Accessibility links

logo-print

პირველი კოსმოსური გაფრენიდან 50 წელი შესრულდა


პირველი კოსმონავტი იური გაგარინი

პირველი კოსმონავტი იური გაგარინი

50 წლის წინ საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ტრიუმფი, უდიდესი გამარჯვება ამერიკის შეერთებულ შტატებზე მასთან კოსმოსის სფეროში დაპირისპირებაში, ხოლო იური გაგარინი მსოფლიოში ცნობილ პიროვნებად იქცა. მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლითაც 12 აპრილს აღინიშნება კოსმოსში პირველი ისტორიული გაფრენა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გაგარინი 50 წლის შემდეგაც ხიბლავს მსოფლიოს.

„ წავედით“, - ეს იყო ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც 1961 წლის 12 აპრილს მხიარულად წარმოთქვა გასაფრენად გამზადებული კოსმოსური ხომალდის კაბინაში მჯდარმა იური გაგარინმა.

50 წლის წინ საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „ვოსტოკ 1“ კოსმოსში ყაზახეთის უდაბნოში განლაგებული კოსმოდრომიდან გაფრინდა. და მიუხედავად მითქმა-მოთქმისა, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც ძალიან დიდ სანახაობას ამზადებდა, გაგარინის კოსმოსური გაფრენა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ცნობა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საბჭოთა კოსმონავტი ორბიტაზე მშვიდობიანად გავიდა:
ხდება დაშვება ჩვენს, საბჭოთა რუსეთის მიწაზე. პირველი შეხვედრა - ჩვენს კოლმეურნე ქალთან. თავიდან მას ცოტა შეეშინდა ჩემი, მერე კი დავმეგობრდით ...

„1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კავშირში დედამიწის ორბიტის გარშემო გავიდა მოფლიოში პირველი კოსმოსური ხომალდი, თანამგზავრი „ვოსტოკი“, რომლის ბორტზე ადამიანი იმყოფება. კოსმოსურ ხომალდ „ვოსტოკის“ მფრინავი-კოსმონავტია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე, მფრინავი იური ალექსის ძე გაგარინი.“

გაგარინის გაფრენა შეერთებულ შტატებთან კოსმოსურ შეჯიბრებაში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ნიშნავდა. საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი სიხარულისაგან თურმე მაგიდაზე ცეკვავდა. თავად 27 წლის იური გაგარინისათვის, რომელიც ამ გაფრენისთვის ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა, ეს იყო კულმინაცია, რამაც მას უთვალავი თაყვანისმცემელი შესძინა მთელ მსოფლიოში. მან დაამტკიცა, რომ ადამიანს შეუძლია კოსმოსში არსებობა, რითაც გზა გაუსხნა კოსმოსის შემდგომ ათვისებას.

არადა, მრავალჯერადი ცდებიც კი არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ხომალდი გადარჩებოდა. განსაკუთრებით საშიში ჩანდა არანორმალური სიჩქარე, რომელიც კოსმოსურ ხომალდს აფრენის შემდეგ უნდა განევითარებინა. თუმცა, 108 წუთიანი ფრენის შემდეგ, გაგარინმა უსაფრთხოდ დატოვა კოსმოსური ხომალდი და მოსკოვიდან 800 კილომეტრის დაშორებით მდებარე საკოლმეურნეო ფერმაში დაეშვა. აი, როგორ იგონებდა გაგარინი მიწაზე დაშვების პირველ შთაბეჭდილებას 50 წლის წინ:

„ხდება დაშვება ჩვენს, საბჭოთა რუსეთის მიწაზე. პირველი შეხვედრა - ჩვენს კოლმეურნე ქალთან. თავიდან მას ცოტა შეეშინდა ჩემი, მერე კი დავმეგობრდით. აბა, თქვენ თავად წარმოიდგინეთ: უცებ გადმოვიდა კაცი, ნარინჯისფერ სკაფანდრში, და მიდის მისკენ შესახვედრად.“

ნატალია სვირიდენკოს, ყოფილ მასწავლებელს, კარგად ახსოვს იური გაგარინის დაშვება სოფლის მახლობლად. მას დღესაც ეცინება, როდესაც მოხუცი გლეხი ქალის გაოცებას იხსენებს:
გაგარინი, პირველ ყოვლისა, იმით განსხვავდებოდა, რომ ის მოსწონდა ყველას - როგორც უფროსობას, ისე მეგობრებს და ყველას, ვისაც კი შეხვდებოდა ...

„ის მოხუცი ქალი, შვილიშვილ გოგოსთან, რიტასთან ერთად, კარტოფილს რგავდა. გაგარინმა დაუძახა მას. თავდაპირველად ის ძალიან შეშინდა. გაგარინმა სთხოვა დახმარებოდა სკაფანდრის გახდაში, რომელიც იმდენად მძიმე იყო, რომ გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ბებიამ ჰკითხა, ცხენით გადაადგილდებიო? არაო, უპასუხა გაგარინმა, მას არა აქვს საკმარისი სიჩქარეო.“

გაგარინის გზა დიდებისაკენ არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მისი კოსმოსური გაფრენა. დასავლეთ რუსეთში, გლეხის ოჯახში დაბადებულმა გაგარინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა. ტანმორჩილობის გამო გაგარინს მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, ვიდრე საავიაციო სკოლაში ჩააბარებდა და მასწავლებლების ყურადღებას მიიპყრობდა. მაგრამ იგი მალევე მოხვდა იმ 20 კანდიდატს შორის, რომლებსაც პირველი კოსმოსური გაფრენისათვის ამზადებდნენ. ინტენსიური წვრთნების დასრულების შემდეგ, იური გაგარინი დაწინაურდა. ვიქტორ გორბატკო გაგარინს გამოცდებზე შეხვდა და ისინი დამეგობრდნენ. გორბატკო ამბობს, რომ კოსმოსური მისიის განსახორციელებლად გაგარინი მისი ტალანტისა და ქარიზმის გამო შეირჩა:

„გაგარინი, პირველ ყოვლისა, იმით განსხვავდებოდა, რომ ის მოსწონდა ყველას - როგორც უფროსობას, ისე მეგობრებს და ყველას, ვისაც კი შეხვდებოდა. მას ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა. გამოირჩეოდა განსაკუთრებული გამჭრიახობით. რაღაცნაირად ყველაზე წინ იყო და ის დღესაც ჩვენზე წინ იქნებოდა.“

იყო კიდევ ერთი უპირატესობა, რის გამოც შეჩერდა არჩევანი გაგარინზე. იგი გლეხის შვილი იყო და მისი არჩევით საბჭოთა ლიდერებს იმის დადასტურება სურდათ, რომ კომუნიზმის დროს თვით გლეხის ბიჭსაც კი შეუძლია დიდებისა და წარმატების მოხვეჭა. მეორე პილოტს კი, ტიტოვს, ეს უპირატესობა არ გააჩნდა, რადგან ერთი, რომ მასწავლებლის შვილი იყო, მეორე კი ის, რომ გერმანული წარმოშობის სახელი „გერმანი“ ერქვა, რასაც შეეძლო ასევე შეემცირებინა მისი შანსები.

მაგრამ უმთავრესად მაინც იური გაგარინის პიროვნული ხიბლი გახლდათ ის უპირატესობა, რამაც საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელის, სერგეი კოროლიოვის არჩევანი განაპირობა. აი, რას ამბობს გიორგი გრეჩკო, რომელიც საბჭოთა კოსმოსური ხომალდის, „ვოსტოკის“, ერთ-ერთი ინჟინერი იყო.

