Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის საკონტაქტო ჯგუფი: კადაფი უნდა წავიდეს


ლიბიის საკითხზე საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფმა დღეს განაცხადა, რომ მუამარ კადაფი უნდა წავიდეს, მის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს კი მატერიალური დახმარება უნდა გაეწიოს. ჯგუფმა დღეს დოჰაში პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც ერთობლივად უძღვებოდნენ მასპინძელი ქვეყანა, კატარი და ბრიტანეთი. შეხვედრის შემდეგ შემუშავებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კადაფიმ და მისმა რეჟიმმა ყველანაირი ლეგიტიმურობა დაკარგა“ და ლიბიელ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს „თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“. განცხადების თანახმად, ჯგუფი შეთანხმდა, რომ მეამბოხეთა დასახმარებლად შეიქმნება „დროებითი ფინანსური მექანიზმი“. შეხვედრაში გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნიც მონაწილეობდა - 40 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. გაეროს ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ლიბიის შესახებ „გაერთიანებული ხმით“ ილაპარაკონ. დღეს მოგვიანებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი პარიზში ჩავა და ლიბიის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ნიკოლა სარკოზისთან გამართავს მოლაპარაკებას. ბრიტანეთი და საფრანგეთი ნატოს სთხოვენ გააძლიეროს საჰაერო დარტყმები, რათა მეამბოხეებს კადაფის ძალების შეტევების გაძლების საშუალება მიეცეს.
XS
SM
MD
LG