საკმაოდ რთული საკითხია...”

ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, გამოიღებს თუ არა რაიმე სახის შედეგებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის თურქეთში ვიზიტი. ფაქტია მხოლოდ ის, რომ სოხუმი ანკარას ცალმხრივად განიხილავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ 7 აპრილს სერგეი ბაგაფშმა და მისი გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელმა თურქეთის საზღვარი რუსული პასპორტებით გადალახეს. ”ჩვენ გვქონდა აფხაზეთის დიპლომატიური პასპორტები, მაგრამ ჩვენ ვერ ვისარგებლეთ იმიტომ, რომ თურქეთი ჯერჯერობით არ აღიარებს ჩვენს საბუთებს”, - ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG