Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიისთვის ახალი სანქციების თაობაზე ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობაა


მინსკი
მინსკი
ბელორუსიის მთავრობის მოქმედებას დეკემბრის არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციის გამოსვლა ძალით ჩაახშო და არაერთი ლიდერი - მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატები - დააპატიმრა, დასავლეთში რეაქცია მოჰყვა სანქციების სახით. თუმცა ბელორუსიაშიც და უცხოეთშიც ბევრი ფიქრობს, რომ მხოლოდ ცალკეული პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვა საკმარისი არ არის და რომ ეკონომიკური სანქციებია საჭირო. ასეთი ზომების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა ბრიუსელში, რომელზეც ემოციური ზემოქმედება მინსკში მომხდარმა აფეთქებამაც იქონია.

სამშაბათს ლუქსემბურგში შეკრებილი საგარეო მინისტრების კონკრეტული განსახილველი თემა ბელორუსიის იმ ფირმებისთვის აკრძალვების დაწესება იყო, რომლებიც ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან არიან დაკავშირებულნი. ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც ახალი სანქციების მომხრეებსაც დააკმაყოფილებდა და მოწინააღმდეგეებსაც, შეუძლებელია ჩანს. ევროპის კავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა, მაია კოციანჩიჩმა, განაცხადა, რომ სანქციების საკითხი აქტუალურია, მაგრამ მათზე შეთანხმება ჯერჯერობით ძნელდება:

„ევროპის კავშირი ითვალისწინებს ბოლო პერიოდის განვითარებას, უფრო სწორად იმას, რომ ის არ გაუმჯობესებულა. როგორც ადრეც ვთქვით, ჩვენ ვითარებას თვალყურს ვადევნებთ, რათა ჩვენი პოზიცია განვსაზღვროთ და გავარკვიოთ, რა ზომებს შეიძლება მივმართოთ.“

ჩემი აზრით, რამდენადაც მაგრად დავუდგებით ლუკაშენკოს რეჟიმს, იმდენად დიდი იქნება ბელორუსიის უბრალო ხალხის იმედი...
ზემოთ მინსკისთვის უკვე დაწესებული სანქციები ვახსენეთ. პრეზიდენტ ლუკაშენკოს და მის უახლოეს პოლიტიკურ მოკავშირეებს - სიაში 170 გვარია - მოგზაურობა აუკრძალეს და საბანკო ანგარიშები გაუყინეს, როგორც ითქვა, დეკემბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიმართ ძალადობის გამო. აშშ-მა ანალოგიური აკრძალვები დაუწესა რეჟიმის ერთგულ მოხელეებს და იმ ფირმებს, რომლებიც მთავრობასთან არიან დაკავშირებულნი. ეს იქნებოდა ზომა, რომელსაც ბრიუსელი აპირებს მიმართოს იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბელორუსიაში. ქვეყნები, რომლებიც უფრო მკაცრ ზომებს ემხრობიან, შემდეგია: ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვეცია. მათი აზრით, სანქციები საფუძვლიანია, რადგან პოლიტიკური პატიმრები კვლავ ციხეში იმყოფებიან. მინსკის გადაწყვეტილებამ, დაეხურა ეუთოს ოფისი ქვეყანაში, განარისხა დასავლეთი. ბრიუსელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის გამო ის სინანულს გამოთქვამს და ღრმად დარწმუნებულია, რომ ეუთოს ყოფნა ბელორუსიაში საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ მინსკი მუქარაზე თანამშრომლობას არ აპირებს, კეტრინ ეშტონის ოფისმა თავი შეიკავა შემდგომი ნაბიჯების გადადგმისგან. თავი შეიკავა იმიტომ, რომ ევროპის კავშირში არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე. ევროპის კავშირის წყარომ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, არიან ქვეყნები, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ამგვარ სანქციებსო. მათი ფლაგმანები საბერძნეთი და იტალიაა, რომლებსაც მხარში უდგას, სხვათა შორის, ლატვია. ეს ქვეყნები თვლიან, რომ ბელორუსიის ფირმებისთვის სანქციების დაწესება უბრალო ხალხს დააზარალებს. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიკულაშ ძურინდამ, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ასეთი არგუმენტები მას აგონებს ძველ დროს, კომუნისტთა ბატონობის პერიოდს, როცა დასავლეთის როლს მნიშვნელობა ჰქონდა. ძურინდა, თვითონ ოპოზიციონერი სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში, იხსენებს, თუ რამდენად უმაგრებდა მათ გულს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, ძალიან თამამი და ცხადი პოზიცია:

„ბელორუსიაში შესაძლებელი ცვლილებების საფუძველია ჩვენი თამამი, ძლიერი და პრინციპულ პოზიცია. ჩემი აზრით, რამდენადაც მაგრად დავუდგებით ლუკაშენკოს რეჟიმს, იმდენად დიდი იქნება ბელორუსიის უბრალო ხალხის იმედი.“

ლუქსემბურგის შეხვედრაზე რომ დაპირისპირება გაღრმავდებოდა, მოსალოდნელი იყო. ევროკავშირში პოლონეთის წარმომადგენელი, იან ტომბინსკი, ამბობს, ისეთი რთული საკითხის გადაწყვეტას, როგორიცაა ეკონომიკური სანქციები, დრო სჭირდებაო:

„მაგიდას 27 სახელმწიფო უზის და არ არის იოლი შეთანხმება. ყოველი მათგანი აანალიზებს ზომებს, რადგან ეს ზომები მკაცრია.“

გეტყვით იმასაც, რომ ევროკავშირმა, მისმა საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, დღეს ლუქსემბურგში სამძიმარი გამოუცხადა მინსკში ორშაბათს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა ახლობლებს:

„მე სამძიმარი გავუგზავნე ყველას, ვისი ახლობელიც დაიღუპა ან დაშავდა ბელორუსიაში მომხდარი აფეთქების დროს. ჩვენ ვითარებას თვალყურს ვადევნებთ“, თქვა ეშტონმა.

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემა იყო ასევე კავკასია. ბლოკის საგარეო მოქმედების სამსახური მომავალ კვირებში აპირებს მოამზადოს დოკუმენტი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში, ვითარების შესახებ. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ სადავო რეგიონში ბოლო ხანს ვითარება დაიძაბა და გამწვავდა. ევროპის კავშირი შეშფოთებას გამოხატავს ამის გამო და აცხადებს, რომ გაზის ექსპორტიდან შესულ მოგებას აზერბაიჯანი შეიარაღების გაზრდას ახმარს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG