Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია მიწისძვრისა და ცუნამის ერთი თვის თავზე


იაპონია
იაპონია
დაზიანებული ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოსახლეობა დაბრუნებას იწყებს, რათა აღადგინოს დაკარგული მეურნეობა და ქონება. თუმცა დამანგრეველი ცუნამისა და მიწისძვრის ერთი თვის შემდეგაც კი დიდია შეშფოთება აღდგენითი სამუშაოების ნელი ტემპისა და რადიაციული გაჟონვის საფრთხის არსებობის გამო.

იაპონიის ქალაქ მინამისომაში, რომელიც ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ცუნაკავების ოჯახი დაკარგული პირუტყვისა და სხვა ქონების მოსაძებნად დაბრუნდა. ერთი თვის წინ, 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რასაც ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების დაზიანება და რადიაციის გაჟონვა მოჰყვა, ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. 62 წლის სადამუ ცუნაკავა, თავის მეუღლესთან ერთად, საევაკუაციო ზონის ჩრდილოეთში ცხოვრობს, მაგრამ იგი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ საკუთარ სახლში დაბრუნდება:
ყველასთვის ნამდვილად სასიამოვნოა სახლში დაბრუნება. ეს ძალიან ჰგავს საკუთარ სამყაროში დაბრუნებას...

„ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარებს ატომური სადგურის პრობლემას, თუმცა მინდა მათგან გავიგო, რამდენი წლის შემდეგ შევძლებთ უკან დაბრუნებას. იქ ირგვლივ ყველაფერი დანგრეულია, მაგრამ არსებობს დიდი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი. თუმცა არ ვიცი, როდის შეიძლება სასაოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყება.იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკან დავბრუნდები.“

ცუნაკავები საკუთარ სახლში ცოტა ხნით დარჩნენ, შეაგროვეს საოჯახო ნივთები, მოძებნეს ძაღლი და ოქროს თევზი და იქვე საკუთარ სამზარეულოში მოხარშული საჭმელი საკუთარ ჯამ-ჭურჭელში მიირთვეს. ამის გამო სიხარულს ვერ მალავს მათი 12 წლის ძმისშვილი ჰაიატო ნიში:

„ყველასთვის ნამდვილად სასიამოვნოა სახლში დაბრუნება. ეს ძალიან ჰგავს საკუთარ სამყაროში დაბრუნებას. იგი გეხმარება დაივიწყო დაღლილობა, მოდუნდე და ამოისუნთქო. მე ნამდვილად მინდა დავრჩე, დავრჩე საკუთარ სახლში.“

მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის მოახერხებენ ცუნაკავებისა და მათ ბედში მყოფი სხვა ოჯახები საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
ქალაქი მინამისომა მკვდარ ზონას წააგავს, სადაც დამცავ კომბინეზონებში გამოწყობილი პოლიცია კატასტროფის დროს დაღუპული გვამების ძიებას განაგრძობს. დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის ერთი თვის შემდეგაც იაპონელი ინჟინრები განაგრძობენ ბრძოლას, რათა როგორმე მოახერხონ 1986 წლის ჩერნობილის ავარიის შემდგომ ყველაზე დიდი კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია. ისინი იმედოვნებენ, რომ ამოტუმბავენ რადიაციულ წყალს ზღვიდან და დაიწყებენ დაზიანებული ატომური რეაქტორის დაბინძურებული წყლისგან გაწმენდას. თუმცა იაპონელი ინჟინრები ამბობენ, რომ დაზიანებული რეაქტორების მოწესრიგებას და მათზე კონტროლის დამყარებას თვეები, ხოლო რადიაციული ნარჩენებისგან გაწმენდას წლები დასჭირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG