Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა


”წინააღმდეგობის მოძრაობა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში 8 აპრილს 8 პატიმარი გარდაიცვალა. აქედან, დაზუსტებული ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი პატიმრის ვინაობა ცნობილია, დანარჩენი 7 პატიმრის შესახებ ინფორმაციას კი ”წინააღმდეგობის მოძრაობა” არ ფლობს. თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო პატიმრების გარდაცვალების ფაქტებს ასაიდუმლოებს.

„წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და მედიაკავშირ ”ობიექტივის” ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე აცხადებს, რომ 8 აპრილს მათ ორგანიზაციას გლდანის მე-8 საპყრობილეში გარდაცვლილი ტრისტან უთალიშვილის ოჯახმა მიმართა. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მათ პატიმრის გარდაცვალების ფაქტი მაშინ შეიტყვეს, როცა საპატიმროში პატიმრის მოსაკითხად და ანაბრის გადასაცემად იყვნენ მისული. მედიაკავშირმა „ობიექტივმა“ საკუთარ ვებგვერდზე ვიდეოჩანაწერიც განათავსა. ვიდეო გადაღებულია ტრისტან უთალიშვილის ოჯახში, სადაც გარდაცვლილის მეუღლე ლაპარაკობს:
ზოგი მართლა ავადმყოფობით კვდება, მაგრამ ზოგი ცემით კვდება. ამიტომ ციხის ადმინისტრაციაც და სასჯელაღსრულების სამინისტროც ცდილობს ჩვენ ვერ გავიგოთ...

”პაემანზე რომ მივედით, საბუთები არ მიიღო იმ გოგონამ და დარეკა. ჩამოვიდა ადამიანი და იმან გვითხრა, მოადგილე ვარ ციხის უფროსის და მთავარი ექიმიცო და გვითხრა, დაიღუპაო. რომ შევიცხადეთ, რატომ დაიღუპა-მეთქი, ასე გვითხრა, რა, ქალბატონო, არ მოელოდით? სიმსივნე ჰქონდაო. ”

ტრისტან უთალიშვილის მეუღლის განცხადებით, მის მეუღლეს მძიმე სტადიის სიმსივნე ჰქონდა მაგრამ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, პატიმრობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურიაო. სწორედ ამის გამო აღმოჩნდა ოჯახისთვის მოულოდნელი პატიმრის გარდაცვალების ამბავი. მათ პრეტენზია გარდაცვალების შეტყობინების გამოც აქვთ. გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ არ იცის, რეალურად როდის გარდაიცვალა მისი მეუღლე, რადგან ამის შესახებ მას მხოლოდ მაშინ უთხრეს, როცა საპატიმროში მივიდა.

მედიაკავშირ „ობიექტივის“ ადვოკატის, ელგუჯა ჩხაიძის განცხადებით, მათ ორგანიზაციას აქვს ასევე დაუზუსტებელი ინფორმაცია სხვა 7 გარდაცვლილი პატიმრის შესახებ. წყაროდ ციხიდან გამოსულ ინფორმაციას ასახელებს, თუმცა ვერ ადასტურებს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა სუხიშვილი მხოლოდ ერთი პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, სხვა ინფორმაციას ”100 %-ით“ უარყოფს. თეა სუხიშვილი ამბობს, რომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ ეცნობებათ ხოლმე:

”ოჯახის ინფორმირება ნებისმიერ შემთხვევაში დაუყოვნებლივ ხდება.”
ადამიანი, რომელიც საჭიროებს დამატებით მკურნალობას, იმაზე მეტს, ვიდრე ამის შესაძლებლობა არის დაწესებულების ფარგლებში, ის ადამიანი გადადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებში...

ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე კი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრების შესახებ ინფორმაციას განზრახ ასაიდუმლოებს, ხშირ შემთხვევაში კი მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებს ან უკვე გარდაცვლილ პატიმრებს სხვადასხვა საავადმყოფოებში ანაწილებენ, რათა დროული ექსპერტიზა ვერ მოხერხდეს და, ამასთან, გარდაცვლილი პატიმრების სტატისტიკა შეიცვალოს:

”ზოგი მართლა ავადმყოფობით კვდება, მაგრამ ზოგი ცემით კვდება. ამიტომ ციხის ადმინისტრაციაც და სასჯელაღსრულების სამინისტროც ცდილობს ჩვენ ვერ გავიგოთ, ვერ გადავიღოთ ჩალურჯებული კვალი და ა.შ.”

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა სუხიშვილი ამბობს, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია:

”ადამიანი, რომელიც საჭიროებს დამატებით მკურნალობას, იმაზე მეტს, ვიდრე ამის შესაძლებლობა არის დაწესებულების ფარგლებში, ის ადამიანი გადადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებში. რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, ის, ბუნებრივია, იწერება ჩვენს სტატისტიკაში. ასე რომ, სად გარდაიცვლება პატიმარი, მაგას არა აქვს მნიშვნელობა.”

იმას, რომ გარდაცვლილი პატიმრების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება რთული საქმეა, ხოლო სტატისტიკის შეცვლა იოლი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ადასტურებს:

”გასაიდუმლოება გარდაცვლილი პატიმრების არცთუ ისე იოლია, თუმცა მცდელობა იმისა, რომ ხელოვნურად შემცირდეს გარდაცვლილი პატიმრების სტატისტიკა, სახეზეა. თქვენ თუ ნახავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, იქ წერია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 72 პატიმარი, სახალხო დამცველის ანგარიშში კი მითითებულია 142 პატიმრის გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისად, თუ ამას გამოაკლებ სისტემის გარეთ გაყვანილ პატიმრებს, მიიღებ გაცილებით ნაკლებს, ანუ დახლოებით 46%-ს, და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა და იმის მცდელობა, რომ ხელოვნურად შეცდომაში შეიყვანო ყველა და, აქედან გამომდინარე, ეს არის დაუშვებელი. პატიმარი გარდაიცვლება სისტემის შიგნით თუ სისტემის გარეთ, ის უნდა იყოს აღნიშნული გარდაცვლილი პატიმრების საერთო ჩამონათვალში”, აცხადებს ომბუდსმენი გიორგი ტუღუში. პატიმართა სიკვდილიანობის ფაქტებს მის წლევანდელ ანგარიშშიც საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG