Accessibility links

აფრიკის კავშირი ლიბიის ოპოზიციასთან მართავს შეხვედრებს


აფრიკის კავშირის წარმომადგენლებისა და მუამარ კადაფის შეხვედრა

აფრიკის კავშირის წარმომადგენლებისა და მუამარ კადაფის შეხვედრა

როგორც იუწყებიან, ლიბიაში მუამარ კადაფის მთავრობა დაეთანხმა აფრიკის კავშირის მიერ შემუშავებულ გეგმას სამოქალაქო ომისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის გამონახვის თაობაზე, თუმცა აცხადებს, რომ მთავრობის ლიდერი არ გადადგება. ოპოზიციას კი ნათქვამი აქვს, რომ არანაირ გეგმას არ მიიღებს, თუ კადაფი თანამდებობაზე დარჩება.

აფრიკის კავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებისგან შემდგარმა დელეგაციამ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამ ქვეყნის ოპოზიციის ლიდერებთან გამართა შეხვედრა, რვა კვირის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეწყვეტის გეგმის განხილვის მიზნით.

თუმცა, როგორც იკვეთება, ოპოზიცია არ არის მზად დათანხმდეს პირობებზე, რომელიც აფრიკის კავშირის მიერ შემუშავებულ გეგმაშია გათვალისწინებული - გეგმაში, რომელსაც, როგორც იუწყებიან, ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი, კვირას დაეთანხმა.

ვითარებაში გარღვევის მიღწევა მოსალოდნელი მართლაც არ არის, ვინაიდან ორ მხარეს შორის მთავარი საკითხი გადაუჭრელი რჩება.

კადაფი აცხადებს, რომ მეამბოხეთა მოთხოვნას არ შეასრულებს და თანამდებობიდან არ გადადგება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ კადაფი ხელისუფლებაში დარჩება, ის არანაირ გეგმას არ მიიღებს.

ამასთან, მეამბოხეების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტას მთავრობის ჯარის ქალაქების ქუჩებიდან გასვლა და მათი ბაზებზე დაბრუნება უნდა მოჰყვეს. ოპოზიცია კადაფის რეჟიმისგან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლების დაშვებასაც მოითხოვს, რათა ლიბიელ ხალხს ქუჩებში გასვლისა და კადაფის გადადგომის მშვიდობიანად მოთხოვნის შესაძლებლობა მიეცეს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ლიბიელ ხალხს თავისუფალი არჩევანი რომ ჰქონდეს, კადაფის ხელისუფლება მალე დაემხობოდა.

გაეროს უშიშროების საბჭომ მკაფიოდ განსაზღვრა, რომ ძალადობა მთლიანად უნდა შეწყდეს - მთლიანად უნდა შეწყდეს სამოქალაქო პირებზე თავდასხმები.
აფრიკის კავშირის წარმომადგენლების ბენღაზიში ჩასვლის ფონი იყო კადაფის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია. აქციის მონაწილეები იმასაც აცხადებდნენ, რომ ქვეყნის მართვაში არც კადაფის შვილებმა უნდა შეასრულონ რაიმე როლი.

არადა, გეგმა, რომელსაც კადაფი დასთანხმდა, ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც ტრიპოლიში მყოფი ხელისუფლების ზოგიერთმა წევრმა ოპოზიციასთან რეფორმების თაობაზე უნდა ითანამშრომლოს.

უცხოელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ბენღაზიში გამაგრებული ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეჭვით ისაუბრა აფრიკის კავშირის დელეგაციის ვიზიტის მიზნებზე.

კონკრეტულად, ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლებს კავშირის ლიდერების მოტივაცია აეჭვებს - მათ კონფლიქტის რეალური გადაჭრა სურთ თუ თავიანთი გეგმით კადაფის რეჟიმის მხარდაჭერას ისახავენ მიზნად.

ორშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიესალმა ვითარებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნისა და ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას, თუმცა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა „სანდო“ უნდა იყოს: „ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შემთხვევა სანდო უნდა იყოს და შემოწმებას უნდა ექვემდებარებოდეს. გაეროს უშიშროების საბჭომ მკაფიოდ განსაზღვრა, რომ ძალადობა მთლიანად უნდა შეწყდეს - მთლიანად უნდა შეწყდეს სამოქალაქო პირებზე თავდასხმები.“

ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას ოპოზიციის ლიდერები ეჭვქვეშ აყენებენ. კადაფის რეჟიმმა უკვე ორჯერ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა მთავრობის ძალებმა რეალურად საწინააღმდეგოდ იმოქმედეს და გააგრძელეს სასტიკი შეტევა მეამბოხეების კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქებზე.
XS
SM
MD
LG