Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 12 აპრილი 2011


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს წერს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას იცრუაო. ”მიმდინარე წლის 11 თებერვალს პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას სააკაშვილმა ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ "ფაინენშლ თაიმსმა" საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა და ამასთან დაკავშირებით საგანგებო სტატია გამოაქვეყნაო”, - წერს გაზეთი და შემდეგ მოჰყავს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება, რომ ამ გამოცემას პრეზიდენტის მიერ ნახსენები სტატია არასოდეს დაუბეჭდავს. უფრო მეტიც, გაზეთში დაიბეჭდა 100 000 გირვანქა სტერლინგად ღირებული რეკლამა და სააკაშვილმა ეს რეკლამა გაასაღა სტატიად. უმრავლესობის წევრებს კი ამ თემაზე საუბარიც არ უნდათ, თუმცა, როგორც იურისტები განმარტავენ, ეს ნამდვილად არ არის რიგითი ფაქტი, რომ მასზე ყურადღება არ გამახვილდესო, - წერს ”რეზონანსი”.

”ალია” კი დღეს უზარმაზარ ინტერვიუს აქვეყნებს რესპუბლიკელ თინა ხიდაშელთან, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესინტერესებზე ლაპარაკობს. ”მას აქვს სარეკლამო, სამშენებლო, ლატარიის კომპანია და, რაც მთავარია, ყველაზე დიდი ბიზნესი, ბენზინის ბიზნესიო”, - უთხრა თინა ხიდაშელმა ”ალიას” და დასძინა, ეს მოარული ხმები კი არა, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტებიაო.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავასთან, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს და ამბობს, „პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყანაში სრული შტილია, რევოლუციური ფონი ქვეყანაში არ არის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არავის აწყობს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციასო.”

კულტურას რაც შეეხება, ამ სფეროზე, ჩვეულებრივ, ყველაზე მეტს ”24 საათი” წერს ხოლმე და ამჯერად აქ წაიკითხავთ მოზრდილ პუბლიკაციას რენე ჰარლინის ფილმზე ”აგვისტოს 5 დღე”, რომლის პრემიერაც 14 აპრილს ვალენსიის ექშენისა და სათავგადასავლო ფილმების ფესტივალზე შედგება. ავტორი წერს, ფილმის პრემიერა, წესით, შარშან კანის ფესტივალზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს ჩაიშალა. გასაკვირი აქ არაფერია, - წერს ”24 საათი”, - კანი ა კლასის კინოფესტივალია, მის საკონკურსო და არასაკონკურსო ჩვენებაში მოსახვედრი ფილმების სელექცია უდიდესი სკრუპულოზურობით ხდება, ჰარლინი კი არ რის ის რეჟისორი, რომელსაც შესაბამისი ფილმის გადაღება შეუძლიაო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG