Accessibility links

logo-print
სოფელი სმელოვკა, 61 წლის 12 აპრილის დილა. ახალგაზრდა გოგონამ რაია ზაიცევამ ტაფაზე კარტოფილი მიატოვა და სახლი, ეზო, ქუჩა, სოფელი სწრაფად ჩაირბინა. გოგონა ცაზე გამოჩენილი ნარინჯისფერი პარაშუტის კვალს მიჰყვებოდა. იმ ადგილებში საბჭოთა სწავლებების დროს პარაშუტები ხშირად ცვიოდა, სარატოველი გოგონები პარაშუტების ნაჭრებისგან კაბებს იკერავდნენ. რაიაც ამიტომ გარბოდა, ნარინჯისფერი პარაშუტის ნაჭერი უნდოდა კაბისთვის. სამი კილომეტრის გარბენა მოუწია, თუმცა მისულს იქაურობა ალყაში დახვდა. მიწაზე გაგარინი დაეშვა, რაიას კი კაბისთვის მასალა არ შეხვდა. ეს ისტორია „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტის მონათხრობია, კორესპონდენტის, რომელმაც ის ტერიტორია და იქ მცხოვრებნი მოინახულა, სადაც გაგარინი დაეშვა. სოფელი სმელოვკა სარატოვთან. სოფლის კაფე „კოსმოსი“. გაგარინის ლითონის პორტრეტები და თითქმის უკაცრიელი სოფელი, რომელსაც გაგარინის დღეობის აღსანიშნავად ცენტრალურმა ხელისუფლებამ ახლახან რამდენიმე კილომეტრი ასფალტის გზა დაუგო - იმ ადგილამდე, სადაც მოვლენის აღსანიშნავად „ბეტეერები“ უნდა მიეყვანათ. მეღორეობით ცნობილი სოფელი გაგარინის დაშვების შემდეგ დაშლილა - ჯერ ღორებისთვის დაუჭრიათ თავები, შემდეგ ფერმა ნაწილ-ნაწილ ისე დაუშლიათ, ჟურნალისტმა მეღორეობით ცნობილ სოფელში ფერმის კვალსაც ვერ მიაგნო. ” სკოლა სმელოვკაში არ არის, აბანო არ არის, მილიცია არ არის, ეკლესია არ არის, ინტერნეტი არ არის და იმ რეაქციის მიხედვით, რაც ადგილობრივებს აქვთ, საჭიროც არაა.”- ჰოდა, აბა, რა ეგაგარინებათო... თუმცა მაინც უხარიათ: კარგია აქ რომ დაეშვა, გზა მაინც გაგვიყვანესო.

მეორე სტატია, ისევ „ნოვაია გაზეტაში“, ცდილობს გაარკვიოს, ვინ იყო გაგარინი იმ საბჭოთა პროპაგანდისტული იმიჯის მიღმა, რაც საბჭოთა მედიამ მისგან შექმნა: ”ყველაფერი, რის თქმაც მას უნდოდა გაფრენამდეც და გაფრენის შემდეგაც, უმრავლეს შემთხვევაში წინასწარ იყო გაწერილი.” სტატიაში ჟურნალისტები ჰყვებიან, როგორ აგროვებდნენ, მაგალითად, მოქალაქეთა ინტერვიუებს გაგარინის შესახებ და მხოლოდ გულდასმითი ცენზურის შემდეგ უშვებდნენ მათ დასაბეჭდათ.

საინტერესოა ინტერვიუ ექიმთან, რომელსაც ევალებოდა გამოერკვია მეტ- ნაკლებად ობიექტურად, თუ რა განიცადა გაგარინმა, და რომელსაც, განსხვავებით პრესისგან, რომელსაც იდეოლოგიურ კონტექსტში უნდა განეხილა ეს გაფრენა, შეეძლო უფრო კონკრეტული შეკითხვები დაესვა კოსმონავტისთვის. როგორც ექიმი აღწერს, გაგარინის შეგრძნებანი საკმაოდ ცივი და რაციონალური ყოფილა. მან, უბრალოდ, საქმე მაღალპროფესიონალურად შეასრულაო: ”დავასკვენი, რომ მას კოსმოსში ყოფნის დროს არანაირი ემოციური შოკი არ ჰქონიაო.”

მოდით, სხვა - მიწიერ - საკითხებს შევეხოთ. სტატია „ვედომოსტიდან“. ’სხვა რამეს ვავითარებდითო“, აღიარა მსოფლიო ბანკმა რევოლუციური ტალღის გადავლის შემდეგ თავის ახლახან გამოქვეყნებულ დასკვნაში და მას შემდეგ, რაც, მაგალითად, მსოფლიო სავალუტო ფონდმა ეგვიპტეზე თქვა რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, ქვეყანა რეფორმატორია და თანმიმდევრულად ვითარდებაო. ჰოდა, ურემი რომ გადაბრუნდებაო... ახლა მსოფლიო ბანკი ამბობს, იმისათვის, რომ სისტემის რაციონალურ განვითარებაზე დასკვნები ვაკეთოთ, ეკონომიკური განვითარების მონაცემები საკმარისი არ არისო. სხვა ფაქტორები, რომელთაც მსოფლიო ბანკი და, მის კვალდაკვალ, „ვედომოსტი“ ახსენებს, არის სამართლიანობა და სისტემის შიგნით მოქალაქეთა რწმენა. დიახ, მოქალაქეთა რწმენა სისტემის მიმართ, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია იმავე სისტემის სამართლიანობასა და დოვლათის გადანაწილებასთან სისტემის შიგნით. ასეა თუ ისე, მსოფლიო ბანკი ამ პარამეტრებს ღიად აღიარებს და ასკვნის, დღესდღეობით საერთაშორისო ორგანიზაციები მსგავს პარამეტრებს ყურადღებას არ აქცევენ, მაშინ როცა სისტემაში კრიზისებს სწორედ მსგავსი ფაქტორები იწვევენო.
XS
SM
MD
LG