Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა


კენტ ლოგსდონი და გიორგი აბულაშვილი
კენტ ლოგსდონი და გიორგი აბულაშვილი
თბილისში 11 აპრილს გაიხსნა მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული, რომლის მიზანსაც განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარება წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. დაიწყო იმით, რომ კვირეულის გახსნის ცერემონიალზე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების თემაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, სკოლის მოსწავლეები დააჯილდოეს.

თეკლა გაბუნია და მარიამ ნანეიშვილი 34-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. მათ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების თემაზე შექმნილი ნამუშევრისათვის, რომელსაც „ენერგოეფექტური სახლი“ ჰქვია, სპეციალური სიგელი დაიმსახურეს.
ჩემი ოჯახი ყოველდღიურად იყენებს ღუმელს და სწორედ ამიტომ წარმოვადგინე ენერგოეფექტური ღუმელი ...

”დავგეგმეთ ”ჩემი ახალი სახლი”. ჩვენი პროექტი გულისხმობდა სახლებში ენერგიის დაზოგვას. მაგალითად, ენერგოეფექტური ნათურები, რომლებსაც ორწლიანი მოხმარების ვადა აქვს და ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურა. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ თბოიზოლაციასა და მზის ელემენტებზე. მათი საშუალებით სახლებში ცხელი წყლის უზრუნველყოფაა შესაძლებელი.”

12 წლის როლანდმა კი ენერგოეფექტური ღუმელის პროექტი შესთავაზა საზოგადოებას. თუ რატომ, ამის მიზეზს ის თავად ხსნის:

”ჩემი ოჯახი ყოველდღიურად იყენებს ღუმელს და სწორედ ამიტომ წარმოვადგინე ენერგოეფექტური ღუმელი, რაც ნიშნავს ღუმელს, რომელიც უფრო ცოტა შეშას საჭიროებს, ვიდრე სხვა, ჩვეულებრივი ღუმელები.”

დღითი დღე კლებულობს ბუნებრივი სათბობების რაოდენობა, ამიტომ აუცილებელია ახალი და ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, რაც საზოგადოებას ენერგიის დაზოგვის საშუალებას მისცემს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე:
დააკვირდით, რა რაოდენობის ენერგიას ხარჯავთ წყლის გასაცხელებლად. მისი ჩანაცვლება უკვე სერიოზულ ეკონომიას გვაძლევს...

”ჩვენ თუ სერიოზულად არ ვიზრუნეთ ენერგიის ყაირათიან ხარჯვასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, ძალიან მალე გაგვიჭირდება. მარტივი ენით რომ ვთქვათ, დავიწყოთ ყველაზე ელემენტარულით, ნათურით: ”ილიჩის” 300-ვატიანი ნათურა ერთი საათის განმავლობაში წვავს 0,3 კილოვატსაათ ელექტრულ ენერგიას. ეს 300-ვატიანი ნათურა შეიძლება შევცვალოთ 30-ვატიანი ნათურით და მივიღოთ იგივე განათება. სამაგიეროდ, ნახეთ? - ასეთ შემთხვევაში ჩვენ ათჯერ ნაკლებ ენერგიას მოვიხმართ. სწორედ ეს არის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება.”

მდგრადი ენერგეტიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან განშტოებას მზის ენერგია წარმოადგენს. სწორედ მზის ენერგიის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა საერთოდ გამოვრიცხოთ ცხელი წყლის მომარაგებაზე როგორც ბუნებრივი ენერგიის, ასევე ელექტრული ენერგიის ხარჯი, ამბობს გიორგი არაბიძე. მისი თქმით, საქართველოში ნელ-ნელა მკვიდრდება მზის ენერგიით შენობების გათბობის ტენდენცია, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებით ახალი შენობები გამოირჩევა.

გიორგი არაბიძე
”დააკვირდით, რა რაოდენობის ენერგიას ხარჯავთ წყლის გასაცხელებლად. მისი ჩანაცვლება უკვე სერიოზულ ეკონომიას გვაძლევს. ფაქტობრივად, მზის საშუალებით თქვენ უფასო ენერგიას იღებთ. მისი ჩანაცვლებით თქვენ სერიოზულ შეღავათს აძლევთ სახელმწიფოს, ქვეყანას და, რაც მთავარია, ბუნებასა და ეკოლოგიას”, - ამბობს გიორგი არაბიძე.

გადამჭრელი ზომები არის მისაღები იმისათვის, რომ ბალანსი ენერგიის მოხმარებასა და მიწოდებას შორის შევინარჩუნოთ, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე:

”ჩვენ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად პარალელურად გვექმნება პრობლემები ენერგიის მიწოდების, მისი ეფექტურად მოხმარების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ეს არის რესურსი, რომელიც დროთა განმავლობაში იწურება. ამიტომ გადამჭრელი ზომები არის მისაღები იმისათვის, რომ ბალანსი მოხმარებასა და მიწოდებას შორის შევინარჩუნოთ.”

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ერთ-ერთი მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობა, რომელიც უკვე ორი წელია ახორციელებს ახალი ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივის პროექტს, სახელწოდებით ”ნათელი”. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის კენტ ლოგსდონის თქმით, ამ ეტაპისათვის USAID-ის საჯარო საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ენერგოეფექტურობის საკითხებზე იმ საავადმყოფოებში, რომლებიც ახლახან შეკეთდა და აშენდა. ამასთანავე, USAID-ის და „ბი-პის“ ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაადგილდება ე.წ. ენერგოავტობუსი, რომელშიც წარმოდგენილი მასალები მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე.
XS
SM
MD
LG