Accessibility links

logo-print
კოკოითის ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის კრედიტებს გასცემს. პრიორიტეტი „სამშობლოს დამცველთა კავშირის“ წევრებსა და თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ კადრებს მიენიჭა. ამ ფაქტმა ბევრი ცხინვალელის უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც ცნობილია, ოსურ ჯარში ცოტა ხნის წინ შემცირება მოხდა, რამაც ბევრი მებრძოლი გაანაწყენა. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოსავალი უსახსროდ დარჩენილი პირებისთვის კრედიტების მიცემაში იპოვა. პირობის თანახმად, იმ პირებს, ვინც ფული მიიღო, მცირე ბიზნესი უნდა წამოეწყოთ, მაგრამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა - ბევრმა ადამიანმა ფინანსები ბიზნესის დასაწყებად არ გამოიყენა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებს დაავალა თითოეული რუბლის ხარჯვის მიზნობრიობა შეემოწმებინათ. კოკოითიმ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გაცემულ კრედიტს ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იყენებენ, და შანხაის უბანში დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

კოკოითის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ სპეციალური ფონდი, „აღორძინება“, შექმნა. ფონდში თავმოყრილი ფინანსები რაში უნდა დაიხარჯოს, დღემდე არავინ იცის. ცხინვალელების ნაწილი ფონდის შექმნას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს და უკმაყოფილებას არ მალავს. კოკოითი კი აცხადებს, რომ ფონდი დე ფაქტო რესპუბლიკის აღორძინებას ემსახურება და არჩევნებთან კავშირი არა აქვს.

ცხინვალში ფინანსების ხარჯვა რომ გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, ამის შესახებ რუსული მედიაც ხშირად წერს. დე ფაქტო რესპუბლიკაში არ წყდება საუბარი იმაზე, რომ გარკვეული მოხელეები კრედიტების გაცემითაც ხელს ითბობენ. გარდა ამისა, ამ დაფინანსებაზე ხელი მხოლოდ იმ პირებს მიუწვდებათ, ვინც კოკოითის კეთილგანწყობით სარგებლობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG