Accessibility links

თბილისი კვლავაც დუმს ისრაელის გავლენიანი კომპანიის, „გლობალ სი-ეს-ტის“ (Global CST) ხელმძღვანელების სოხუმში სტუმრობის ფაქტთან დაკავშირებით. ხშირად ასევე ოფიციალური საპროტესტო რეაგირების გარეშე რჩება არცთუ იშვიათად გავრცელებული ცნობები ამა თუ იმ ქვეყნის ბიზნესმენების საქმიანობისა თუ გეგმების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე. თითოეულ ასეთ შემთხვევას, როგორც წესი, ზოგადი სახის კომენტარები მოჰყვება როგორც პოლიტიკოსების, ასევე დიპლომატების მხრიდან. რა ბერკეტებს ფლობს საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებთან უკანონო კავშირების აღსაკვეთად?

შეკითხვას, შესაძლოა თუ არა უკმაყოფილება მოჰყვეს ისრაელის „გლობალ-სი-ეს-ტის“ აფხაზეთში სტუმრობას თბილისის მხრიდან, 14 აპრილს სოხუმში კომპანიის ხელმძღვანელმა, ისრაელის შეიარაღებული ძალების გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ისრაელ ზივმა უპასუხა და თქვა, რომ უკმაყოფილება უადგილო იქნებოდა, რადგანაც მისი კომპანიის ინტერესებს აფხაზეთში საერთო არაფერი აქვს პოლიტიკასთან.

თუკი ჩვენთვის რთულია პარტნიორობა დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებსაც ერთიანი პოლიტიკა აქვთ, ისრაელს ასეთი ვალდებულებები არ აქვს...

ინკოგნიტო წყაროების გარდა, ვერავინ ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ „გლობალ სი-ეს-ტის“ სოხუმში ვიზიტი შეთანხმებულია ისრაელის ხელისუფლებასთან, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთ მსხვილ კერძო კომპანიას, რომელიც ძირითადად სამხედრო და უშიშროების პროფილით მოღვაწეობს, თვითნებური ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდება.

ისიც ფაქტია, რომ, მაგალითად, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობის უკან სწორედ პოლიტიკურ შემადგენელს ხედავს აფხაზეთის ფე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და ისრაელ ზივის კომპანიასთან თანამშრომლობას ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობასთან აიგივებს:

”თუკი ჩვენთვის რთულია პარტნიორობა დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებსაც ერთიანი პოლიტიკა აქვთ, ისრაელს ასეთი ვალდებულებები არ აქვს. ამავე დროს, ისრაელს საკმაო ავტორიტეტი აქვს დასავლეთის თანამეგობრობის ბევრ ქვეყანასთან და მზად არის გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა მოიზიდოს აქ დასავლეთის ბიზნესი... ”

ისრაელის თანამშრომლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან 14 აპრილს, ოდნავ მოგვიანებით, უარყო ისრაელის ელჩმა საქართველოში იცხაკ გერბერგმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით. ელჩი ასევე ამბობს, რომ ცალკეული კერძო კომპანიების მიერ გადადგმული ნაბიჯები ისრაელის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არ წარმოადგენს.

დაახლოებით ასეთივე დიპლომატიური კომენტარები კეთდება ხოლმე, როდესაც საქმე ეხება სხვა სახელმწიფოების, მაგალითად, იორდანიის სამეფოსა თუ თურქეთის საქმიანი წრეების საკმაოდ ხშირ ვიზიტებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იქვე აღინიშნება, რომ სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობაში, თუკი ეს კომპანია არ არღვევს ამ სახელმწიფოში მოქმედ კანონს და წესიერ გადამხდელად მიიჩნევა.
საქართველოს კანონი არ მოქმედებს ისრაელის კანონმდებლობაზე და ტერიტორიაზე არანაირა...

კერძო ფირმების შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულაც არ უკვირს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. მას თურქეთის მიერ ოკუპირებული ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ კერძო ბიზნესის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია:

”ვინც ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავა, ნახავს სხვადასხვა ქვეყნის უამრავ კომპანიას, იქნება ეს ბრიტანეთის, შვეიცარიისა თუ გერმანიის კომპანიები. თურქეთი თავისთავად იგულისხმება აქ... მაშინ კანონში უნდა ჩაწეროს თურქეთმა თუ ისრაელმა, რომ, აი, თქვენ გეკრძალებათ საქმიანობა საქართველოს ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოს კანონმა აღიარა ოკუპირებულ ტერიტორიებად... ასეთი რამ კი შეუძლებელია. საქართველოს კანონი არ მოქმედებს ისრაელის კანონმდებლობაზე და ტერიტორიაზე არანაირად...”

ერთადერთი ბერკეტი, რომელსაც ასეთი ფაქტების წინააღმდეგ ფლობს საქართველო, ეს არის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც კრძალავს ყველანაირ ბიზნეს-საქმიანობას თბილისის გვერდის ავლით. დასასჯელი რომ აუცილებლად დაისჯება, ამას ხშირად აღნიშნავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენი რადიოს მიერ 11 აპრილს ჩაწერილ კომენტარში სწორედ ამ კუთხით ამახვილებს ყურადღებას ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია:

”... ჯიბით თუ შეიტანს ვინმე ფულს - ეს პრობლემა ყველა სახელმწიფოში არსებობს, არალეგალურად თანხების შეტანა... რაც შეეხება ოფიციალურ გზებს, სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი ჩართულობის სქემები. ანუ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ იგივე გალში, ოჩამჩირეში თუ სოხუმში დაიწყოს ბიზნეს-საქმიანობა, ოღონდ ეს უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლების გავლით. სხვა შემთხვევებისთვის ჩვენ გვაქვს მიღებული კანონი, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც კრძალავს ნებისმიერ უკანონო ქმედებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ყველა ეს კანონი იქნება გამოყენებული, თუ მოხდა ამდაგვარი... ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს თურქული ბიზნესი იქნება, რუსული თუ ასე შემდეგ... ”

თუმცა რადიო თავისუფლებამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოახერხა შესაბამის სახელმწიფო უწყებებში იმის დადგენა, თუ უცხო ქვეყნის რამდენი კერძო კომპანია ან მისი მფლობელი დაისაჯა ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო საქმიანობის გამო. ისე კი, ასეთი ფაქტები ძნელად თუ ვინმეს გაახსენდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG