Accessibility links

ერდოანი დასავლეთს ლიბიაში ახალი ერაყისა და ავღანეთის განმეორებას არ ურჩევს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი სტრასბურგში

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი სტრასბურგში

ლიბიაში ინტერვენცია უნდა იყოს ჰუმანიტარული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერაყისა და ავღანეთის განმეორება, თქვა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. მან ევროკავშირის სახელმწიფოებს ასევე ურჩია, თურქეთის კრიტიკის ნაცვლად, ადამიანის უფლებების სფეროში საკუთარ შეცდომებზე ისაუბრონ.
ისინი, ვინც თურქეთს განიკითხავენ, საკუთარ სახლშიც უნდა იყურებოდნენ...

სტრასბურგში ერდოანი ევროსაბჭოს ასამბლეაზე კულტურათაშორის და რელიგიათაშორის დიალოგის საკითხებზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აქცენტი ძირითადად გააკეთა თურქეთზე, როგორც უნიკალურ ქვეყანაზე, სადაც მუსლიმანური მოსახლეობა სეკულარული და დემოკრატიული მმართველობით კონკურენციას უწევს ევროპის მრავალ ქვეყანას. და მიუხედავად იმისა, - განაცხადა ერდოანმა, - რომ თურქეთი სწრაფად გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან, ხოლო ბოლო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა - განსაკუთრებით გერმანია, ავსტრია და საფრანგეთი - აფერხებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. თურქეთს, რომელმაც 2005 წელს მიიღო ევროპის ბლოკის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ოპონენტები უსაყვედურებენ კვიპროსის ბერძნული ნაწილის გემების ბლოკადას და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარების გაუარესებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე მდგარი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შეეცადა თავი კონტრკრიტიკით დაეცვა:

„ისინი, ვინც თურქეთს განიკითხავენ, საკუთარ სახლშიც უნდა იყურებოდნენ“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა საფრანგეთის მიერ გასულ წელს განხორციელებული ბოშების რეპატრიაცია.
ჟურნალისტები დააპატიმრეს არა მათი მოღვაწეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდნენ...

დასავლეთი თურქეთს ასევე აკრიტიკებს ჟურნალისტების მასობრივი დაპატიმრებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. როგორც ცნობილია, ბოლო წლებში თურქეთში დააპატიმრეს 26 ჟურნალისტი. თუმცა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა: „ჟურნალისტები დააპატიმრეს არა მათი მოღვაწეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდნენო.“

ადამიანის უფლებებზე საუბრის ნაცვლად, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში უფრო მეტი ადგილი დაუთმო სახალხო მღელვარებებს ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, უწოდა რა რასისტული იმ მიდგომას, რომლის თანახმადაც რეგიონის ქვეყნები თანაბრად არ არიან მზად დემოკრატიისათვის. ერდოანმა მოუწოდა ევროპას მხარი დაუჭიროს რეგიონში მოსახლეობის მოთხოვნას:

„დღეს ევროპამ არ შეიძლება ყური არ ათხოვოს ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალ თავისუფლებისა და უფლებების მოთხოვნებს.“
გარედან ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს ჰუმანიტარული. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ ახალი ავღანეთი და ახალი ერაყი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში...

თურქეთი საკმაოდ უხალისოდ ეკიდებოდა ნატოს მიერ არასაფრენი ზონის უზრუნველყოფას ლიბიის თავზე და ვიდრე თანხმობას განაცხადებდა, ანკარამ რამდენიმე დღე თავიც შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან. რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე განაცხადა, არასაფრენი ზონის უზრუნველყოფა გაეროს მანდატით დადგენილი წესების სრული დაცვით უნდა გაგრძელდესო. ერდოანმა მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ლიბიაში თავიდან იქნეს აცილებული ერაყისა და ავღანეთის სცენარების განმეორება:

„გარედან ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს ჰუმანიტარული. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ ახალი ავღანეთი და ახალი ერაყი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.“

რაც შეეხება სახალხო გამოსვლებს რეგიონის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით სირიაში, რომლის მმართველ რეჟიმთანაც ერდოანს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჯანსაღი აზრის“ გამარჯვებას ემხრობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG