Accessibility links

logo-print
12 აპრილს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, განიხილებოდა ახალი რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაა შეფასებული. პროექტი, რომელიც 2008 წლის შემდეგ პირველად მომზადდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე ხვალ, 13 აპრილს, უნდა დაამტკიცონ. რა ძირითადი აქცენტები გამოიყოფა ევროსაბჭოს ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა რეკომენდაციებს სთავაზობენ საქართველოს და რატომ არ არის ახალ რეზოლუციაში რუსეთ-საქართველოს ომის თემა?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი თვლის, რომ, მიუხედავად 2008 წლის რუსეთთან ომის მნიშვნელოვანი ზეგავლენისა, საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში. თუმცა, ასეთი პროგრესის მიუხედავად, კომიტეტის რეკომენდაციით, საპარლამენტო ასამბლეამ უნდა გააგრძელოს ვალდებულებების შემდგომი შესრულების მეთვალყურეობა.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, დადებითად შეფასებული ნაბიჯების ჩამონათვალშია, მაგალითად, ხელისუფლების ინიციატივები პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რაც ქვეყანაში დაპირისპირების ატმოსფეროს აღმოფხვრისა და ოპოზიციის როლის გაძლიერებისკენ არის მიმართული. აქვე ნახსენებია 2010 წლის 30 მაისის არჩევნები, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო მრავალფეროვანი და კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნის მიმართულებით; ხოლო მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მოხსენიებულია ”ლაკმუსის ქაღალდად”, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარების ხარისხი უნდა აჩვენოს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის, პოლიციის რეფორმირების, საპატიმროების გაუმჯობესების, მოსამართლეთა მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში, თუმცა ნათქვამია ასევე, რომ საქართველოს ბევრად მეტი პროგრესის მიღწევა მოეთხოვება.

”რეკომენდაციების თანახმად, თუკი ჩვენ გვსურს ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, უნდა გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, არ უნდა იყოს ციხეები გადავსებული და იქ მყოფ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ადამიანური პირობები, დევნილებს ისე არ უნდა ვეპყრობოდეთ, რომ მათი უფლებების დაცვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსჯელობის საგანი გახდეს, მედია უნდა იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, პოლიტიკური გარემო უნდა იყოს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი...”, - ამბობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომლის აზრითაც, რეზოლუციის პროექტში ასახული რეკომენდაციები აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ინტერესებს.

პროექტის მიხედვით, მაგალითად, საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას დევნილების გამოსახლების მეთოდებთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს. რეკომენდაციებს შორის არის ასევე მედიის სფეროში მეტი პლურალიზმის მიღწევის საჭიროება, ადამიანის უფლებების დარღვევების სათანადო გამოძიება და თვისებრივად განსხვავებული საარჩევნო კოდექსის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება, მაგალითად, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიისა და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მითითებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისკენ.

ამგვარი აქცენტების მიუხედავად, რეზოლუციის პროექტით კმაყოფილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც უკვე ემზადება 13 აპრილის დებატებისთვის. როგორც დელეგაციის წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრისას, პროექტში ასახული მიდგომები სავსებით მისაღებია ქართული მხარისთვის:

”ჯერ ერთი, არც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი არის იდეალურად... ეს რომ ასე იყოს, მაშინ ჩვენ ევროკავშირის წევრები უნდა ვიყოთ დიდი ხნის წინ; მეორე მხრივ კი, ასეთი დოკუმენტები, როგორც წესი, არავის მიმართ არის ხოლმე ასპროცენტიანად დადებითი. აბსურდი იქნებოდა, რომ ქების მეტი არაფერი ყოფილიყო და კრიტიკა საერთოდ არ ყოფილიყო... მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის კონტექსტი და კონტექსტი არის ევროსაბჭოს დასტური, რომ საქართველო განიცდის მყარ და შეუქცევად პროცესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით...”

პროგრესი, რომელსაც გიორგი კანდელაკი ახსენებს, როგორც უკვე ვთქვით, ხაზგასმით არის აღნიშნული და დაფასებული რუსეთ-საქართველოს ომის ზეგავლენების ფონზე. თუმცა რეზოლუციის პროექტში არაფერია ნათქვამი უშუალოდ ამ ომით გამოწვეულ შედეგებზე და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ წინა წლებში მიღებული მწვავე რეზოლუციების შესრულებაზე. არადა, 2011 წლის 27 იანვრის სხდომაზე მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებული რეზოლუციების მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგი ქვეყნების ინდივიდუალური, რეგულარული მონიტორინგის პროცესს შეუერთდა.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხის ასახვა დოკუმენტში ამჯერად უბრალოდ დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო, რადგანაც რეზოლუციის პროექტზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მონიტორინგის კომიტეტი იანვრის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

თუმცა მამუკა ჟღენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული მწვავე პოლიტიკური რეზოლუციების მოთხოვნათა შესრულების საკითხი აუცილებლად შევა რუსეთსა და საქართველოსთან დაკავშირებულ მომდევნო ინდივიდუალურ ანგარიშებში.

რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე 13 აპრილს უნდა დაამტკიცონ, საფუძვლად უდევს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების - კასტრიოტ ისლამისა და მაიკლ იენსენის მიერ მომზადებული ანგარიშები. როგორც ცნობილია, სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ისინი რამდენჯერმე სტუმრობდნენ საქართველოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG