Accessibility links

logo-print
ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ხალხმრავლობაა დედაენის ძეგლთან, სადაც სკოლის მოსწავლეები ლექსებს კითხულობენ, პოლიტიკოსები კი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს იხსენებენ.

14 აპრილს დედაენის ძეგლთან სკოლის მოსწავლეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მიჰყავთ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ძეგლია, თუმცა ყველა ბავშვმა იცის, რომ ამ ძეგლს ყვავილებზე მეტად ქართული სიტყვა და ლექსი უხდება:

„ჩვენ დღეს ვზეიმობთ დედაენის სიყვარულს, ვხარობთ იმით, რომ დაეწაფეთ სიბრძნეს დიდი იაკობისას...“

„შენ სიძველით გმოსავს ძველი ხავსი,
ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი,
დიდი გზნებით ასე იყავ სავსე...“

სკოლა-ლიცეუმ „ცისკრის“ მოსწავლეებთან ერთად დედაენის დღისათვის საგანგებოდ ემზადებოდნენ პედაგოგები. მარიკა რობაქიძე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა:

„დღეს ჩვენმა ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ პატივი მიაგონ დედაენის დიდ სიყვარულს. ეს არის ის განძი, რომელიც ქართველ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება. ამ ბავშვებმა მცირე წვლილი შეიტანეს ამ ლამაზი დღის აღნიშვნაში.“

მარიკა რობაქიძე სკოლის მოსწავლეებს 1978 წლის 14 პრილის შესახებაც ელაპარაკა. საქმე ისაა, რომ 33 წლის წინ რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. როგორც მაშინდელი მოვლენების აქტიური მონაწილე ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, სიახლე მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის:

„ვინმე გამოკვეთილი ორგანიზატორი არ ყოფილა“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. - „იყო მუხტი, რომელმაც თავისთავად მოახდინა საპროტესტო აქციის ორგანიზება. იყო აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე და სხვა უამრავი ადამიანი, რომლებიც ხმამაღლა გმობდნენ სიახლეს. ასე ნელ-ნელა შემზადდა 14 აპრილი. როდესაც მთავრობის სასახლისკენ მივდიოდით, შუახნის ხალხი, ვინც მოსწრებული იყო 1956 წლის მოვლენებს, გვეუბნებოდა, არ წახვიდეთ, გესვრიანო, მაგრამ ყველაფერი რომ დამთავრდა და უკან ვბრუნდებოდით, გვხვდებოდნენ როგორც გმირებს, რომ შევძელით და შევინარჩუნეთ ენა.“

1978 წლის ამ დრამატული მოვლენებიდან სამ ათეულზე მეტი წელი გავიდა, 20 წლის წინ კი საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და გასაკვირი არაა, რომ ქართული ენის დაცვასაც აღარ სჭირდება გმირობა, თუმცა, როგორც პროფესორი ავთანდილ არაბული ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ ენას საფრთხე არ ემუქრება:

„უცხოენოვანი ექსპანსია უფრო ხელშესახები გახდა, უჭირთ შესაბამის ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს აკონტროლონ სპეციალური ტერმინოლოგიის შემოჭრა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სალიტერატურო ენა ბარბარიზმებით ძალიან არის გადატვირთული. თუნდაც საგანმანათლებლო სფეროში ისეთი ტერმინების ძალიან დიდი სიუხვეა, რომლებიც ოფიციალურად არ არის დაწესებული. ამიტომ ჩვენ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული პრობლემები გვიდგას ქართული სახელმწიფო სალიტერატურო ენის თანამედროვე ნორმებისა და ტერმინოლოგიის დადგენის მხრივ.“

ავთანდილ არაბულის თქმით, სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსი შესაბამისი ინსტიტუციებისა და ნორმების მიხედვით უნდა განხორციელდეს, ანუ უნდა არსებობდეს სათანადო საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განამტკიცებს სახელმწიფო ენის სტატუსს და რომლის საფუძველზეც დადგინდება ნორმები და დაინერგება ტერმინოლოგიები. ანუ, არაბულის თქმითვე, ასაწყობია მთელი სისტემა, რომელიც ჯერ არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობენ ბავშვები, რომლებიც შედარებით იოლად იმახსოვრებენ უფროსების დაწერილ ტექსტებს და რომელთა სიბეჯითის წყალობით ყოველი წლის 14 აპრილი რაღაცით საბჭოთა დღესასწაულს ჩამოჰგავს:

„ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
რა ენა წახდეს,
ერიც დაეცეს...
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!.. „

„მადლობა შენდა, მადლობა შენდა, მადლობა შენდა, დიდო იაკობ!“

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG