Accessibility links

3 აპრილი, კვირა
დღევანდელი დღე მთლიანად ნინასთან გავატარე, ბედნიერი გამონაკლისია...

ხვალიდან ჩემი დღიური, ალბათ, უფრო მოსაწყენი გახდება და ყველაფერი, რასაც დავწერ, დაკავშირებული იქნება შეხვედრებთან, მეილებთან, ზარებთან, ნერვიულობასთან და პასუხისმგებლობასთან. ასე რომ, ჯერ დავტკბეთ კვირა დღით.

ორი დღის წინ ჩამოვედი ლონდონიდან, საშინელი ალერგია ჩამოვიყოლე. შესაბამისად, საკუთარ თავს მივეცი უფლება, შაბათ-კვირა სახლში გამეტარებინა და დღეს მთელი დღე ნინას ვეთამაშე.

ალბათ, როგორც ყველა სხვა დედა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ლამაზი და გონიერი შვილი მეყოლებოდა. ჯერ მხოლოდ შვიდი თვისაა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ესმის, რასაც ვეუბნები და რაც გარშემო ხდება, რეაქციებიც ძალიან ცხადი და ლოგიკური აქვს. ერთი უცნაურობა სჭირს: სათამაშოები დიდად არ უყვარს, ურჩევნია ცელოფანის პარკები, მუყაოს ყუთები, ტელევიზორის პულტები, ფეხსაცმელები და ასე შემდეგ, განსაკუთრებით, თუ საქმე გემოს გასინჯვას ეხება. მოკლედ, ძალიან ცელქია და საყვარელი. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად მხედავს (როგორც წესი, მთელ დროს ძიძასთან ან ბებიასთან ატარებს), მაინც უხარია ჩემი დანახვა და განსაკუთრებულად მხვდება. ეს ყველაზე მეტად მახალისებს ცხოვრებაში!

დღეს, სანამ ნინას ეძინა, ცოტა ხნით საქმეს მაინც მივეპარე და კვირის განმავლობაში უპასუხოდ დარჩენილ რამდენიმე მეილს ვუპასუხე. საოცარი მოთხოვნილება მაქვს დღესაც საქმეზე ვწერო, ფიქრები იქით გამირბის, მაგრამ კვირაა, თანაც, ერთ ჩემს მეგობარს დავპირდი, რომ კვირაში ერთი დღე დასვენებას მოვიწყობ. ამ კვირაში პირობას ვასრულებ...



4 აპრილი, ორშაბათი
დღეს ორშაბათია და ჭეშმარიტად მძიმე დღეა. ჩვეულებრივ, დღეში დაახლოებით 50 მეილი მომდის, ორშაბათს ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. აღარაფერს ვამბობ სატელეფონო ზარებზე, ოფიციალურ წერილებსა და შეხვედრებზე.

დღის ბოლოს განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ერთი პატიმრის წერილი. მას თავი პოლიტიკურ პატიმრად მიაჩნია, დახმარებას გვთხოვს და იმასაც გვწერს, რომ ყველა უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენი ბრალიცაა, ვინაიდან ჩვენ ვარსებობთ, კანონდარღვევები კი მაინც ხდება. ამ წერილს ვკითხულობდი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რამდენად დიდი მოლოდინი აქვთ ადამიანებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) მიმართ, რამდენად გავლენიანად და მნიშვნელოვნად მივაჩნივართ, და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

ისე, პასუხისმგებლობაზე და ე.წ. „პლანკებზე“ ცოტა ხნის წინ, ერთობ საინტერესო შეხვედრაზე ვისაუბრეთ (დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ). მაშინ მორიგი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემგან საოცრებებს ითხოვდნენ, ლამის ისეთს, როგორიცაა „საქართველოს გაბრწყინება“. თავმჯდომარედ არჩევის დღიდან (სულ ოთხი თვეა) თითქმის ყოველდღე ჩემი პასუხისმგებლობის შეგრძნება და ე.წ. „პლანკა“ სულ უფრო მაღლა იწევს, იმედია, ამას სადმე ზღვარი ექნება. მგონი, უკვე ვწუწუნებ, ვეცდები შევწყვიტო, მაგრამ ის კი მაინც მინდა ვთქვა, რომ რამდენი ხანიც უნდა მუშაობდე საიაში და რა საპასუხისმგებლო დავალებებსაც უნდა ართმევდე თავს, თურმე დაახლოებითაც კი ვერ წარმოიდგენ, რამდენად მძიმეა თავმჯდომარის ტვირთი.

სამუშაო დღე კარგად დასრულდა. თითქმის მთელი „სტაფი“ შევიკრიბეთ და საკუთრების უფლებაზე ვილაპარაკეთ, ამ ბოლო დროს ეს პრობლემა აუტანლად დამძიმდა, ვეღარ ავუდივართ დაზარალებულ ადამიანებს. თანაც, ხვალ ამ თემაზე პრეზენტაცია უნდა გვქონდეს. სასწრაფოდ შეხვედრა მოვაწყეთ, განვიხილეთ, რა პრობლემებია, რა გვაქვს გაკეთებული, და კახას ბევრი ახალი ტვირთი ავკიდეთ.

ამ ბოლო დროს ამგვარი შეხვედრები დავიწყეთ. თავდაპირველად „ბრეინსტორმინგების“ იდეას, ცოტა არ იყოს, შიშით შევხვდით - რა თქმა უნდა, დროის ზედმეტად ხარჯვის შეგვეშინდა, თუმცა პირველივე შეხვედრაზე, რომელიც დევნილების საკითხს ეხებოდა, მივხვდით, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც გვჭირდებოდა. ჩვენ თვითონ გაგვიკვირდა, რამდენი რამ გვქონია გაკეთებული, გაძნელდა კიდეც ახალი იდეების მოძიება, რადგან აღმოჩნდა, რომ თუკი რამის მოფიქრება შეიძლებოდა, იმას უკვე ხორცი ჰქონდა შესხმული.

დღის ბოლოს ბედნიერი ვიყავი: ბევრი გონებაგახსნილი, ჭკვიანი და ენერგიული ადამიანი ერთ ოთახში დიდი ძალაა, საოცარი რაღაცების კეთება შეიძლება. მთავარია, მოუსმინო და მათ აზრებს გამოვლენის შესაძლებლობა მისცე. ეს შეხვედრები ნამდვილად ჯანსაღი პროცესია, მივხვდი, რომ სწორ გზას ვადგავართ...

5 აპრილი, სამშაბათი
როგორც მოსალოდნელი იყო, დღემ გიჟურად ჩაიარა: ან შეხვედრების ოთახში ვიჯექი, ან ორი-სამი თანამშრომელი ერთდროულად შემოდიოდა ოთახში და კითხვების კორიანტელს აყენებდა. თავმჯდომარეობამდე არასოდეს გამომდიოდა ორი საქმის ერთად კეთება, ახლა კი წარმატებით ვახერხებ ერთდროულად ლაპარაკს, სმენას და მესიჯების წერას ან რაიმე სხვა ორი, სამი საქმის შეთავსებას. რას იზამ! საქმის ამ რაოდენობას ზოგჯერ სასაცილო მდგომარეობამდე მივყავარ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ საინფორმაციოს ვუყურებდი, უცებ ისმის ახალი ამბავი, დღე-ღამე, შესაძლოა, 23 საათამდე შემცირდესო, თუ რაღაც ასეთი. საშინლად აღვშფოთდი - 24 საათი არაფერში მყოფნის და 23 რაში მეყოფა-მეთქი?! როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს, ეს მთლად ადეკვატური რეაქცია არ იყო ახალ ამბავზე.

დღის განმავლობაში რამდენიმე ახალი თემის გარშემო სხვადასხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობის შემოთავაზებები მივიღე, ასეთი რამ ყოველდღე ხდება, ან - დღეში რამდენჯერმე. ყველა თემა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, გულით მინდოდა, მაშინვე თანხმობა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე - ისედაც იმდენ საკითხს ვართ შეჭიდებული, ძლივს ვართმევთ თავს. არ მინდა, საქმიანობის სფეროების გაფართოებამ ხარისხზე ცუდად იმოქმედოს.

ორ საათზე, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დაგეგმილი გვქნოდა პრეზენტაცია საკუთრების უფლების პრობლემებზე - გონიოს შემთხვევას განვიხილავდით. საკუთრების უფლება ბოლო დროს კატასტროფულად დამძიმდა. საითაც გავიხედავთ, ყველგან დარღვეული უფლება გვხვდება. მაგალითად, გონიოში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ წინასაარჩევნოდ 270-ზე მეტ ოჯახს საკუთრებად გაუფორმა მიწის ნაკვეთები და არჩევნების შემდეგ გამოუცხადა: შეგვეშალა, როდესაც ნაკვეთები რეგისტრაციაში გაგიტარეთო და, ფაქტობრივად, უკან ჩამოართვა. დასკვნებში ზოგჯერ სასაცილო არგუმენტებს ვხვდებით, მაგალითად, ასეთს: აღნიშნული ნაკვეთები მდებარეობს ე.წ. „შეიხებისთვის“ განკუთვნილ ტერიტორიაზე. აქ იგულისხმება, რომ იგეგმება ტერიტორიის გადაცემა ინვესტორისათვის; ინვესტორი კი, სავარაუდოდ, „შეიხი“ უნდა იყოს. შესაბამისად, აქ საკუთრების უფლება რა მოსატანია! არც ის მგონია, თავად „შეიხი“ ძალიან ბედნიერი იყოს წართმეული ქონების ფლობით და იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ინვესტიციების მოძიება ამგვარი მეთოდებით გამართლებული ან ეფექტიანი აღმოჩნდეს.

საკუთრების უფლებაზე ფიქრისას, ცოტა ხნის წინანდელი შემთხვევა გამახსენდა. საირმიდან დამირეკეს და მითხრეს, პროკურატურამ 50 ადამიანი დაიბარა და მათ მიწების სახელმწიფოსთვის ჩუქება მოსთხოვაო. ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი ჩვენს ქუთაისის ოფისშიც მივიდა, მაგრამ საქმეში ჩვენს ჩართვაზე, საბოლოოდ, უარი თქვა ერთი მარტივი მიზეზით: ან მე დამიჭერენ, ან ჩემს შვილს, მიწა ამად არ მიღირსო.

ამ ფაქტზე ხმამაღლა ლაპარაკისგან ყველა მესაკუთრემ თავი შეიკავა და, შესაბამისად, ეს ამბავიც ასევე დარჩა, თითქოს არც მომხდარა. მე უფლება არ მაქვს, ისეთ შემთხვევებზე ვისაუბრო, რომლებსაც უმყარესი ფაქტებით ვერ ვადასტურებ, და არც ვსაუბრობ. უბრალოდ, ეს დღიურია და, ცოტა არ იყოს, გავუთამამდი...

დღეს კიდევ სახალხო დამცველის ანგარიში მაქვს კარგად წასაკითხი. თვალი კი გადავავლე, მაგრამ ძალიან საინტერესოა და გადავწყვიტე, გულდასმით წავიკითხო. ამ საქმეს სამსახურის მერე მივხედავ. ჩვენს ტექნიკურ რედაქტორს ამობეჭდვა და აკინძვა ვთხოვე, ისეთი ლამაზი გამიკეთა, დარწმუნებული ვარ, თავად სახალხო დამცველს არ ექნება ჯერჯერობით ასეთი...

საღამოს ბრიტანეთის ელჩთან ვიყავი წვეულებაზე. ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის - London School of Economics and Political Science (LSE) - ასევე ერთ-ერთი უძველესი კლუბის წევრები იყვნენ ჩამოსული და წვეულებაც მათ ეძღვნებოდათ. ამ დროისთვის უკვე საშინლად ვიყავი დაღლილი და დიდი შემართებით და აქტიურობით არ გამოვირჩეოდი. ასეთი შეხვედრები საქმისთვის ძალიან სასარგებლოა, თანაც მე სულ იმის განცდა მაქვს, რომ ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემებს ხშირად უცხოელები უფრო გულისყურით ეკიდებიან, ვიდრე ჩვენი სახილისუფლებო წრეები.

უცხოელი სტუდენტების დანახვაზე გამახსენდა, რომ ახლა წესით Duke University-ს მაგისტრატურაზე უნდა ვსწავლობდე. შარშან მასკის პროგრამიდან იქ გამანაწილეს, მაგრამ ნინას დაბადების გამო უარის თქმა მომიწია. სწავლა და სტუდენტობა ზოგჯერ მენატრება, მაგრამ, ვფიქრობ, არაფერი დამიკარგავს: ისეთ გამოცდილებას, როგორსაც დღევანდელ პოზიციაზე ვიღებ, ვერც ერთი უმაღლესი სასწავლებელი და, საერთოდ, ვერაფერი მომცემდა ცხოვრებაში. ასე რომ, არ ვნანობ...

სახლში 9 საათისთვის, თუ ცოტა გვიან მოვედი. ნინას ჯერ კიდევ ეღვიძა. ამან ისე გამახარა, რომ ჩემი დაღლილობა სადღაც გაქრა. ცოტა ვეთამაშე, დავაძინე და დღიურს მივუჯექი. საწერად დრო მხოლოდ ღამის 12 საათის შემდეგ მითავისუფლდება და, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არასოდეს მიწერია დღიური, ეს პროცესი უკვე მომწონს კიდეც!

6 აპრილი, ოთხშაბათი
დღე თითქმის სრულად შეხვედრების ოთახში გავატარე. პირველი შეხვედრა თამუნასთან მქონდა - ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ შარიანი პროექტის გეგმა უნდა „გაგვევლო“. მერე მეორე თამუნასთან მეორე პროექტის დეტალები „გავიარეთ“ და მომავალი წლის საქმიანობა დავგეგმეთ. შემდეგ მესამე თამუნასთან ერთად საიას წევრებთან ურთიერთობა დავგეგმეთ...

საია-ში უცნაურად ხდება თამუნების კონცენტრირება. მახსოვს დრო, როდესაც მხოლოდ თბილისის ოფისში 15-მდე თამუნა ვიყავით! არანაირი აზრი არ ჰქონდა ერთმანეთისთვის სახელებით მიმართვას და ამიტომ ყველას მეტსახელი შემოგვრჩა. თანაც, მეტსახელების მოფიქრებაზე დიდ ენერგიას არ ვხარჯავდით და ყველაზე პრიმიტიულ ვერსიებს ვირჩევდით. მე, მაგალითად, ჩუგო მქვია. გვყავს, ასევე, მეტრო, სარა, კორძი, გვარამა და ა.შ. ის კი არა, რეზიკოც კი გვყავდა, ანუ თამუნა რევაზიშვილი. ასე მხოლოდ გვარის გამო გავწირეთ.

საღამოს აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის რეზიდენციაში ვიყავი მიწვეული მიღებაზე. ეს ღონისძიება ადამიანის უფლებებზე სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშს ეძღვნებოდა. მიღებაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო. მე რატომღაც ერთ-ერთი პირველი მივედი და, შეიძლება ითქვას, ბოლო წამოვედი. რაც ყველაზე მთავარია, ამ დროის განმავლობაში თითქმის არ გავჩუმებულვარ. ორი საათი გაუჩერებლად ვლაპარაკობდი და, ბოლოს, დაქანცულმა, სახლს მივაშურე.

ბევრი ლაპარაკი - საკუთარიც და სხვისიც - საერთოდ, ძალიან მღლის. ალბათ, უცნაურია, რომ იურისტს ლაპარაკი ღლის. ბავშვობიდან არ მიყვარს ლაპარაკი! ფიქრი - ძალიან, ლაპარაკი - არა. არადა, ისეთ პროფესიას მოვკიდე ხელი, იძულებული ვარ, ვილაპარაკო და ვილაპარაკო... უკვე შევეჩვიე, თუმცა, დიდ ხალისს მაინც არ მგვრის ეს ამბავი.

ნინა დედაჩემს ექიმთან ჰყავდა წაყვანილი. იმის დროც კი არ მქონდა, დამერეკა და მეკითხა, ვიზიტმა როგორ ჩაიარა. ძალიან გამიმართლა ოჯახის წევრებში. მეორე ადამიანი არ მეგულება, ვისაც მეუღლე, მშობლები, მეუღლის მშობლები ასე ეხმარებოდნენ. ზოგჯერ ვფიქრობ, ეს ცხოვრებაში უკვე საკმარისზე მეტია.

7 აპრილი, ხუთშაბათი
დღეს პრესკონფერენცია გვქონდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებთან დაკავშირებით. დროებითი მოთავსების იზოლატორებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და იქ ადამიანების ხანგრძლივად ყოფნა, ფაქტობრივად, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები განსაკუთრებულად ცუდ დღეში იყვნენ. საჩივრებმა და განცხადებებმა არ გაჭრა და იძულებული გავხდით, ბრიფინგი მოგვეწყო.

ბრიფინგის მერე NDI-ს ოფისში საინტერესო პრეზენტაციას დავესწარი. გაგვაცნეს სხვადასხვა საკითხზე საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები. მართლაც საინტერესო იყო!

მოგვიანებით EUMM-ის წარმომადგენლები გვესტუმრნენ. ვისაუბრეთ დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე და მერე ჩაგვეკითხნენ, სამეგრელოში ოფისი რატომ არ გაქვთო. ეს ჩვენი დიდი ხნის საფიქრალი და ოცნებაა - სამეგრელოში ოფისის გახსნა. ერთხელ, მრავალი წლის წინ, ვცადეთ კიდეც, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება. ისე, სულ შვიდი რეგიონული ოფისი გვაქვს და ამით ძალიან ვამაყობთ! ჩვენი თითო ოფისი, ყველაზე პატარაც კი, იმდენ საქმეს აკეთებს, რომ ბევრი დიდი ორგანიზაციაც ვერ დაიკვეხნის.

მოგვიანებით, კიდევ რამდენიმე შეხვედრა იყო, მათ შორის ერთი - განსაკუთრებული, მაგრამ დეტალებს ჩემთვის შევინახავ.

საღამოს მინდა ნინას მანამდე მივუსწრო, ვიდრე დაიძინებს, თუმცა, როგორც წესი, ეს არ გამომდის, დილითაც გაღვიძებულს თითქმის ვერ ვნახულობ. ვცდილობ, კვირაში ერთი დღე მაინც გამოვითავისუფლო პირადი ცხოვრებისთვის, ოჯახისა და მეგობრებისთვის. იმედია, შაბათს ან კვირას ამის საშუალება მომეცემა.

8 აპრილი, პარასკევი
დღეს „ხალხის მანიფესტის“ დამთავრებასთან დაკავშირებით გრანდიოზული კონფერენცია გვქონდა. ღონისძიების დასასრულს მეც და ეკა სირაძეც (ჩვენი ერთობლივი პროექტი იყო) კმაყოფილები ვიყავით, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენს, როგორი კმაყოფილები იყვნენ ჩვენი გოგოები, რომლებიც კინაღამ გადაყვნენ ამ დღის ორგანიზებას. კონფერენციის ბოლოს გადაქანცული და, მაინც, გაბადრული სახეებით დადიოდნენ.

მეც კარგ გუნებაზე ვარ. სულ უფრო მეტად ვიწყებ სტრატეგიულად აზროვნებას. საიას თავმჯდომარისთვის ეს ადვილად მოსახერხებელი არ არის. ყოველი დღე აუტანლად გადატვირთულია, იმდენი წვრილმანი საქმე და ისეთი რუტინაა, რომ ძნელია, საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა, მასშტაბურად აღქმა. თავდაპირველად მხოლოდ იმას ვნატრობდი, მომესწრო ყველა მეილზე პასუხის გაცემა და აუცილებელ შეხვედრებზე მისვლა. ამაზე მეტზე ფიქრის თავიც არ მქონდა. როგორც იქნა, ამას თავი დავაღწიე. ახლა ვცდილობ, ყველაფერს მასშტაბურად ვუყურო.

შუა კონფერენციაზე თამუნასგან და სოფოსგან მესიჯები მომდიოდა, მოულოდნელად პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაგეგმა. ეს პროცესი ძალიან უცნაურად წავიდა: ჯერ იყო და თვეების განმავლობაში პროექტის საბოლოო ვარიანტი ხელში ვერ ჩავიგდეთ. დღეს დილით მეილზე განახლებული ვერსია დაგვხვდა, უცებ ბიუროც დაინიშნა და დღესვე დანიშნული პლენარული სესიის განსახილველ საკითხებს მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტიც დაემატა. ასე აღმოჩნდა მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მყოფი კანონი სესიაზე, თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა: პარლამენტმა ეს კანონი ჯერ მეორე მოსმენით მიიღო, რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ კომიტეტის სხდომაზე განიხილა, მერე კი ისევ პლენარულზე შეაბრუნა მესამე მოსმენისთვის. შესაშური ტემპია!..

9 აპრილი, შაბათი
დღეს შაბათია, დღიურის წერის ბოლო დღე. წერა 00:00 საათზე დავიწყე, ეს უბრალო დამთხვევაა. უბრალოდ, ახლა გამომიჩნდა თავისუფალი დრო და მივუჯექი საწერს. ეს წუთია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მივიღე მეილზე, სულ ახალი გამოქვეყნებულია. ანგარიშში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაერთხელ არის ნახსენები, რაც ძალიან მიხარია! ჩვენი პუბლიკაციების და განცხადებების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ანგარიშში აისახა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნაწერს თვალი გადავავლე და გამიკვირდა, რამდენი დამიწერია! როგორც ჩანს, ვერც მივხვდი, ისე გავერთე ამ საქმიანობით. იმედია, მკითხველისთვის მოსაწყენი არ იქნება ჩემი ყოველდღიური ამბების გაცნობა. ზოგ შემთხვევაში ვერც ოდნავ დეპრესიულ განწყობას გავექეცი და ვერც კანონებზე ლაპარაკს. ისიც საქმეა, რომ მუხლებსა და პუნქტებს არ ჩავუღრმავდი, ეს უკვე კარგის ნიშანია!..

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG