Accessibility links

logo-print
”მთელი კვირა” დღეს, თავის წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ”საპარლამენტო უმრავლესობაში განიხილება ვარიანტი, რომელიც პარლამენტართა რაოდენობის 183-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ამაში კი გათვალისწინებული უნდა იყოს ოპოზიციის მოთხოვნები ისე, რომ ხელისუფლების ინტერესებს არსებითი საფრთხე არ დაემუქროს.”

”მთელ კვირაშივე” ქვეყნდება დღეს ვრცელი ინტერვიუ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან. ის ჟურნალისტს ეუბნება: ”შემიძლია გითხრათ, რომ სახელისუფლებო გუნდის გონიერ ნაწილში შევამჩნიე განცდა, გააზრება იმისა, რომ ასე ვერ გაგრძელდება, პოლიტიკური სისტემა ასე ვერ შენარჩუნდება. ამიტომ საჭიროა ცვლილება. ეს ცვლილება კი სწორედ ძირითად ოპოზიციურ ძალებთან უნდა იყოს შემუშავებული”. ამ ”გონიერი ნაწილიდან” ალასანია ინტერვიუში პარლამენტის სპიკერსა და უშიშროების საბჭოს მდივანს ასახელებს. ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში შეიჭრა ”ხისტი პოზიცია სააკაშვილის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილმა საზოგადოების მასშტაბური რეაქცია უნდა დაინახოს - ის, რომ მას ”რვიანი” კი არა, საზოგადოების დიდი ნაწილი ელაპარაკება”, - ამბობს ალასანია ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ყველამ დაიმახსოვროს, უჩვენოდ მაგ რეჟიმს ვერავინ შეცვლის”, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში და საუბრის ბოლოს დასძენს: ”აუცილებელი ბუნდოვანებისთვის გეტყვით, რომ წელს იქნება. უფრო კონკრეტულად, ცოტა ხანში. ვისაც გჯერათ, დაგველოდეთ.” ამავე ინტერვიუში ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს: ”რაც უნდა ხმამაღლა ჟღერდეს, აშკარაა, რომ საზოგადოება ავადაა. თანაც იმაზე მძიმედ, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისში იყო. საკუთარ მაგალითზეც მიადვილდება ამის თქმა, როდესაც გარკვეული ადამიანები იმას მაძახებენ, ციხეში ორ დღეზე მეტხანს რატომ არ გაძელი, რატომ ისევ იქ არა ხარ და პარიზში რატომ ცხოვრობ, მძაფრსიუჟეტიანი სეირის ყურება რატომ შეგვაწყვეტინე პირველივე სერიის დროსო. ისევ ციხეში რომ ვმჯდარიყავი, ვის იმედად უნდა ვყოფილიყავი, ამ ოპოზიციის თუ მიშას მართლმსაჯულების? ყველას სხვისი ხელით გაკეთებული უნდა და თუ ისე მოხდა, რომ დევნილი ქალივით სავალალო შედეგით და წარუმატებლად დასრულდა ხალხის გამოფხიზლებისათვის თავგანწირვის მაგალითის ჩვენება, შენც არ მომიკვდე, ვინმეს მეორე დღეს ახსოვდე.”

”ახალ თაობას” პოლიტიკურ ვითარებასა და გეგმებზე ესაუბრება ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა. ის თვლის, რომ ბოლო წლების მანძილზე ხელისუფლებას კარგად გამოსდის კულუარული გარიგებებით პოლიტიკურ პროცესს ჩამოაშოროს ძირითადი ოპოზიციური პარტიები: ”რეალურად ისეთი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, როდესაც, ერთი მხრივ, არც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ამჟამად ქვეყანაში და, მეორე მხრივ, ის მოლაპარაკებები, რომელიც ვითომდა თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ისახავდა მიზნად, ასევე ჩიხშია შესული. თავისთავად ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდნენ ისეთ ვითარებაში, როდესაც მათ არა აქვთ ხელისუფლების წინააღმდეგ არანაირი ბერკეტი.”

”ვერსიის” პირველი გვერდის ფოტომონტაჟი: გვერდიგვერდ კახა კუკავა, გოჩა ძასოხოვი და მალხაზ გულაშვილი და სათაური - ”ქართველი და რუსი პოლიტიკოსების გასაიდუმლოებული შეხვედრა სოჭში”. გაზეთი აპრილის ბოლოს გოჩა ძასოხოვის მიერ დაგეგმილი კონფერენციის შესახებ წერს, რომლის სახელწოდებაც იქნება - ”საქართველო-რუსეთი 2020 წელი. რა იქნება ხვალ?”. ”აღსანიშნავია ისიც, რომ ძასოხოვი მოსკოვიდან რადიკალური განცხადებების გაკეთებას არასდროს ერიდებოდა, თუმცა, როგორც ამბობენ, შესაბამის მომენტს ელოდება, რომ თავისი რეალური ზრახვები გამოავლინოს. ის ხშირად ატარებს ღონისძიებებს, აფინანსებს პროექტებს იმისთვის, რომ შეკრიბოს ქართულ-ოსური საზოგადოება და მისი თაოსნობით შეიქმნას კიდევ ერთი ახალი ფრონტი საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ”, - წერს ”ვერსიის” ავტორი.

გოჩა ძასოხოვთან ინტერვიუს აქვეყნებს ”ასავალ-დასავალი”. რესპონდენტი ამბობს: ”ვინც მიცნობს მე და იცის ჩემი წარსული, იმან იცის, რომ მე ქართველ ხალხს და საქართველოს ვაფინანსებდი არა მარტო ეკონომიკის, არამედ კულტურის, სულიერებისა და განათლების სფეროში. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ მე ქართულ საქმეს აუცილებლად დავაფინანსებ. განსხვავება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მათ სულიერებასა და ფასეულობებშია.”

”კვირის ქრონიკა” ”ჯორჯიან ფეშენ უიკის” ორგანიზების ხარჯებზე წერს. ავტორის თანახმად, ინფორმაცია მისთვის ყოფილ თანამშრომელს, ამჟამად კი მოდის ბიზნესთან კარგად დაახლოებულ წყაროს მიუწოდებია. სტატიის სათაურია - ”დავით ბაქრაძე მეუღლის ორგანიზებულ ”საქართველოს მოდის კვირეულების” დაფინანსებაში კომპანიებს ნახევარ მილიონ ლარს ახარჯვინებს?!”.
XS
SM
MD
LG