Accessibility links

ქუთაისელები მაჟორიტართან შეხვედრას ითხოვენ


პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

ოფიციალური ინფორმაციით, გასული წლის ქუთაისის ბიუჯეტი პარლამენტის მშენებლობისთვის 60 000 ლარით გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლება ტრანსფერს ცენტრალური ბიუჯეტიდან წელსაც ელის. მშენებლობის დასრულება 2013 წლისთვის იგეგმება. პარლამენტის მშენებლობის თაობაზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ინიციატივის ირგვლივ ქვეყნის მეორე დედაქალაქად წოდებულ ქუთაისში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა.

აკაკი ბობოხიძემ იდეა წელიწად-ნახევრის წინ გაახმიანა, რასაც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. რადიო თავისუფლების რესპონდენტები დეპუტატის საქმიანობაზე ინიციატივის მიხედვით მსჯელობენ და პარლამენტის მშენებლობას არაერთგვაროვნად აფასებენ.
მესმის, რომ ის არის საკანონმდებლო ორგანოს წევრი და ვალდებულია მის მუშაობაში აქტიურად იყოს ჩართული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ქალაქის მოსახლეობას იყოს მოწყვეტილი...

ქუთაისელების ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივას სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევს და დეპუტატის საქმიანობით კმაყოფილია. ისინი მიიჩნევნ, რომ პარლამენტის განთავსებით ქალაქს ფუნქცია დაუბრუნდება. რესპონდენტთა მეორე ნაწილის აზრით, ქალაქისთვის ფუნქციის დასაბრუნებლად პარლამენტის გადმოტანა, თუნდაც ნაწილობრივ, აუცილებელი არ არის და უკეთესი იქნება მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი მაჟორიტარ დეპუტატს მხოლოდ საპარლამენტო გამოსვლებიდან იცნობს და მიიჩნევს, რომ აკაკი ბობოხიძე საპარლამენტო უმრავლესობის აქტიური წარმომადგენელია, თუმცა, როგორც ქუთაისის მაჟორიტარმა, მოსახლეობასთან შეხვედრებისა და მათ პრობლემებზე საუბრისთვის ჯერ ვერ მოიცალა.

„მესმის, რომ ის არის საკანონმდებლო ორგანოს წევრი და ვალდებულია მის მუშაობაში აქტიურად იყოს ჩართული, იმავდროულად მუშაობს რამდენიმე კომისიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ქალაქის მოსახლეობას იყოს მოწყვეტილი, რომელსაც პარლამენტში წარმოადგენს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობას აკაკი ბობოხიძესთან შეხვედრა სურს და ვერ ახერხებს...

მაჟორიტარის მიმართ შენიშვნები აქვს ადგილობრივ ოპოზიციასაც. საკრებულოს წევრი, ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატმა ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყურადღება უნდა მიაქციოს.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობას აკაკი ბობოხიძესთან შეხვედრა სურს და ვერ ახერხებს. მე მგონი, მხოლოდ არჩევნების წინ დაგეგმილი შეხვედრები იმ იმედით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მაღალია, გამართლებული არ არის. საზოგადოებას აინტერესებს მაჟორიტარი, რომელიც მათ გვერდით დგას და აგვარებს მათ პრობლემებს და არა მარტო პარლამენტის მშენებლობა“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას მამუკა მღვდელაძემ.
XS
SM
MD
LG