Accessibility links

logo-print

მთავრობის შეთავაზება ბიზნესს


პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისა და ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისა და ბიზნეს ასოციაციის შეხვედრა

მთავრობამ ბიზნესმენებს 3 ახალი ინიციატივა შესთავაზა. პირველი სიახლე საგადასახადო შემოწმების კუთხით ცვლილებებს ითვალისწინებს და კომპანიას არჩევანის საშუალებას აძლევს - კერძო აუდიტორულმა კომპანიამ შეამოწმოს თუ სახელმწიფო შემოსავლების სამსახურმა. დანარჩენი ორი ინიციატივა კომპანიის ტექნიკურ დანაკარგებსა და საწვავის ხარჯს შეეხება. ამ ინიციატივებზე დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმსჯელეს მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა.
ამით სარგებლობის საშუალება ექნებათ საშუალო საწარმოებსაც. ყველას არა აქვს ფუფუნება, აუდიტებში დიდი თანხები იხადოს...

ბიზნესმენებს ახალი ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააცნო. სამპუნქტიან ინიციატივაში ნათქვამია: პირველი - კომპანიას, მისი სურვილის შემთხვევაში, კერძო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია შეამოწმებს სახელმწიფო საშემოსავლო სამსახურის ნაცვლად; აუდიტორულ კომპანიებს, რომლებიც ამ პროცესში ჩაერთვებიან, შემოსავლების სამსახური ლიცენზიას მიანიჭებს, მის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტს კი შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტის ძალა ექნება.
ინიციატივის ამ პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ფინანსური დარღვევები აღმოაჩნდა აუდიტორის მიერ შემოწმების დროს, მას გონივრული ვადა მიეცემა მათ გამოსასწორებლად და არ დაჯარიმდება. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ საშუალო ბიზნესისთვის შემოწმების ეს ფორმა ნამდვილად მისაღები იქნება და მათ ფინანსურადაც არ დააზარალებს:
ყველა, ვინც აუდიტია, უნდა ჰქონდეს ამის კეთების საშუალება. თუ ვინმეს აუდიტის კეთილსინდისიერებაში ეჭვი ეპარება, აუდიტი დასაჯონ...

”ამით სარგებლობის საშუალება ექნებათ საშუალო საწარმოებსაც. ყველას არა აქვს ფუფუნება, აუდიტებში დიდი თანხები იხადოს. ამიტომ რამდენიმე ტიპის ლიცენზია იქნება - მსხვილი კომპანიებისთვის, საშუალოებისთვის და წვრილისთვის. დისბალანსი არის აღმდგარი. ჩვენ რეალურად გვეძლევა საშუალება, გარდა საგადასახადოსი, ურთიერთობა გვქონდეს ჩვენნაირ ადამიანებთან. მეტი რა ვთქვა. გამორიცხეთ ნიღბები, გამორიცხეთ დაპატიმრებები, ყველაფერი გამორიცხეთ, რაც კი რამ მანკიერი არსებობდა.”

თუმცა მოსაზრებას, აუდიტორულ კომპანიებს სპეციალური ლიცენზიები მიენიჭოთ, არამართებულად მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. ის ამბობს, რომ ხელოვნური ჩარევა ამ სფეროში საჭირო არ არის:
”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე

”ჩემი აზრით, ამის აუცილებლობა არ არის. ყველა, ვინც აუდიტია, უნდა ჰქონდეს ამის კეთების საშუალება. თუ ვინმეს აუდიტის კეთილსინდისიერებაში ეჭვი ეპარება, თვითონ აუდიტი დასაჯონ. რა საჭიროა ორსაფეხურიანი სისტემის შექმნა - ელიტარული და არაელიტარული აუდიტები?!”

პაატა შეშელიძე ზოგადად მთავრობის ინიციატივის შეფასებისას იმასაც ამბობს, რომ აუდიტორული შემოწმება ცუდი არ არის, მაგრამ ინიციატივაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა თავად შემოსავლების სამსახური შემოწმების დროს, ანუ შეცვლის თუ არა ის საკუთარი მუშაობის მეთოდებს უკეთესობისკენ:

”იმ შემთხვევაში რა ხდება, როცა თვითონ საგადასახადო შედის? ის ისევ თავისი ძველი სტილით იმუშავებს? შეაჩერებს იმ კომპანიის სამეურნეო საქმიანობას, რომელსაც ამოწმებს, თუ არა? ეს არ ჩანს ჯერჯერობით ამ განცხადებაში.”

ინიციატივის მეორე პუნქტი საწარმოში ტექნიკური დანაკარგების თემას შეეხება, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ასე ახსნა:
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

”კომპანიებს შეეძლებათ თვითონ მოგვმართონ და გვთხოვონ, რომ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაუდგინონ მათ ტექნიკური დანაკარგი. შესაბამისად, მომავალში, შემოსავლების სამსახური როდესაც შეამოწმებს ამა თუ იმ კომპანიას, გაითვალისწინებს ამ ტექნიკურ დანაკარგს და უფრო ნაკლებს დაარიცხავს.”

მესამე საკითხი ეს არის კომპანიის მიერ მოხმარებული საწვავის ხარჯის ჩამოწერა. თუ აქამდე კომპანია საშემოსავლო სამსახურს ვერ უდასტურებდა რეალურად დახარჯული საწვავის რაოდენობას და ამ შემთხვევაში ეს თანხა შემოსავლად უფორმდებოდა, ახლა შეიქმნება სპეციალური ანგარიშფაქტურები, რომლის მიხედვითაც, ხარჯის დადასტურებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში, კომპანიას ის შემოსავალში არ ჩაეთვლება. კომპანია „ზარაფხანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ახალაძე ამბობს, რომ საწარმოო დანაკარგების აღრიცხვა და საწვავის ხარჯი ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა კომპანიისთვის:

”კომპანიებს, სხვადასხვა სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა დანაკარგი აქვთ და ეგ იყო ყოველთვის გადაუჭრელი პრობლემა; ყოველთვის რთული იყო ამის დამტკიცება, რომ ეს იყო რეალური დანაკარგი და ადგილი არ ჰქონდა მოპარვას. ეს საკითხი ძალიან ბევრჯერ დაისვა, მაგრამ დღემდე ვერ გადაიჭრა, როგორც საჭირო იყო.”
მთავარია, ამან არ შეიძინოს მანკიერი ფორმა; მთავარია, ეს კომპანიები პარტიული ნიშნით არ იყვნენ შერჩეული და საგადასახადოზე უარესად არ იქცეოდნენ...

ეკონომიკური საკითხების ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს სამპუნქტიანი ინიციატივა საინტერესოდ გამოიყურება. გია ხუხაშვილი ყურადღებას აუდიტორულ შემოწმებებზე ამახვილეს და ამბობს, რომ მთავარია, ლიცენზიების გაცემის პროცესმა მანკიერი ფორმა არ შეიძინოს:

”მთავარია, ამან არ შეიძინოს მანკიერი ფორმა; მთავარია, ეს კომპანიები პარტიული ნიშნით არ იყვნენ შერჩეული და საგადასახადოზე უარესად არ იქცეოდნენ.”

აუდიტორული კომპანია ”ბიდიოს” მმართველი პარტნიორი და ბიზნესასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლაზაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ინიციატივის ამუშავების შემდეგ ბაზარზე აუდიტორულ კომპანიებს შორის უფრო მეტი კონკურენცია გაჩნდება და უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია დაინტერესდება ქართულ ბაზარზე შემოსვლით:
მუშაობს საბაზრო პრინციპი და ვინც ნაკლებ ფასს შესთავაზებს დამქირავებელს, გადამხდელიც იმას აიყვანს...

”ქართულ ბაზარზე ათზე ნაკლები საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაა წარმოდგენილი. კონკურენცია არსებობს, მაგრამ ვიწრო წრეში. აქ, რა თქმა უნდა, მუშაობს საბაზრო პრინციპი და ვინც ნაკლებ ფასს შესთავაზებს დამქირავებელს, გადამხდელიც იმას აიყვანს.”

რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას, მათი ნაწილი - კერძოდ, საწვავის ხარჯების გამოქვითვის მექანიზმი - ორშაბათიდან შევა ძალაში, აუდიტორული შემოწმების ნაწილი საპილოტო რეჟიმში იმუშავებს 6 თვის განმავლობაში, ტექნიკური დანაკარგების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია კი უახლოეს მომავალში შეიქმნება.
XS
SM
MD
LG