Accessibility links

logo-print
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი, გამოსაშვები გამოცდების სრული ფორმატით აპრობაციის მიზნით, ე.წ. გენერალურ რეპეტიციას ატარებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 326 სკოლის 14 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელი საცდელ ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში 12-დან 15 აპრილის ჩათვლით გაივლის.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებას მეთორმეტეკლასელთათვის საატესტატო გამოცდების რვა საგანში დანიშვნის შესახებ გასული წლის ნოემბერში მეთორმეტეკლასელთა დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. გამოსვლებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, მეთორმეტეკლასელები გამოსაშვებ საატესტატო გამოცდებს დაახლოებით თვე-ნახევარში ჩააბარებენ, მანამდე კი ისინი ე.წ. გენერალურ რეპეტიციას საკუთარი სურვილისამებრ გადიან. საცდელი ტესტების პირველი ეტაპი 12 აპრილს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიმართა. ტესტირებიდან გამოსული მოსწავლეები ამბობენ, თუკი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ზარმაცობდი, მაშინ გამოცდების ჩაბარებაც არ უნდა გაგიჭირდესო.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ მარიამ კოპაძემ ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ნაცვლად მიცემული საათ-ნახევრისა, დაახლოებით ნახევარ საათში დაწერა. ამბობს, გრამატიკის ნაწილი ცოტათი გამიჭირდაო და იქვე მიზეზსაც ხსნის. შედეგად, საცდელი გამოცდებიდან მან დასკვნაც გამოიტანა: “ენაში უფრო კარგად ვიმეცადინებ. ახლა უკვე ვიცით, რა ტიპის საკითხები იქნება და რა ფორმით ჩატარდება გამოცდები. მარტივი საკითხებიც იყო და რთულიც. ყველაზე მეტად ქართული ენის საკითხები გაგვიჭირდა, რადგან ეს საგანი მერვე კლასიდან აღარ გვისწავლია და, შესაბამისად, ზოგი საკითხი აღარ გვახსოვდა. ლიტერატურა კი იმიტომ იყო რთული, რომ სავარაუდო პასუხები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს”, - ამბობს მარიამ კოპაძე.

რამდენიმე წუთით ჩამორჩა მერაბ ყუფარაძე მარიამს. მისი სუსტი წერტილიც ამ შემთხვევაში გრამატიკული ნაწილი აღმოჩნდა. მერაბის თქმით, ტესტები არც ისეთი მარტივი იყო, როგორიც ეგონა. ის იმ ტექნიკურ ხარვეზებზეც საუბრობს, რაც საცდელი ტესტირების პროცესში დაფიქსირდა: ”რამდენჯერმე შეფერხდა კომპიუტერის მუშაობა და ერთხელ ინტერნეტიც გაითიშა.”

საცდელი ტესტირების ძირითად მიზანს ტესტური დავალებების გამოცდა წარმოადგენს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი. მისი თქმით, აპრობაციის ანალიზის შედეგად დადგინდება კონკრეტული დავალებების სირთულე, შესაძლებელი იქნება ზოგიერთი დავალების მოდიფიცირებაც. არც ის არის გამორიცხული, რომ რიგი დავალებებისა საერთოდ გაუქმდეს. თუმცა როგორც მაია მიმინოშვილი ამბობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ე.წ. პრეტესტების ჩატარებისა ტექნიკური პრობლემების გამოვლენა და მათი აღმოფხვრაა. მოსწავლეები ტესტებს ე.წ. ნეტბუქების დახმარებით ჩააბარებენ, რაც, შესაძლებელია, გარკვეულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული: ”ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, არის თუ არა რაიმე ხარვეზები ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით, ქსელთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთ სკოლაში ამ მიმართულებით იქნება პრობლემები. მაგალითად, ახლა ხულოს რაიონში თოვს და ინტერნეტი არ მუშაობს. ჩვენ საკმაო დრო გვაქვს იმისათვის, რომ 23 მაისამდე პრობლემები მოვაწესრიგოთ და მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ გამოცდებს”, - ამბობს მაია მიმინოშვილი.

ნოემბერში საპროტესტო აქციებზე გამოსული მეთორმეტეკლასელების ვნებათაღელვის ძირითად მიზეზს საბუნებისმეტყველო საგნებში დანიშნული გამოცდები წარმოადგენდა. მოსწავლეების თქმით, მათ გამოცდების ჩაბარება გაუჭირდებოდათ, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში საბუნებისმეტყველო საგნებზე მოთხოვნის დონე დაბალი იყო. ფიზიკის პედაგოგის, ქეთევან ჯინორიას მოსწავლეები საცდელ ტესტებს ფიზიკაში 15 აპრილს ჩააბარებენ. ის ტესტებს უკვე გაეცნო და, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მოსწავლეებს მხოლოდ და მხოლოდ ელემენტარული ფიზიკის ცოდნა მოეთხოვებათ: ”საკმაოდ მარტივი ტესტებია მათთვის, ვისაც ფიზიკა უსწავლია. ტესტებში მოცემულია ფიზიკის ზოგადი საკითხები. არის თეორიული ნაწილიც და ამოცანებიც. ვფიქრობ, რომ ბავშვებმა, რომლებიც მეცადინეობდნენ და წარმოდგენა აქვთ ფიზიკაზე, უნდა გადალახონ ეს ბარიერი”, - ამბობს ქეთევან ჯინორია.

რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეთორმეტეკლასელებს, მაია მიმინოშვილის თქმით, სპეციალიზებული სკოლების მოსწავლეებს მსგავსი სახით საატესტატო გამოცდების ჩაბარება არ შეეხებათ. იმ მოსწავლეებისთვის კი, რომლებიც ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში სწავლობენ, შეიქმნება სპეციფიკური საგამოცდო პირობები, რათა მათ მოახერხონ სრულყოფილად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა.
XS
SM
MD
LG