“კოროლიოვი ბრძენი კაცი იყო და მან განჭვრიტა, რომ ეს ადამიანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სახე გახდებოდა. და ვფიქრობ, რომ მან მისი ამ ღიმილისთვისაც აირჩია გაგარინი. იცით, ეს ღიმილი სულიდან ამოდიოდა. იგი არ იყოს სახის გამომეტყველება. და გაგარინის ეს ღიმილი მართლაც მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.“

მაგრამ დიდებას არ გაუფუჭებია გაგარინი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის არაოფიციალურ ელჩად იქცა, გაგარინი დარჩა ისეთივე მორცხვ და უშუალო ადამიანად, როგორიც მანამდე იყო.

გიორგი გრეჩკო, რომელიც მოგვიანებით თავადაც კოსმონავტი გახდა, გაგარინის სიმორცხვეზე ასეთ სახალისო ისტორიას იხსენებს:

„ქალები, ყვავილებით ხელში, ისეთი მონდომებით გაქანდნენ მისკენ, რომ იგი მოულოდნელობისაგან უკან გადაქანდა. და ჩვენ იქვე ასეთი ანეკდოტი მოვიფიქრეთ: გაგარინს ეკითხებიან: რომელი იყო ყველაზე საშინელი შემთხვევა ფრენისას? არა, პასუხობს იგი, ყველაზე საშინელი იყო ფრენის შემდეგ, როდესაც ჩემკენ ყვავილებიანი ქალები გამოიქცნენ.“
იგი ფიქრობდა, რომ კოსმონავტიკა ისე განვითარდებოდა, რომ შევძლებდით გავფრენილიყავით მთვარეზე, გავფრენილიყავით მარსზე. იგი ოცნებობდა იქ გაფრენაზე ...

მიუხედავად სახელგანთქმული კოსმონავტის დატვირთული დღის წესრიგისა, გაგარინი დაჟინებით აგრძელებდა საცდელ ფრენებს. ერთ-ერთი ასეთი საცდელი გაფრენის დროს იგი, 34 წლის ასაკში, დაიღუპა ინსტრუქტორ ვლადიმირ სერიოგინთან ერთად. 1968 წლის 27 მარტს „მიგ 15“ ტიპის თვითმფრინავი გაურკვეველ ვითარებაში დაიმსხვრა, რამაც მთელ მსოფლიოში მრავალ ვერსიას დაუდო სათავე. ზოგი ფიქრობს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გახდა მართვის კონტროლის დაკარგვა, მეორენი კი ფიქრობენ, რომ კატასტროფის მიზეზი გახდა მეორე თვითმფრინავის ქვემოდან შეფრენით წარმოქმნილი ტურბულენტური თუ ატმოსფერული ბურთი, რაც გვიან შენიშნეს. მრავალ ადამიანს სჯერა, რომ გაგარინი მოკლა საბჭოთა კაგებემ, ნასვამი მართავდა შტურვალს ანდა შეგნებულად მოახდინა ავარია, რადგან ვეღარ გაუძლო საკუთარ დიდებას.

გაგარინის თაყვანისმცემლები დღემდე მოითხოვენ კოსმონავტის მისტიკური დაღუპვის ნამდვილი მიზეზის დადგენას. იმათთვის კი, ვინც გაგარინს პირადად იცნობდა, მისი დაკარგვა მტკივნეული მოსაგონარია. კოსმონავტის ნათესავი და ნათლული, თამარა ფილატოვა ამბობს, რომ გაგარინს ბევრი ოცნება დარჩა განუხორციელებელი:

„ჩემთვის მოუშუშებელ ჭრილობად დარჩა ის, რომ იგი აღარ არის ჩვენ შორის. უბედურებას არაფერი არ მოასწავებდა. ის ჯანმრთელი, ახალგაზრდა კაცი იყო. მომავლის იმედით აღსავსე, მუშაობის წყურვილით და კოსმოსში ფრენის წყურვილით აღსავსე. იგი ფიქრობდა, რომ კოსმონავტიკა ისე განვითარდებოდა, რომ შევძლებდით გავფრენილიყავით მთვარეზე, გავფრენილიყავით მარსზე. იგი ოცნებობდა იქ გაფრენაზე.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG