Accessibility links

logo-print

კორუფციასთან ბრძოლა თუ მხოლოდ სახელების ცვლილება?


კოკოითის შეხვედრა ეკონომიკური უსაფრთხოების თანამშრომლებთან

კოკოითის შეხვედრა ეკონომიკური უსაფრთხოების თანამშრომლებთან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სახელმწიფო კონტროლისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტი გააუქმა და მის ადგილზე კონტროლის პალატა შექმნა.

ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი 4 წლის წინ შეიქმნა და მთავარ ამოცანად კორუფციისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა განესაზღვრა. კოკოითისთან საანგარიშო შეხვედრაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა ბატრაზ ტოკაზევმა აღნიშნა, რომ ამ ხნის განმავლობაში მილიონობით რუბლის მითვისებისა და არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტი გამოვლინდა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში კორუფციის მასშტაბები რომ დიდია, ამას არც თავად კოკოითი მალავს. ამის შესახებ რუსულ პრესაშიც ხშირად იწერება. ყველაზე გახმაურებული ფაქტი კი დე ფაქტო რესპუბლიკის აღდგენის პირველ ეტაპზე რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი 2 მილიარდი რუბლის დაკარგვა იყო. ამ ფულის ასავალ-დასავალი დღესაც გაურკვეველია.

ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში მოწვეულ სამშენებლო კომპანიებს ამოწმებდა. ამ სამსახურს კოკოითის ხელისუფლების არც ერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია. არადა, ცნობილია, რომ რუსული ფულის კონტროლს სწორედ კოკოითის მოხელეები ახორციელებდნენ. ახალი ბრძანებით კოკოითი საკონტროლო-საანგარიშო პალატას უფრო მეტ ფუნქციას ანიჭებს, ვიდრე მის წინამორბედ სამსახურს ჰქონდა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის თუ არა კოკოითის პოლიტიკური ნება? კოალიციი - „დევნილთა უფლებებისათვის“ - თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველაფერი კრემლის სცენარით მიმდინარეობს და ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას არ ნიშნავს. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები ის შავი ხვრელებია, სადაც ფულის გათეთრებაა შესაძლებელი.

ახლად შექმნილ კონტროლის პალატაში ის კადრები დასაქმდებიან, რომლებიც ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტში მუშაობდნენ. ცხინვალში უწყებებისთვის სახელების შეცვლა კორუფციას დაამარცხებს თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს.

ცხინვალელების ნაწილი მიიჩნევს, რომ კოკოითის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არჩევნებთანაა დაკავშირებული და ხელისუფლების პოპულარობის გაზრდას ემსახურება. მიმდინარე წლის ნოემბერში დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამ არჩევნებისთვის კი კოკოითი საკუთარ მემკვიდრეს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თვითაღიარებული რესპუბლიკის ამჟამინდელი გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევია, რომელსაც კოკოითისთან ნათესაური კავშირი აქვს.
XS
SM
MD
LG