Accessibility links

logo-print
ევროპელ მამაკაცებს შორის ლუდი, ღვინო და არაყი კიბოს დაავადებათა 10%-ის მიზეზია. ამ დასკვნამდე მივიდნენ ფართო მასშტაბის გამოკვლევის შედეგად, რომელშიც ევროპის კავშირის რვა წევრი ქვეყნის 363 988-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ქალებში ალკოჰოლით გამოწვეული კიბოს შემთხვევები 3%-ს შეადგენს. კიბოს რისკს საგრძნობლად ზრდის ალკოჰოლის მოხმარება იმაზე მეტად, რაც აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას. მამაკაცებისთვის ესაა დღეში მაქსიმუმ ორი ჭიქა ლუდი, ქალებისთვის კი - ერთი. მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დაბეჭდილია "British Medical Journal"-ში.

„ჩვენ მონაცემთა სამ წყაროს ვიყენებდით იმის დასადგენად, კიბოს რამდენი შემთხვევა არის დაკავშირებული ალკოჰოლის მოხმარებასთან,“ ამბობს გერმანიის საკვების კვლევითი ინსიტუტის თანამშრომელი მანუელა ბერგმანი. გამოკვლევის მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო მამაკაცებისა და ქალების გამოკითხვა დანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ნიდერლანდში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.

გამოკვლევის ფარგლებში 1990-იანი წლების შუიდან მოკიდებული ასიათასობით მოხალისისგან რეგულარულად აგროვებდნენ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობისა და ალკოჰოლის მოხმარების თაობაზე. ამ მასალის სხვა მონაცემებთან შედარებით, რომლებიც კიბოთი დაავადების საერთო რაოდენობასა და ალკოჰოლის სმაში ევროკავშირის მოქალაქეთა ჩვევებს ეხებოდა, მეცნიერებმა შეძლეს ალკოჰოლით გამოწვეული კიბოს რისკის დადგენა.

მათი თქმით, მამაკაცების შემთხვევაში საქმე ძირითადად ეხება კიბოს სიმსივნეს მუცლის ღრუში, ღვიძლსა და კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტში. გამოკვლევის თანახმად, ქალებში ალკოჰოლი დამატებით ხშირად წარმოადგენს ძუძუს კიბოს მიზეზს. მხოლოდ 2008 წელს ალკოჰოლის სმა კიბოს მიზეზი იყო 21 500 ქალისა და 57 600 მამაკაცის შემთხვევაში ზემოთჩამოთვლილ რვა ქვეყანაში. მათი უდიდესი ნაწილი ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა. „მაგრამ მთლიანობაში არ არსებობს ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო ლიმიტი,“ ამბობს მანუელა ბერგმანი.

„ჩვენი შედეგები ხაზს უსვამს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპაში ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების გამკაცრებას“, ამბობს ის. საქმე ისაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარების მიხედვით ევროპა ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია. ევროპაში სიკვდილიანობის 6,5 % ალკოჰოლის სმასთანაა დაკავშირებული.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG